პოლიტიკური ძალა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საქართველოს 9 წლის განმავლობაში მართავდა, 2012 წელს ცივილური არჩევნებით შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების არაძალადობრივი და რევოლუციური გზით შეცვლის პრეცედენტი 4 წლის წინათ შეიქმნა. ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ ოპოზიციაში გადაინაცვლა და კვლავაც იბრძვის სახელმწიფო მართვის სადავეებთან მოხვედრისთვის, 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას და მთავრობის სრულად დაკომპლექტებას აპირებენ. პარტია, რომლის “ანგარიშზეც” წარმატებულ რეფორმებთან ერთად, უამრავი შეცდომა და რეზონანსული საქმეა, ამჯერად ამომრჩეველს ეკონომიკურ ცვლილებებს და მშვიდობიან პოლიტიკურ ცხოვრებას ჰპირდება. რამდენად გასაოცარი არ უნდა იყოს, მათ წინასაარჩევნო გეგმაში ისეთი ცვლილებების საჭიროება მოხვდა, რომელიც მათი ხელისუფლების დროს დაკანონდა.

1161f056ab07d2750bd2c7416bec66f2რა დასკვნები გამოიტანა “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარსული შეცდომებიდან, როგორ აპირებენ პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიება და როგორი იქნება მათი საგარეო პოლიტიკა, ამის შესახებ Dalma News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კანდელაკი ესაუბრა.

– მთავარი ჩვენი ფოკუსი არის ეკონომიკა და გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მიზანიც ამ გეგმის ხალხამდე მიტანაა. გეგმა მოკლედ შეიძლება სამ პუნქტად დავყოთ. პირველ რიგში ვაპირებთ გადასახადების შემცირებას და ამისთვის კონკრეტული განრიგი და გეგმა გვაქვს. საშემოსავლო გადასახადს 10 %-მდე შევამცირებთ, მოგების გადასახადს საერთოდ გავაუქმებთ, ასევე გადაიდგმება მთელი წყება ნაბიჯებისა, რაც სრულებით სხვა რეალობას შექმნის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მოხდება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. გარკვეული თანხის ქვემოთ, საგადასახადო დარღვევისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა აპატიმრებდნენ ადამიანს. გაიზრდება დღგ-ს დაბეგვრის ბრუნვა, დღეს არის 100 ათასი ლარი, მომავალში 200 ათასი ლარი იქნება. ერთი სიტყვით ეს პრინციპულად სხვა რეალობას შექმნის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის ეკონომიკის ხერხემალია. არჩევნების შემდეგ ერთ თვეში შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს და გამოთავისუფლებული თანხით პენსია 50 ლარით დაუყოვნებლივ გავზარდოთ. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მთავრობამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ბიუროკრატიული ხარჯები და დღეს მთავრობა ღირს ბევრად ძვირი, ვიდრე ადრე.

– უსარგებლო ხარჯებში რა იგულისხმება, გაბერილი შტატები, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა?

– ისიც და არაფრის მომცემი პროგრამების დაფინანსება. მაგალითად, კულტურის მინისტრის მოადგილისთვის შექმნილი “ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი” მერიაში, რომელიც რას აკეთებს არავინ იცის, მაგრამ ამ აპარატს აქვს თავისი ხარჯი, რომელიც არავის არაფერში სჭირდება. ჩვენი აზრით უსარგებლო პროგრამების ნუსხა შევადგინეთ, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავაუქმებთ. ასევე შეიცვლება სახელმწიფო სამსახურში ადამიანის აყვანის ზოგადი პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს კონკურსებზე დაფუძნებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს, დღე კი ნეპოტიზმი ყვავის, ხშირ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც გაივლიან კონკურსს, არ აჰყავთ სამსახურში და ასაქმებენ იმას, ვინც გამოცდებში ჩაიჭრა, მაგრამ არის ვიღაცის ნათესავი, ან მეგობარი.

– ვის მიმართ გეგმავთ ხისტი პოლიტიკის გატარებას?

– ჩვენ ვაპირებთ მოვხნათ ის ეჭვები, რაც არსებობს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ის შიშები, რომ დავიწყებთ შურისძიებას, ანგარიშსწორებას, დაჭერებს და ასე შემდეგ. მომავალ მთავრობას ამის დრო არ ექნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ ციკლიდან. ხელისუფლების დაკარგვა არ უნდა ნიშნავდეს ავტომატურად ციხეში წასვლას, როგორც ეს სამწუხაროდ დღეს არის.

