საქართველოში სპორტული აზარტით ელოდებიან 28 ნოემბერს. ქვეყნის მოსახლეობამ მეშვიდედ და საბოლოოდ უნდა გააკეთოს არჩევანი და ნდობა გამოუცხადოს საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს.

2018 წელი ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც პირველი და შესაძლოა ერთადერთი შემთხვევა, როცა პრეზიდენტის არჩევას, არჩევნების ორი ტური დასჭირდა. მიზეზი მრავალია, მათ შორის უმთავრესი, თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ინერტულობა. როცა შენი მთავარი მოწინააღმდეგე სახელგატეხილი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, შეგიძლია წინასაარჩევენო კამპანიისთვისაც კი არ გაისარჯო. ხალხი მაინც არ დაუშვებს პირსისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას და შენს გასაკეთებელს გააკეთებენ. როგორც ჩანს ქართული ელექტორატის ფენომენი ბოლომდე ამოუცნობი დარჩათ “ნაციონალურ მოძრაობასაც” და “ქართულ ოცნებასაც”. სამაგიეროდ ხალხის მაჯისცემას ზუსტად გრძნობენ პატრიოტული ძალები.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ხელისუფლებას ამ არჩევნებში არ ჰყავს საკუთარი კანდიდატი, მაგრამ მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. 28 ნოემბერს გადამწყვეტი ბრძოლა იქნება. ამომრჩეველს მხოლოდ სამი არჩევანი აქვს, N5 – გრიგოლ ვაშაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების წინაპირობად და ქვეყნის მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანად განიხილება; N48 – სალომე ზურაბიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” ფავორიტი და იმავდროულად ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის შეურიგებელი მოწინააღმდეგეა; ხმა არავის, რაც თავისთავად ნიშნავს გრიგოლ ვაშაძისთვის მიცემულ ხმას.

მეორე ტურის პრინციპის თანახმად, 28 ნოემბერს ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინც პროცენტულად მეტ მაჩვენებელს დადებს. ამდენად, ნაგვის ურნაში მოსროლილი ყოველი ხმა, “ნაციონალური მოძრაობის” კალათში ჩავარდება. ეს კარგად ესმით მმართველ პარტიაში და მოსახლეობას მოუწოდებენ მაქსიმალურად იაქტიურონ არჩევნების დღეს.

“შენი ხმა სჭირდება საქართველოს”, – მოუწოდებს ხელისუფლება ხალხს.

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა დაინახეს რა ქვეყნის “ნაციონალურ” წარსულში დაბრუნების საშიშროება, ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს და თავიანთი მომხრეების მობილიზება დაიწყეს.

“პატრიოტთა ალიანსის” მრავალათასიანი აქციები გაიმართა ბათუმსა და თბილისში. როგორც ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს დღეს, ირჩევს ხალხი და არა “ქართული ოცნება”, ამიტომ ის იქნება პასუხისმგებელი მოსახლეობასთან და არა ხელისუფლებასთან. ამგვარად ინაშვილმა მიანიშნა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ იმ განაწყელებული 53%-ის მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც არ მივიდნენ არჩევნების პირველ ტურზე, პრეზიდენტის სავარძელს მხოლოდ სიზმარში თუ ნახავს, და რომ “ხალხის ღალატი” ძვირად დაუჯდებათ.

“პატრიოტთა ალიანსის” მიტინგს ესწრებოდა ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომელმაც Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, რომ 25 ნოემბრის მიტინგი ერთგვარი კულმინაციაა. იმ ვითარებაში, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, თუნდაც 90 000 ადამიანის აქციაზე გამოყვანა, ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ სურს რევანშისტული ძალების მოსვლა ხელისუფლებაში.

Вахтанг Маисая

“მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის გამოასწორებს თავის შეცდომებს და უკეთ მიხედავს თავის მოწინააღმდეგეებს. რამდენად წაადგა, მისი ჩვეული რიტორიკა მის მომხრეებს, ეს სხვა საკითხია. უკვე ფაქტია, რომ ის არის “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი. მან გამოიყენა უკრაინული მოდელი და დიდი იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში გაუვიდოდა ის, რაც უკრაინაში არ გაუვიდა”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში ​სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რამდენპროცენტიანი სხვაობით განისაზღვრება ეს გამარჯვება. იქნება 5%-იანი, 10%-იანი თუ მეტი, ამაზეა დამოკიდებული მოვლენების შემდგომი განვითარების ტენდენცია. მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ექსპერტის აზრით, ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია.

“ნაციონალური მოძრაობა” აქტიურად ემზადება არჩევნების გაყალბების სცენარისთვის. ეს ის სცენარია, რომელიც წარმატებით გათამაშდა 2003 წლის, ნოემბერში, “ვარდების რევოლუციის” დროს. სწორედ არჩევნების გაყალბების საბაბით გამოიყვანა მაშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხალხი და დაამხეს ხელისუფლება. გათამაშდება თუ არა ამჯერად იგივე, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.

ვახტანგ მაისაიას თქმით, დასავლეთის ყურადღება საქართველოს არჩევნებისკენ ახლა მომართულია იმ თვალსაზრისით, შეძლებს თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატი გამარჯვებას.

