ხოსე მაჯინერე (გია ალავიძე) ბავშვობაში კინორეჟისორობაზე ოცნებობდა. წლები გავიდა, მაგრამ მისი ოცნება არსად გამქრალა. ერთ მშვენიერ დღეს ხოსემ კამერა აიღო და ყოველგვარი სპეციალური განათლებისა და თეორიის სწავlის გარეშე, გადაღება დაიწყო. მან არც ის იცოდა, საბოლოოდ რა გამოუვიდოდა, უბრალოდ გულის კარნახს მიჰყვა. სინამდვილეში, ბევრი რამ გამოუვიდა, თავდაპირველად ჩანახატები, შემდეგ სატელევიზიო სიუჟეტები და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სრულფასოვანი დოკუმენტური ფილმი. მისი სადებიუტო ნამუშევარი იყო ფილმი ლეგენდარული ისტორიული სახლის შესახებ, რომელიც მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობს. სწორედ ამ ფილმით დაიწყო ქალაქის არქიტექტურული ძეგლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერია.

ხოსეს თავის მშობლიურ ქალაქთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. თითქოს მასთან მუდმივ დიალოგშია და ყველაზე ღრმა ვიბრაციასაც გრძნობს. ხოსემ ბევრი ფილმი გადაიღო, მათ შორის თბილისზე, კოლორიტ თბილისელებზე და ხელოვნების მოღვაწეებზე. მაგრამ, ყველაზე უფრო, ფილმის გადაღება დიდ მისტიფიკატორსა და ბრწყინვალე რეჟისორ სერგეი ფარაჯანოვზე სურდა. პირველი ფილმის ნახვის შემდეგ იგი ფარაჯანოვის შემოქმედებით “დაავადდა” და ფარაჯანოვზე ფილმის გადაღების იდეა არასოდეს შორდებოდა. მრავალი წელი გავიდა, სანამ პირველი ფილმი „ფარაჯანოვი- სილამაზის მაესტრო“ გადაიღო. გადაღებების დროს გააცნობიერა, რომ ფარაჯანოვის შესახებ, მხოლოდ ერთი ფილმით ვერ შემოიფარგლებოდა, ამიტომ გადაღებები განაგრძო. იგი პოულობდა მაესტროს მეგობრებს, კოლეგებს, ნათესავებს. ერთ ფილმს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ასე მოგროვდა 16 ფილმი სერგეი ფარაჯანოვზე.

სასწაულები გენიოსისგან

ხოსე მაჯინერე

— ფარაჯანოვის შესახებ ფილმის გადაღებაზე ჯერ კიდევ, დაახლოებით, ათი წლის წინ ვფიქრობდი. ჯიუტად ვეძებდი სპონსორს და ვცდილობდი ჩემი იდეით დამეინტერესებინა. მაშინ წარმოდგენილი მქონდა ერთი დიდი ფილმი, რომელსაც ორ ნაწილად გავყოფდი. პირველ ნაწილს ავაგებდი იური მეჩითოვის ფოტოსურათებზე, რომლითაც ფარაჯანოვის დროინდელ თბილისს გავაცოცხლებდი და ამ უნიკალური ფოტოების მაგალითზე ვაჩვენებდი, რომ ის თბილისი იკარგება. ფილმის მეორე ნაწილი ტრაგიკომედიურ ფარსად მქონდა ჩაფიქრებული, რომელიც მაყურებელს ძალიან მნიშვნელოვან რამეზე დააფიქრებდა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს იმ გენიოსების მიმართ, რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.

მაშინდელი სცენარის მიხედვით, პირობითად, კინორეჟისორის ნეშტით ხელში კულტურის სამინისტროში უნდა მივსულიყავი. რა თქმა უნდა, იქიდან გამოგვაგდებდნენ. შემდეგ ჩემი “ტვირთით” იმ ფარაჯანოვის სახლში მივიდოდი, სადაც ცხადია, მისთვის ადგილი არ მოიძებნებოდა. ამის შემდეგ ვერის სასაფლაოზე მივიდოდი, სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალულები. დავიწყებდი მისთვის საფლავის თხრას, რათა მისი ნეშტი მიწისთვის მიმებარებინა. სასაფლაოს ადმინისტრაცია, გარდაცვლილის დამსახურებისა და რეგალიების მიუხედავად, იქიდან გამოგვაბუნძულებდა. ბოლოს ავიღებდი ამ კუბოს და წავიღებდი სომხეთში, რადგანაც მის მშობლიურ მიწაზე მისთვის ადგილი არ მოიძებნა. ამგვარი ეპატაჟური ტრიუკი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მეგობრებმა გადამაფიქრებინეს, რადგანაც მითხრეს, რომ ამას ხალხი ვერ გაიგებდა და პრობლემები შემექმნებოდა. საბოლოოდ შევჯერდი იმაზე, რომ გადამეღო საუბრები ფარაჯანოვზე.