– ანუ შურისძიებას არ აპირებთ?

– რა თქმა უნდა არა. ბევრი დანაშაული დღესაც ხდება, მაგრამ, ჩვენ ვიპოვით სამართლებრივ გზას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც დღეს თანამდებობაზეა, ციხეში არ ჩავსვათ. ეს ემსახურება ამ შიშის მოხსნას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სიხისტის თემა, ამიტომ ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა შევიმუშავეთ, რაც ეხება სასამართლოსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც და სამართალდამცავ ორგანოებსაც. ჩვენი რეფორმის პაკეტის არსი ერთ წინადადებაში ნიშნავს, ძალიან კარგი კონტროლის მექანიზმების დანერგვას. გასულ წლებში ჩვენ დიდი პროგრესი განვიცადეთ, დავამარცხეთ ორგანიზებული დანაშაული, დავამარცხეთ კანონიერი ქურდები. ავტომობილებს აღარ კეტავდა ხალხი. გავატარეთ პოლიციის ძალიან სერიოზული რეფორმა, როდესაც შევამცირეთ შტატები, მაგრამ გავზარდეთ ხელფასები. პოლიცია დღეს ქრთამს რომ არ იღებს, ეს “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა. მაგრამ კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმების სისუსტის გამო, ხდებოდა გადაცდომები. ჩვენი პროგრამის არსია, გავაუმჯობესოთ რაც იყო კარგი და რაც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს და შეცდომები გამოვასწოროთ.

– რა იყო ძირითადი შეცდომა?

– პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ინსტანციებში, რამდენიმე წლით მოვიწვევთ უცხოელ მოსამართლეებს იმ ქვეყნებიდან, სადაც დამოუკიდებელი სასამართლოს საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. მეორე – გავაფართოვებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს. ჩვენ შემოვიღეთ ეს, მაგრამ ამ ინსტიტუტის გაფართოება შეაჩერა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ. ყველა სისხლის სამართლის საქმე უნდა მოიცვას ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა, როდესაც ხალხი მონაწილეობს მართლმსაჯულებაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე – შემოვიღებთ სასამართლო მარშალის ინსტიტუტს, რომლის კომპეტენცია იქნება არა მხოლოდ წესრიგის დაცვა სასამართლოში, არამედ მოსამართლეზე ზემოქმედების გამოძიება. დღეს არ იძიებენ მოსამართლეების მიმართ ზემოქმედებისა და შანტაჟის ფაქტებს. მანდატურს უნდა მიენიჭოს გამოძიების სრულფასოვანი ფუნქცია. თუ მოსამართლეზე ვინმე ცდილობს ზემოქმედებას, ბრალის წარდგენა უნდა შეეძლოს სასამართლო მარშალის ინსტიტუტს.

ვაპირებთ სუსის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური), როგორც პოლიტიკური პოლიციის გაუქმებას და შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მეტი დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს. სამართალდამცავ სფეროში ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები უნდა არსებობდეს, ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება საპარლამენტო კონტროლი.

– 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყავით, ახლა ვხედავ, რომ სხვა მიმართულებით აკეთებთ აქცენტებს. როგორც ვხედავ სხვა ეტაპზე გადავიდა თქვენი პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ხომ არ გიშლით ხელს ხელისუფლებაში ყოფნის ის პერიოდი, ამომრჩეველში ნდობის მოპოვებაში?

– უფრო არა, რადგან ის წლები, აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს უნარი გადავჭრათ პრობლემები, ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ გადავჭერით: ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია და მექრთამეობა თუნდაც უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე, რაც საქართველოში თაობების ტრაგედია იყო. ჩვენ აღარ ვართ ხელისუფლებაში, მაგრამ არსად არავინ ქრთამს აღარ იღებს. ჩვენ გარდატეხა შევიტანეთ ამ ვითარებაში. ინფრასტრუქტურა იქნება, საჯარო სერვისებში კორუფციის აღმოფხვრა და გამარტივება, ნებართვები და ლიცენზიები, სადაც ხალხს აწვალებდნენ, ძალიან ბევრი პრობლემა ჩვენ გადავჭერით და ეს გვანიჭებს რეპუტაციას, როგორც პრობლემების გადამჭრელი ძალის. იმედი მაქვს, რომ ამას ხალხი დააფასებს. მაშინ ყველაზე მწვავე ეს პრობლემები იყო, ახლა ხალხის მოთხოვნა სხვა არის. ყველა პარტიის წინასაარჩევნო გეგმები უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რაც ხალხში არსებობს. ჩვენს ნეგატიურ გამოცდილებასაც დღეს არსებული პრობლემების გააზრებას ვუსადაგებთ. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკა და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ დღეებში გამოქვეყნდა NDI -ის კვლევები და კოლოსალურად შემცირდა იმ ხალხის რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