“2012 წლის არჩევნების დროსაც კი არ ყოფილა ასეთი მძიმე წინასაარჩევნო ფონი. ყველას გვახსოვს არჩევნების პერიოდში და მერე, ახალაიების ხელმძღვანელობით, მაშინდელი ხელისუფლების შეიარაღებულმა ძალებმა რომ დაიწყეს დარბევები და საარჩევნო ყუთების გატაცებები. მაშინ ეს პროცესი აშშ-სა და ჰოლანდიის ელჩების ჩარევით შეჩერდა. დღეს არსებული მძიმე ფონის გათვალისწინებით, 5 %-იანი განსხვავებაც კი საკმარისი იქნება შედეგების ლეგიტიმაციის მაჩვენებლად”, – მიაჩნია ვახტანგ მაისაიას.

არჩევნების პირველი ტურიდან მეორემდე, საქართველომ თითქმის დანის პირზე გაიარა. იყო მცდელობა დაპირისპირება შეეტანათ, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე კერძო სექტორი დაეპირისპირებინათ სახელისუფლებისთვის. ვახტანგ მაისაიას შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობაზე, შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ პროცესებში ჩაეთრიათ, დროული და პოზიტიური ნაბიჯი ჰქონდა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. მან სამხედროებს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისთვის. ექსპერტის შეფასებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა აშკარა იყო.

Петре Момрадзе

პოლიტოლოგი ​​პეტრე მამრაძე, Dalma News-სთან საუბრისას “ვარდების რევოლუციის” შემდგომ მოვლენებს იხსენებს:

“ზღვა ხალხში მიდიოდა სააკაშვილის “ჯიპი”. ხალხი “მიშა, მიშას” გაიძახოდა, ლამის ხელით მიჰქონდათ მისი “ჯიპი”. ამ დროს ავტომობილში სააკაშვილთან ერთად კირკიტაძე იჯდა, რომელმაც თქვა, – ჩვენ რომ გვიხარია, გასაგებია ტო… ქვეყანა ხომ ჩვენია და მთელი მაყუთი ჩვენს ხელში იქნება. მაგრამ ამ უბედურებს რა უხარიათ? მანქანაში იჯდა ბიჭი, რომელსაც რევოლუციის დღეს ვარდების მიტანა დაევალა და ის აღმოჩნდა მაშინ სააკაშვილის ჯიპში”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

მისი თქმით, ქართველი ხალხის მიმართ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების დამოკიდებულება ყოველთვის აგდებული იყო და არასდროს შეცვლილა. ხალხს ისინი ყოველთვის განიხილავდნენ როგორც ბრბოს და საუბრის ის მანერაც, რაც ბოლო დღეებში ისმის გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებში, მათთვის ჩვეული ლექსიკაა.

მეორე მხრივ, პეტრე მამრაძე “ქართული ოცნების” შეცდომებზე საუბრობს, რაც არჩევნების პირველ ტურში მათი კატასტროფული მარცხით დადასტურდა. ჩაფლავდა მთელი მათი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით სთხოვს ხალხს კიდევ ერთ შანსს, რომ ნუ დასჯიან ქვეყანას მმართველი პარტიის შეცდომების გამო.

პეტრე მამრაძის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიაში უხეში შეცდომები იყო დაშვებული. თუმცა თანდათან, შესაძლოა, იმის გამო, რომ პროფესიონალი იმიჯმეიკერები და პოლიტტექნოლოგები დაიქირავეს, მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდა. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის მიერ მართული ნაციონალები ჭეშმარიტად ნეობოლშევიკურ კამპანიას განაგრძობენ. ვაშაძის კამპანია აგებულია ოპონენტის ლანძღვაზე, ნეგატივზე, ტყუილზე. ამ ფონზე, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ისინი, ვინც არ მივიდნენ არჩევნების პირველ ტურში, დღეს ამბობენ, რომ მოსწონთ თუ არა ზურაბიშვილი, მაინც N48-ს შემოხაზავენ.

როგორც პეტრე მამრაძემ Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, ის პირადად ესაუბრა ადამიანებს, რომლებიც არჩევნების პირველ ტურში მივიდნენ და ყველა კანდიდატი გადახაზეს პროტესტის ნიშნად, ან “ოცნებაზე” გაბრაზებულებმა N5 შემოხაზეს იმის გამო, რომ ეგებ ჭკუა ვასწავლოთ ხელისუფლებასო. ეს ყველაფერი ერთად შეკრებილი, მამრაძის შეფასებით, იძლევა იმის ბაზას, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, არანაკლებ 10%-ით.

“ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ “ოცნების” მხრიდან ამ დღეებში კიდევ არ იქნება დაშვებული ისეთი შეცდომა, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს არჩევნებზე. იმედია, ეს აღარ მოხდება”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

ამასობაში ტელეკომპანიები “რუთავის 2” და “იმედი”, სოციოლოგიური კვლევების შედეგებს აქვეყნებენ, სადაც ხან ვაშაძე ლიდერობს, ხან ზურაბიშვილი. სოციალური ქსელიც ლამის ააფეთქა ვირტუალურმა რეიტინგებმა. სოციოლოგ მერაბ ფაჩულიას აზრით, საქართველოში ქალი პრეზიდენტად, მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს არ სურს და ეს ვითარება უკრაინაში იულია ტიმოშენკოს მაგალითს შეადარა, თუმცა მეორე ტურში ვითარება შეიცვალა და დიდია შანსი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალი გახდეს და 52%-ზე მეტი ხმა მიიღოს.

რამდენად გულმავიწყია ქართველი ამომრჩეველი, ამას მალე გავიგებთ, მაგრამ უსამართლობასა და ღალატზე ყოველთვის რომ რეაგირებენ, ეს გაკვეთილი ყველამ კარგად უნდა გაითავისოს.

შორენა პაპაშვილი