— როგორ დაიწყო ეს გრანდიოზული პროექტი ?

— ჩემს გარშემო ყველამ იცოდა, რომ ამ დიდებულ ადამიანზე ფილმის გადაღება მინდოდა. ერთხელ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ლუიზა ნიაზიანის შესახებ მომითხრო, რომელიც ფილმის “აშიკ ქერიბის” მემონტაჟეს დამხმარე ყოფილა.

ის ქალბატონი ვიპოვე, გავესაუბრე და ჩავწერე. ლუიზა სერგოს სახლში მივიდა და იქ არსებული სასტუმროს მფლობელებს ესაუბრა. გადაღებები დავამთავრეთ. შემდეგ სპონტანურად მომივიდა იდეა, მინდოდა კადრი, სადაც ლუიზა ფერდობზე დადის და ფარაჯანოვის სახლს ეძებს. გადაღებები დავიწყეთ. ვეძებთ კარგ, გადაღებისთვის შესაფერის ფერდობს. მივდივართ ავტომობილით, გავიარეთ ერთი ფერდობი. არ მომეწონა. მეორე და მესამეზე გავჩერდით. ძალიან კოლორიტული აღმართი. ერთი მხრივ აივნები, მეორე მხრივ – აყვავებული აკაციები. ლუიზა აღმართს მიუყვება, მოულოდნელად ჩერდება და ამბობს: ხოსე, მე მგონი, დეჟავუ მაქვს. ვეუბნები: ლუიზა საშინლად ცხელა, გადაღება მალე დავასრულოთ. გადაღებას რომ მოვრჩით, ლუიზა დაღმართზე დაეშვა, მოულოდნელად ერთ აივანთან შეჩერდა. გარშემო არაჩვეულებრივად ლამაზი აივნებია. ლუიზა ზევით იხედება და ვიღაცას ეკითხება: იურა მგონიანი (აშიკ ქერიბის როლის შემსრულებელი) სად ცხოვრობდა? უცნობი პასუხობს:

— ცხადია, ვიცი, იურა ხომ ჩემი ბიძაა.

ამის გაგონებაზე გაოცება ვერ დავმალე, აივანს მივუახლოვდი და ცოცხალი აშიკ ქერიბის ახალგაზრდა ასლი დავინახე. თავად იურა, რომელმაც აშიკის როლი შეასრულა, ცოლ-შვილთან ერთად დანიაში ცხოვრობს.

მთელი დღის გადაღებებისგან დაღლილს ამ ეპიზოდმა, თითქოს დაღლა სადღაც გამიქრო. უკანა გზაზე ვფიქრობდი, აი, ხოსე, ხომ ხედავ, სერგო ყველაფერს ხედავს და მადლობასაც გიხდის, თითქოს გეუბნება: მიდი, ხოსე, იარე. სწორ გზას ადგახარ. შენ მაგ გზას გაყევი და სასწაულები ჩემზე იყოსო.

Хосе Маджинере

მითის შემოქმედი და გაყიდული ანგელოზი

— იმ დღის შემდეგ სასწაულები გაგრძელდა. (იცინის) ერთ დღეს კახეთიდან დამირეკეს. თავად მომძებნეს. ხომ ხვდებით?! თელავში ფარაჯანოვის დის შვილი ცხოვრობს, რომელსაც სერგო თავადს ეძახდა, რადგანაც გვარად მირიანაშვილია. როგორც თავად მომითხრო, მთაწმინდაზე, სერგოს სახლისკენ მიმავალ გზაზე ანგელოზის გამოსახულებიანი ბარელიეფი იდგა. სერგომ დისშვილს უთხრა, რომ სანამ ეს ანგელოზი არსებობს, თავადაც ცოცხალი იქნება და არაფერი დაემართება. როდესაც დისშვილი მასთან სტუმრად მიდიოდა, ყოველთვის ამოწმებდა ბარელიეფს. ერთ დღეს ბარელიეფი გაქრა და დისშვილმა ბიძა შეშინებულმა მოძებნა. როდესაც ჰკითხა, ანგელოზის გაქრობის ამბავი, სერგომ უპასუხა, რომ გაყიდა. ანუ, ფარაჯანოვმა შეთხზა მითი, რომელშიც ზრდასრული ადამიანი დააჯერა. ეს ერთ-ერთი ისტორიაა, რომელიც იმ პიროვნებამ სერგოს შესახებ მომითხრო. ეს აბსოლუტური ექსკლუზივია, მანამდე არასოდეს არავისთვის უთქვამს! ფანტასტიკაა!

Сергей Параджанов. Фото Юрия Мечитова

— უკვე ძალიან ბევრი რესპოდენტი ჩაწერეთ. ყველაზე ემოციურ ინტერვიუს ხომ ვერ გაიხსენებთ?