– მაგრამ ხომ არსებობს გარეშე ფაქტორები, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რამდენად ითვალისწინებთ ამ ფაქტორებს თქვენი პარტიის ეკონომიკური პროგრამის შედგენისას, ხომ არ მოგიწევთ შემდგომ ამომრჩეველთან თავის მართლება?

– რაც შეეხება გლობალურ ფაქტორებს, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელიც 2009 წელს იყო, 2012 წელს უკვე ფაქტობრივად დაძლეული იყო და ისეთი დადებითი ეკონომიკური ზრდის გარემო, როგორიც არის დასავლეთში და მთელს მსოფლიოში, დიდი ხანია არ ყოფილა 2009 წლის შემდეგ. ახლა არ არის კრიზისი არც ევროკავშირში, არც აშშ-ში, არც ფინეთში და არც თურქეთში, ეს ვერ გამოდგება თავის გამართლების საშუალებად. ამ ყველაფრის შემფასებელი არის ხალხი არჩევნებზე. ბევრი მარტივი ციფრი მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე, ეს არის საგარეო ვალის რაოდენობა მშპ -სთან მიმართებაში. “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო შიდა ძვირი და მოკლევადიანი ვალების აღება, იმიტომ, რომ 2014-15 წლებში ბიუჯეტში 500 მლნ-ის გარღვევა ჰქონდათ, ბრუნვები შემცირდა და ვითარება უკან-უკან წავიდა.

– რომელ პოლიტიკურ ძალასთან გეგმავთ არჩევნების შემდგომ,ან არჩევნებამდე თანამშრომლობას?

– ჩვენ ვაპირებთ გავიმარჯვოთ არჩევნებში და მთლიანად ჩვენ ჩამოვაყალიბოთ მთავრობა. ზოგად თანამშრომლობას რაც შეეხება, გვაქვს თანამშრომლობის, მხოლოდ ორად-ორი კრიტერიუმი: პირველი, რომ პოლიტიკური ძალა არ უნდა იყოს შეკრული ბიძინა ივანიშვილთან და არ უნდა თანამშრომლობდეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მეორე, უნდა იყოს პროდასავლური.

– ალბათ, საკუთარი პარტიის შესაძლებლობები უკვე პროცენტებშიც გაქვთ გამოთვლილი, რა რაოდენობის მანდატს აიღებთ ახალი მოწვევის პარლამენტში?

– პროცენტებზე საუბარი ძნელია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ არჩევნებში ვაპირებთ გამარჯვებას, ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, ჩვენ გვაქვს პრობლემების გადაჭრის გამოცდილება. მორგებული ვართ საზოგადოების ამჟამინდელ მოთხოვნებზე. რაც მთავარია, გვაქვს ძალიან კარგად მომუშავე პარტიული ორგანიზაცია, ასობით და ათასობით მოხალისე გვყავს, რომლებიც უფასოდ მუშაობენ ჩვენი კამპანიის ფარგლებში და სწორედ ამიტომ, გვაქვს გამარჯვების ძალიან დიდი რწმენა.

– ეროვნული უმცირესობების პრობლემები რამდენად არის გათვალისწინებული თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში?

