გერმანულენოვან გაზეთში “Süddeutsche Zeitung” სტატია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრობს. სტატიის “ერთადერთი რეალობა – უსაფრთხო ვარიანტი – საქართველო ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის”, ქართულ ვერსიას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სადაც ასევე საუბარია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც მხოლოდ მთავრობის წევრებთან შეხვედრებს არ ითვალისწინებდა და სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იმედოვნებს, რომ დაპირება, რომელიც ნატოსგან მიიღეს შესრულდება და 2016 წლის ვარშავის სამიტიდან საქართველოს დელეგაცია კმაყოფილი დავბრუნდება. თუმცა, ხიდაშელს აშფოთებს ის ფაქტი, რომ ვარშავაში ნატომ შესაძლოა ფოკუსირება მოახდონოს მხოლოდ მისი წევრების დაცვაზე და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ დახმარებაზე.

“თუკი ვარშავა იქცევა მეხუთე მუხლის სამიტად, მდგომარეობა ნატოს უახლოეს სამეზობლოში შესაძლებელია მკვეთრად გაუარესდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ერთგვარი ვეტო ექნება ნატოს გადაწყვეტილებებზე”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მიმართ დაპირება ბუნდოვანი იყო. ბუქარესტის სამიტზე ლიდერები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა “ნატოს წევრები გახდებიან”. მოგვიანებით, უკრაინამ გაწევრიანებაზე უარი განაცხადა. გაწევრიანების კონკრეტული გეგმის მინიჭებაზე საქართველომ უარი მიიღო. “ლიდერებმა MAP-ზე უარი თქვეს ბუქარესტში იმიტომ, რომ მათ რუსეთის მოსალოდნელი რეაქციის შეეშინდათ”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი აზრით, ნატოს გაფართოება საუკეთესო საშუალება იქნებოდა აგრესიის წინააღმდეგ.

Süddeutsche Zeitung-თან თავდაცვის მინისტრი საუბრობს ნატოსთან დაახლოების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. კერძოდ, ალიანსთან დაახლოების მიზნით საქართველომ მოახდინა შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და ენთუზიაზმით მონაწილეობს ნატოს მისიებში. ავღანეთის მისიაში საქართველომ იმაზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, ვიდრე ნატოს რომელიმე არაწევრმა ქვეყანამ. ახლა მინისტრი ხიდაშელი იმედებს ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ამყარებს.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამიტიდან უფრო ძლიერები დავბრუნდეთ, ვიდრე დღეს ვართ”, – აცხადებს იგი.