— ძალიან ბევრი საინტერესო მოსაუბრე მყავდა. თითოეული მათგანისგან ფარაჯანოვის შესახებ რაღაც ახალს ვიგებდი. ყველაზე ემოციური გამოვიდა ფილმი, დრამატული თეატრის წამყვანი რუსი მსახიობის – ვალერი ხარიუთჩენკოს მონაწილეობით. მასალა მის საგრიმიოროში ჩავწერეთ. მისთვის ეს ძალიან ემოციური აღმოჩნდა, მთელი დღე ფარაჯანოვზე და ჩვენს გადაღებაზე ფიქრობდა.

დილით, როდესაც მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, მითხრა, რომ ღამით სიზმარი ნახა: ხელში სამი კარტოფილი ეჭირა და რომელიღაცა სახელმწიფო დაწესებულების შენობაში შევიდა. ან საავადმყოფო იყო, ან მოხუცთა თავშესაფარი. ვალერი შენობაში შევიდა, დერეფანი გაიარა და დაინახა დიდი ოთახი, სადაც მრავალი საწოლი იდგა. ფარაჯანოვი ერთ-ერთ საწოლზე იჯდა და ვალერის მისვლა ძალიან გაუხარდა. სერგომ ვალერი ერთ-ერთ საწოლზე დასვა, კარტოფილი გამოართვა და საუბარი დაიწყეს. მსახიობი სიზმრის მოყოლისას სარკეში იყურებოდა და თვალს არ აცილებდა. ძალიან კარგი კადრი გამოვიდა. სიზმარში ფარაჯანოვმა უთხრა, რომ მას თავი ძალიან სტკიოდა. შემდეგ ხარიუთჩენკო, რომელიც ახალგაზრდობაში ექსტრასენსით იყო გატაცებული, ვითომ რეჟისორს თავზე მოეხვია. ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხა, თუ თავს როგორ გრძნობდა. სერგომ უპასუხა, რომ თავი აღარ სტკიოდა, თუმცა სილამაზეს ვერ გრძნობდა. ამის მოყოლისას ვალერი ისე იყურებოდა სარკეში, რომ თითქოს სერგოს ელაპარაკებოდა და თან წარმოსახვით მისი თავი ეჭირა.

— სერგომ გამიღიმა, — ვალერი ცოტა ხნით გაჩუმდა და შემდეგ განაგრძო – ფარაჯანოვისგან მხოლოდ ეს დამრჩა.

— ეს ფინალია, შემდეგ ისმის მოცარტის რექვიემი. როდესაც ვალერიმ თქვა, რომ მაესტრო სილამაზეს აღარ გრძნობს, შოკში ჩავვარდი. რადგან მივხვდი, რომ ფარაჯანოვმა, მისი ხელოვნებისადმი დღეს არსებული დამოკიდებულების გამო, სილამაზის შეგრძნება დაკარგა. ეს ალბათ ყველაზე უარესია, რაც შეიძლება შემოქმედს დაემართოს…

სერგო ფარაჯანოვი. იური მეჩითოვის ფოტო

— რა მიზანს ისახავს თქვენი გრანდიოზული პროექტი?

— თითოეული ჩემი ფილმი, თითოეული ნაბიჯი,პირველ რიგში, ფარაჯანოვის სახლის, კულტურული ცენტრის და მუზეუმის გახსნას უკავშირდება. ადრეც ვთქვი, რომ ჩემს ცენტრს მთელ ჩემს მასალასა და ფილმებს უსასყიდლოდ გადავცემ. იქ კინოსტუდიას გავხსნიდი, სადაც ბავშვებს კინოს დიდ საიდუმლოებას ვაზიარებდი. ხელმოწერები შევაგროვე ყველა იმ რესპონდენტისგან, ვინც ინტერვიუზე დამთანხმდა. განცხადება დავწერე და ყველა დოკუმენტი კულტურის სამინისტროში მივიტანე. ჯერჯერობით, შედეგი არ არის. ამდენი ენერგია დავხარჯე ამ წერილების წერასა და პასუხის მოლოდინში, რომ მივხვდი, უკეთესი იქნებოდა, თუ ენერგიას ფარაჯანოვის შესახებ ფილმების გადაღებაზე დავხარჯავდი. ასეთი ცენტრი, იქნებ, ოდესღაც გაიხსნას კიდევაც.

არ ვიცი, მეყოფა თუ არა მთელი ჩემი ცხოვრება იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ბოლომდე მივიყვანო. ეს ისტორიები, ერთმანეთის მიყოლებით იბადებიან და დასასრულიც არ უჩანს. მივხვდი, ფარაჯანოვის სული თბილისშია, მაგრამ დასამკვიდრებლად ადგილი არ აქვს. სად უნდა მივიდეს ხალხი… სად იმოქმედოს ფარაჯანოვმა ხალხზე თავისი ხელოვნებით… ან სად განაგრძოს ხალხმა მისი საქმე… იგი ადგილს ეძებს და ახლაც ძიებაშია…

ეკატერინე მინასიანი