Фото: ТАСС/Светлана Холявчук

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მარტო 2019 წლის პირველ ექვს თვეში, რუსეთის ფედერაციაში მუშაობის დაწყების მიზნით 2,4 მილიონი უცხოელი ჩავიდა. ამ მხრივ, ლიდერობს უზბეკეთი – 918 ათასი ადამიანით, მეორე ადგილზეა ტაჯიკეთი, შემდეგ ყირგიზეთი, უკრაინა და მეხუთე – ყაზახეთი. შემდეგ არიან: სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ა.შ. Dalma News-ის კორესპონდენტი უფლებათადამცველ ვალენტინა ჩუპიკს ესაუბრა, რომელიც შრომით მიგრანტებს თავიანთ უფლებების დაცვაში უფასოდ ეხმარება. ადვოკატმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებსაც მიგრანტები რუსეთის ფედერაციაში ხვდებიან.

— როგორია მიგრანტის იმიჯი რუსეთში?

— გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთში მიგრანტებზე არასახარბიელო სურათია შექმნილი. ბევრი ხედავს, რომ შუა აზიის მოქალაქეები გაუნათლებლები და არაკვალიფიციურები არიან, კავკასიელები კი აგრესიულები, ხარბები და უზრდელები. ასეთი სტერეოტიპები მიგრანტულ-ფობიური მედიის მუშაობის ნაყოფია, რომელიც სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმარისად არის. ასეთ პუბლიკაციებში ვერასდროს ნახავთ შეტყობინებებს მიგრანტების მიღწევების და გმირული მოქმედებების შესახებ. სამაგიეროდ, ხშირია შემდეგი ხასიათის ინფორმაცია: “პოლიციამ არალეგალური ემიგრანტების ბუდეს მიაკვლია. დაკავებულია დსთ-ს რამდენიმე ქვეყნის 96 მოქალაქე, მაგრამ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.“ ჩნდება კითხვა, თუ ისინი არალეგალი ემიგრანტები იყვნენ, მაშ რატომ გაათავისუფლეს?! სამწუხაროდ, მედია არ სვამს ამ კითხვას, პირიქით, ის აგრძელებს მსგავსი ინფორმაციების გავრცელებას, ხოლო პოლიცია არ წყვეტს სახლებში უკანონო შევარდნას და მიგრანტების უკანონოდ დაკავებას.

— თქვენს ორგანიზაციას დახმარებისთვის, რამდენად ბევრი აზერბაიჯანელი მიგრანტი მიმართავს? 

— აზერბაიჯანის მოქალაქეები ისე ხშირად მოგვმართავენ, როგორც მაგალითად, უზბეკეთის. საშუალოდ ერთ თვეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის 15-20 მოქალაქე მოგვმართავს სხვადასხვა საკითხის გადასაჭრელად. ერთი წლის განმავლობაში, 30 ათასიანი მომართვის ფონზე, სადაც 200 განცხადება აზერბაიჯანელ მიგრანტებს ეკუთვნით – არასერიოზული ციფრია. სხვა ორგანიზაციები, მათ შორის, ადამიანის უფლებების სპეციალიზებული დაწესებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანული დიასპორის მიერ არის ორგანიზებული, ასევე ვერ დაიკვეხნიან უფრო წარმატებული სტატისტიკით.

მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანის ბევრ მოქალაქეს ურჩევნია პრობლემა ფულით მოაგვაროს, ვიდრე ის კანონიერი გზით გადაჭრას. სხვათა შორის, მსგავსად მხოლოდ კავკასიელები იქცევიან. მაგალითად, უზბეკელი მიგრანტების უმეტესობა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საჭირო დოკუმენტების გაფორმებას და გადასახადებს პატიოსნად იხდიან. თავის მხრივ, კავკასიელებს: აზერბაიჯანელებს, სომხებს და ქართველებს ამ საკითხის მიმართ ცოტა გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. ხოლო ყირგიზელი მიგრანტები საერთოდ არ იწუხებენ თავს. საერთოდ, ყირგიზელ და უკრაინელ მიგრანტებთან მუშაობა ყველაზე რთულია. ცხადია, ეს ყველას არ ეხება.მე ისეთ ადამიანებზე ვამბობ,რომლებიც პრობლემებს თავიანთი დაუდევრობით და წინდაუხედაობის შედეგად იქმნიან.

ვალენტინა ჩუპიკ

— რამდენად ეფექტიანად მუშაობენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც შრომითი მიგრანტების უფლებებს იცავენ?

— სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან მომართული დაახლოებით 30 ათასი ადამიანიდან, 20 ათასის მოთხოვნას დადებითად ვწყვეტთ. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ სამართალდამცავ ორგანოებში უკანონო დაკავებულების გამოსახსნელად. პროცენტული მაჩვენებლით, ჩვენი საქმიანობის ეფექტურობა 90,2%-ს შეადგენს. მიგრანტების კონკრეტული პრობლემების მოგვარების გარდა ხალხთან უფასო კონსულტაციებსაც ვატარებთ.

მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მასობრივი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვერაფერს ვაკეთებთ. ამიტომ რთულია იმის თქმა, ეფექტიანია თუ არა ჩვენი საქმიანობა – ყველაფერი შედეგების შეფასების კრიტერიუმებზეა დამოკიდებული.

— რა უნდა გაკეთდეს კანონმორჩილი მიგრანტების დასაცავად? კიდევ რა დოკუმენტების მიღებაა საჭირო?

— უშედეგო იქნება ამ მიმართულებით საკანონმდებლო დოკუმენტების გადახედვა, რადგანაც პრობლემა თავად სისტემაშია. არც შრომის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობა არსებობს, რადგან რუსეთის ფედერაციაში, არც ისე ცუდი პირობებია. ბევრგან ვერ დაიკვეხნიან, მათ შორის აზერბაიჯანშიც, შრომის ისეთი პირობებით, როგორიც რუსეთის თუნდაც პატარა ქალაქებშია. მაგრამ აზერბაიჯანში ეროვნული ნიშნით შევიწროება არ ხდება, რუსეთში – რამდენიც გინდათ.

ТАСС /სვეტლანა ხოლიავჩუკი

— სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მთელი ეს სირთულეები მაინც ვერ აჩერებს ხალხს აზერბაიჯანიდან რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ წასასვლელად. რით ახსნით ამას?

— დინამიკა იმიტომ არ კლებულობს, რომ ხალხს უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვს. ყურადღება მიაქციეთ, მოლდოვადან რუსეთის ფედერაციაში მიგრანტების ნაკადი, მას შემდეგ შემცირდა, რაც მათ ევროკავშირისაკენ გაუხსნეს გზა. როგორც კი ხალხს გაუჩნდება ეკონომიკურად უფრო ძლიერ ქვეყანაში ნაკლები პრობლემებით გამგზავრების საშუალება, ისინი ამ შანსს იყენებენ. თუ აზერბაიჯანი ევროპაში უვიზო რეჟიმს მიაღწევს, მაშინ მიგრაციული კურსიც შეიცვლება. რუსეთი მიმზიდველი დარჩება, მხოლოდ უფროსი თაობისთვის, რომლისთვისაც, გასაგები მიზეზებით, რთულია ევროპული ენის სწავლა და ცხოვრების არასაბჭოურ წესთან შეგუება.

— დღის განმავლობაში დახმარებისთვის ათობით ადამიანი მოგმართავთ. საიდან პოულობთ ძალებს ყველას დასახმარებლად?

— გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვასწრებ. დღის განმავლობაში 80-დან 250 ადამიანამდე მომმართავს. ეს ძალიან დიდი სამუშაოა, რომელსაც ბოლო არ უჩანს. თუმცა, ამის მიუხედავად, მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამხელა სიხარულს ვგრძნობ, როდესაც პოლიციიდან უკანონოდ დაკავებული მიგრანტების გამომყავს და მათ ოჯახებს ვუბრუნებ, ან როდესაც მიგრანტებისათვის იმ ხელფასის გამოთხოვას ვახერხებ, რომელსაც უსინდისო დამსაქმებლები შესრულებული სამუშაოსთვის არ უხდიან. იმის გაცნობიერება, რომ ჩემი დახმარებით ადამიანები სამშობლოში, თავიანთი ოჯახებისთვის ფულის გაგზავნას ახერხებენ, ძალიან დიდ ემოციურ ენერგიას მაძლევს.

ლეილა ალიზადე