ცნობილ ქართველ ლიტერატურათმცოდნეს, კრიტიკოსს, ფოლკლორისტის, ირანისტს, მთარგმნელს, იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტ ვახუშტი კოტეტიშვილს წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.

მან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სიტყვის გადარჩენას, საქართველოში მიმოფანტული განუმეორებელი ქართული ფოლკლორის მარგალიტების ძიებასა და შეგროვებას შეალია.

ვახუშტი კოტეტიშვილი იყო საქართველოს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე; საქართველო–აზერბაიჯანის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; ფოლკლორისტული კლუბი „ჯავარის“ პრეზიდენტი.

“მოდით, ჩავხედოთ ჩვენი ფოლკლორის უსასრულოდ ფერადოვან სამყაროს და მისგან ვისწავლოთ ბევრი რამ, რაც არ ვიცით, ან რაც ვიცოდით და დაგვავიწყდა: თუნდაც ღირსება, თუნდაც ერთგულება, თუნდაც სიყვარული…”, – ეს სიტყვები ვახუშტი კოტეტიშვილს ეკუთვნის.

სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული. მისი პოპულარული თარგმანებია: ომარ ხაიამის “რობაიათი”, ჯამის “ლირიკა”, ჰაფეზის “ლირიკა” და სხვა. გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში იმართებოდა.

2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი ირანულიდან, ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.

ვახუშტი კოტეტიშვილი 2008 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. “ვახუშტი კოტეტიშვილმა თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით შექმნა სამყარო, რომლის მსგავსი აღარასოდეს განმეორდება მისი ერთადერთობის გამო”, – დაწერეს მისმა კოლეგებმა.