– ჩვენ გვყავს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები დეპუტატობის კანდიდატებად და თითოეული მათგანი არის მაგალითი იმისა, თუ რა ფასეულობებს ასხივებს “ნაციონალური მოძრაობა”. გარდა იმისა, რომ ყველა მათგანი შესანიშნავად საუბრობს ქართულად, რამდენიმე რეგიონში პირველი პრეცედენტია, როცა რომელიმე დიდი პარტიის კანდიდატი, ასე გამართულად საუბრობს სახელმწიფო ენაზე. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიღწევა, როდესაც საქართველო, როგორც თანამედროვე პროგრესული სახელმწიფო გახდა მიმზიდველი იდეა. მანამდე ეს ასე არ იყო. გარდა გზისა და რკინიგზისა, ძალიან მნიშვნელოვანია რა იდეებს ემსახურება პარტია. ჩვენი წევრები, რომლებიც არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც მიიღეს განათლება და სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება. ვინ იფიქრებდა 1990-იან წლებში, რომ ოდესმე დადგებოდა დრო საქართველოში, როდესაც საბაჟოზე ქრთამს არ აიღებდნენ. ხელისუფლებაში აღარ ვართ, მაგრამ ეს ისევ ასეა და ამ ახალგაზრდებმა მიიღეს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მათ სურთ ამ სახელმწიფოს მშენებლობაში მონაწილეობა, სადაც ეთნიკურ წარმოშობას არ აქვს მნიშვნელობა და, სადაც მთავარია ლოიალობა მოდერნული საქართველოს მიმართ. საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რას ვაპირებთ ჩვენ ეროვნული უმცირესობების სფეროში, არიან თავად ეს კანდიდატები. არსენ კარაპეტიანი ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ეს არის საოცარი ნახტომი ამ რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ასეთი კანდიდატი არსებობს. ახმედ იმანპულიევი, სამირა ისმაილოვა, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მალე ეროვნული მნიშვნელობის ფიგურები გახდებიან.

– ყველა ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ ეროვნული უმცირესობების ხმები მათ ჯიბეში აქვთ. იცვლება ეროვნული უმცირესობების მიმართ მიდგომა?

– ეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დადებითი მემკვიდრეობაა, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა დაიწყეს ოპოზიციის, ამ შემთვევაში ჩვენი მხარდაჭერა. განსაკუთრებით სოფლებში, სადაც მოდერნიზაციამ ნაკლებად შეაღწია, მთავრობა ცდილობს ძველი მეთოდები ამუშაოს, მაგრამ ახალგაზრდები “ნაციონალურ მოძრაობას” ხედავენ, როგორც პროგრესისა და პერსპექტივის მომტან გუნდს. ჩვენ შემოვიღეთ ეროვნული უმცირესობებისთვის მისაღებ გამოცდებზე ქვოტირების სისტემა დროებით. 2010-11 წლებში 300-400 %-ით გაიზარდა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მოხვედრა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. უნარების ჩაბარება შესაძლებელი გახდა ეროვნული უმცირესობების ენებზე. ამიტომ ახალგაზრდობა ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში წამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად.

– როგორ აპირებთ საქართველო -რუსეთის ურთიერთობების მოგვარებას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

– ბევრი ამბობს, რომ ჩვენ ვიქნებით კომფროტაციულები რუსეთის მიმართ, არავითარ შემთხვევაში. პირიქით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთთან პრაგმატული შეთანხმების მიღწევა, რისი მაგალითიც იყო რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების შეთანხმება. ეს მოლაპარაკებები წარმატებით ჩაატარა ჩვენმა მთავრობამ, როცა რუსეთმა ფაქტობრივად აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მართალია ამ შეთანხმებას ახლა არ ახორციელებს საქართველოს მთავრობა სამწუხაროდ და ვმო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, როკის გვირაბსა და ფსოუზე საბაჟო კონტროლის საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ დაწესებას დასთანხმდა. საქართველომ იმ ინერციით მაინც განიცადა პროგრესი ამ წლების განმავლობაში. საერთაშორისო კონიუქტურაც იცვლება და რუსეთთან ძალიან პრაგმატულ ურთიერთობას ვაპირებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ევროატლანტიკური კურსი არ გადაიხედება, იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს აჩვენა 2008 წლის რეფერენდუმმა.

– რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას, როგორ შეაფასებთ?

– “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მთელი ფსონი დადო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, მათ ბევრად მეტი მნიშვნელობა მიანიჭეს, გადაგვარჩენსო. ეს ბევრმა ბიზნესმენმა დაიჯერა, მიაწყდნენ რუსეთის ბაზარს და როცა ჩამოიშალა რუსეთის ბაზარი, უამრავი ქართული ბიზნესი გაკოტრდა. მეტ დროს უთმობს მთავრობა რუსეთის ბაზრის რეკლამირებას, ვიდრე ევროკავშირის ბაზრის, რომელიც არის ბევრად უფრო დიდი, სტაბილური და პოლიტიკურ კონუქტურაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ მივაღწიეთ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან. ჯობია, რომ სახელმწიფო სახსრები დაიხარჯოს ჩვენი ექსპორტიორების, თუ პოტენციური ექსპორტიორების განათლებაზე, თუ როგორ შევიდეთ ევროკავშირის ბაზარზე და რა მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. იყოს რუსეთის ბაზარი ღია, ცუდი არ არის, მაგრამ ის გამოირჩევა არასტაბილურობით და მასზე მთავარი ფსონი არ უნდა დაიდოს. ყველა ქვეყანა ცდილობს, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების მინიმალიზაციას.

– აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

– მას გავაუქმებთ და რუსეთთან დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ, ჟენევის ფორმატში გაგრძელდება.

– საქართველოს რეგიონული ფუნქცია. როგორი იქნება ურთიერთობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან?

– ამ მხრივ, ჩვენი წარსული პოლიტიკისგან დიდი ცვლილებები არ გვექნება. საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც იქნება ყველაზე უფრო გახსნილი ამ რეგიონში და ის ადგილი, სადაც ყველაზე ადვილად შეიძლება ბიზნესის კეთება, რაც მოგვიტანს შემოსავალს. მაგალითად ავტომობილების ბიზნესი. ჩვენ ავტომობილებს არ ვაწარმოებთ, მაგრამ ყველაზე დიდი ექსპორტიორები ვართ, იმიტომ, რომ მარტივად შეიძლებოდა ბიუროკრატიული პროცედურების გავლა კორუფციის გარეშე. ვაპირებთ ეს მიდგომა გავაძლიეროთ.

– როგორი შეაფასებთ იქნება საქართველო-თურქეთის ურთიერთობას?

– საქართველო-თურქეთის ურთიერთობა არის ძალიან კარგ კონდიციაში. მართალია სავაჭრო ურთიერთობა ქსენოფობიური რიტორიკის გამო ერთგვარად გაუარესდა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ კეთილგანწყობილი ურთიერთობა განვაგრძოთ. თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ჩვენთვის.

– ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ის საკითხია, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი ყოველთვის მტკივნეულად განიცდის…

– უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდგომ, საერთაშორისო კონუქტურა შეიცვალა და საყოველთაოდ აღიარებულია, რომ 2008 წლის ომი იყო გლობალური პრობლემის ნაწილი და არა ანომალია. ამიტომ ცივილიზებული სამყარო რუსეთს პარტნიორად აღარ განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ არ არის შორს ის დრო, როდესაც მოხდება გარდატეხა და შესაძლებელი გახდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, როცა ამ პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით მოხდება ერთ პაკეტში. 1989 წელს ვინ იფიქრებდა, რომ 3-4 წლის შემდეგ, რუსეთი გერმანიიდან გავიდოდა. ან 1991 წელს ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წელიწადში, ბალტიისპირა ქვეყნებიდან მთლიანად გავიდოდა რუსეთის ჯარები. შეიქმნა საერთაშორისო ვითარება, მიაღწიეს შეთანხმებას და გავიდნენ. ზუსტად ასე გავლენ საქართველოდან და ზუსტად ასე, შემდგომ გვექნება რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა.

– აშშ-სა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობას, როგორ შეაფასებთ და რას აპირებთ თქვენ?

– საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი გახდა ერთგვარად წინააღმდეგობრივი. ჩვენ გვაქვს ამ კურსის ეროზიის ნიშნები. ქართული საზოგადოებრივი აზრი, პროდასავლურია და ამას ხელისუფლება ვერსად წაუვა. მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში ეროზიისა და ფილტრაციის ნიშნები გვაქვს. ამ ყველაფერს ჩვენ გამოვასწორებთ. შენელება მოხდა საქართველო – აშშ-ს ურთიერთობებშიც, და ვაპირებთ მეტი ენერგია შევძინოთ ამ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. მაგალითად, დავიწყოთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამაზე 2012 წელს პრეზიდენტები სააკაშვილი და ობამა შეთანხმდნენ, სააკაშვილის ვაშინგტონში ბოლო ვიზიტის დროს. მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ “ქართული ოცნების” მთავრობამ ეს პრიორიტეტი დაივიწყა და მოხსნა დღის წესრიგიდან, ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ბიზნესისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ მოვიპოვოთ წვდომა აშშ-ს ბაზარზე.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი