რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების, გლობალური შოკის, მსოფლიო პანდემიისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ 2022 წელი ეკონომიკური ზრდით დაასრულა. ამას კრიტიკულად განწყობილი ექსპერტებიც აღიარებენ. 2023 წელს საქართველო ახალი გამოწვევებით შეხვდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის ბოლოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დააანონსა, მათ შორის არის საქართველოს ევროკავშირთან დამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გაივლის და ის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში სახელმწიფო ჩაერთვება და 51%-ის მფლობელი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის გამოქვეყნებული წლის ბოლო მონაცემები, რომლითაც დადგინდება წლის განმავლობაში როგორი იყო საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საინტერესოა როგორ აფასებენ ექსპერტები 2022 წლის წარმატებებსა და წარუმატებლობას.

ნიკა შენგელია: პოზიტიურია ის, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა შემცირებულია და მშპ- თან მიმართებით 50 %-ზე ნაკლები გვაქვს. შარშან ამ დროს ეს ციფრი 60%-მდე იყო. ამას ძირითადად აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარებას ვუკავშირებთ. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შარშანდელთან შედარებით ზრდა გვაქვს.  2022 წელს 3 კვარტლის მონაცემებით ჯერჯერობით შემოსულია 1 მლრდ 675 მლნ-ზე დოლარზე მეტი. რაც წინა წელთან შედარებით 433, 8 მლნ აშშ დოლარით მეტია. ამას დაემატება ბოლო კვარტალიც. 2022 წელი გვქონდა რეკორდული წელი ემიგრანტების მხრიდან გადმორიცხული თანხების მოცულობით. რამაც ლარებში 8 მილიარდს გადააჭარბა. როცა საქართველოში ფასები იმატებს, უფრო მეტ ფულს გზავნიან. ამაში აირია რუსეთიდან შემოტანილი თანხებიც. ეს თანხები ჩვენს ეკონომიკაში მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. სტატისტიკურად თუ გადავხედავთ, ემიგრანტებმა ბოლო 9 წელიწადში იმაზე მეტი თანხა გადმორიცხეს, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია.

ნიკა შენგელია

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, აქაც საინტერესო მაჩვენებლები გვაქვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 17 მლრდ-ზე მეტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გვაქვს 5 მლრდ 37 მლნ, ხოლო იმპორტი 11 მლრდ 981 მლნ. საინტერესო ის არის, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო გაგვეზარდა და  6 მლრდ 944 მლნ გვაქვს.

ვალუტის კურსთან დაკავშირებით საინტერესო ის არის, რომ მარტიდან ლარის კურსი გამყარების რეჟიმშია. რაც უკრაინის ომი დაიწყო ვალუტის კურსი 3,31 ნიშნულიდან 2,69-მდე გამყარდა. ეს საგარეო ვალშიც აისახა, იმ ვალის მომსახურებას უფრო ნაკლები დოლარი სჭირდება. კარგი რაც გვაქვს ეს არის სავალუტო რეზერვების მოცულობა, წელს ეს რეკორდულია. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჩვენი სავალუტო რეზერვები 4 მლრდ 630 მლნ-ია. წინა წელთან შედარებით რეზერვები გვაქვს 700 მლნ აშშ დოლარით მეტი. ასეთი რეზერვები საქართველოს არ ჰქონია, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი.

გიორგი ცუცქირიძე: ყველა პროგნოზით საქართველოს ამ წლის ბოლოსაც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება მიუხედავად გამოწვევებისა, გლობალური შოკისა, რომელიც გაგრძელდა პანდემიური პროცესის შემდგომ, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებისა, რამაც გამოიწვია მიწოდების და მოთხოვნის სერიოზული ჯაჭვების წყვეტა, რაც აისახა მაღალ ინფლაციაში ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში.  მეორე საკითხია ეკონომიკური ზრდა რაში აისახა. ფუნდამენტური ფაქტორები რომ ავიღოთ, აისახა გაზრდილ ბიუჯეტში, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაში, რომელიც ძალიან მაღალი გვქონდა პანდემიის პერიოდში, 9%-საც კი ასცდა. აისახა უმუშევრობის მნიშვნელოვან შემცირებაზე; მთელი სამი კვარტლის მაჩვენებლის მიხედვით, გაზრდილია მოთხოვნა სამუშაო ძალაზე. მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, თუ ეკონომიკის ზრდა, როგორ მოქმედებს დასაქმებაზე.

ამის გარდა ჩვენ ვხედავთ, რომ ექსპორტის ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ასევე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს საგარეო ვაჭრობაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტო ოქტომბრიდან ოქტომბრამდე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის 2 მლრდ-ზე აშშ დოლარზე მეტი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ყველაზე დიდი დამსაქმებელი ეკონომიკაში.

გიორგი ცუცქირიძე

უნდა მონაწილეობდეს თუ არა სახელმწიფო დასაქმების პოლიტიკაში?

გიორგი ცუცქირიძე: როცა საუბარია სამუშაო ძალის ზრდაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს მონაწილეობა. სოციალურად დაუცველები თუ გადამზადდებიან და დასაქმდებიან, მათ სოციალური დახმარება არ მოეხსნებათ, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ხელისუფლების მხრიდან. მეორეა სამუშაო ძალა როგორ მოქმედებს, ადამიანები რამდენად არიან პოზიტიურად განწყობილნი, რომ მათ დასაქმება შეძლონ. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აქ არ არის საკმარისი ხელფასი, მიდიან უცხოეთში. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია რომ შემოდის, ის აყენებს თავის პირობებს, ამიტომ არის საჭირო სახელმწიფოს ჩართულობა, რომ ადამიანი, ვინც ვერ ჯდება ამ სტანდარტებში გადამზადდეს. ყველა ინვესტიციას სჭირდება მუშა-ხელი.

ნიკა შენგელია: სამუშაო ძალაზე მოთხოვნა გაიზრდებოდა მაშინ, თუ გაიზრდებოდა აქ მოთხოვნა სამრეწველო სექტორზე. ამ სფეროში ზრდა არ გვაქვს, რუსული კომპანიები, რომლებიც შემოდიან არიან ძირითადად აიტი კომპანიები და მათ მაქსიმუმ 2 ქართველი დაასაქმონ, დანარჩენი თავიანთი მოქალაქეები ჰყავთ დასაქმებული. რეალურად ქვეყნის მოსახლეობის ნახევარია დაუსაქმებელია. სოფლის მოსახლეობას ყველა დასაქმებულად თვლის, რადგან ქათამი ჰყავთ. ახლა ჰკითხეთ მოსახლეობას, აბა თუ არიან დასაქმებულები. ყველაფერი ციფრების თამაშია. მოსახლეობა არის გაოგნებული, რეალურად. მთავრობა უყურებს მშრალ ციფრებს.

რაც შეეხება ყბადაღებულ ეკონომიკურ ზრდას. მოსახლეობა რატომ ვერ გრძნობს ამას საკუთარ ჯიბეზე?

ნიკა შენგელია: ჩვენ გვემის, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ მოსახლეობაზე ეს არ აისახება. საქართველოში სულ დარეგისტრირებულია 17 000-მდე რუსული კომპანია. აქედან ნახევარზე მეტი – 9500 კომპანია 24 თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდა. ამ დარეგისტრირებულში 95% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი აქ ტურისტად კი არა, საცხოვრებლად ჩამოვიდა. ჩვენი ეკონომიკის ზრდა ფაქტობრივად გამოიწვია იმან, რომ ქართული ეკონომიკა 2-ჯერ მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთის ეკონომიკაზე. 2022 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველომ მარტო რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, თუ საქონლის ექსპორტით, დაახლოებით 2 მლრდ 850 მლნ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც 2,7%-ით მეტია წინა წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რუსეთიდან გაიზარდა ფულადი გზავნილები ტურიზმითაც და მშპ-ს 12,7% შეადგინა ნოემბრის ჩათვლით.

გიორგი ცუცქირიძე: ჩემი პროგნოზით, უახლოეს წლებში ეკონომიკური ზრდა, სავალუტო ფონდის შეფასებით, გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეგიონში და ევროპაში, სავარაუდოდ 5-6 %. ეს არის ყოველთვის კონსერვატორული შეფასება და აქ არ არის შესული ის პერსპექტივა, რომელიც არის ენერგეტიკის სფეროში, ვგულისხმობ ევროკავშირთან ახალ ინიციატივას – შავ ზღვაში გამავალ ენერგო კაბელს და აქედან გამომდინარე მულტიპლიკაციურ ეფექტს. კაბელი, როცა გადის, იქ გადის პერსპექტივა ყველა მიმართულებით, ეს არის მწვანე ენერგეტიკა, რაც მოიცავს ჰესებს, წყლის ენერგეტიკას ერთი მხრივ და მეორე მხრივ მზისა და ქარის ენერგეტიკას. ეს 7-8 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტიციის შესაძლებლობას იძლევა. მარტო ამ კუთხით რომ შევაფასოთ ეკონომიკა, ენერგეტიკა გახდება ჩვენი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ღერძი და წლიური ზრდა 5%-ზე მეტი გვექნება, თუ ამ პოტენციალს ავითვისებთ. ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა მწვანე ენერგეტიკა.

პრობლემები, რომლების მომავალ, 2023 წელს მიგვყვება?

ნიკა შენგელია: მოსახლეობას მოუწევს მიეჩვიოს მაღალ ფასებს. ლარის გამყარებამ გამოიწვია უკუპროცესებიც. ქვეყანაში არის უცხოური ვალუტის სიჭარბე. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა მოინდომა საწვავის ფასების რეგულაცია, ვერ მოახერხა. ლარის არსებული კურსის დროს საწვავზე ფასები 2 ლარზე ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ ვერ მოხდა ამ კარტელის გარღვევა. დღეს ბრენდული საწვავი ღირს 3,8 ლარის ფარგლებში, ბარელი ნავთობის ფასი არის 100 დოლარზე გაცილებით ნაკლები. ვალუტის კურსი კი 20%-ით არის გამყარებული, მთელი პარადოქსი ეს არის. ძალიან დიდ მოგებაზე მუშაობს, როგორც ბითუმად შემომტანი, ასევე საცალო რეალიზატორი. ამის კონტროლს თავი დაადგას ვინმემ, ჯერჯერობით არ ჩანს. ეს ზრდის ფასებს პროდუქტზეც.

დაჩქარებულია ინფლაცია. ძირითადად გაძვირებულია სურსათი, რაც მოწყვლად ფენებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ყველა პროდუქტზეა ფასი გაზრდილი. თუ შევადარებთ 5 წლის წინანდელ ფასებს, 100%-ით არის გაძვირებული. არადამაიმედებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცია – გაზრდილია სოციალური შემწეობების მთხოვნელთან რიცხვი. ქვეყანაში სოციალურ დახმარებას მოსახლეობის 18% იღებს.

ანაკლიის პორტის პროექტი

როგორ აფასებთ ანაკლიის პორტის მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობას?

გიორგი ცუცქირიძე: ანაკლიის პორტის პროექტი, ისევე, როგორც შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელი არის ინფრასტრუქტურული პროექტების შემკვრელი. ბუნებრივია ეს მოიცავს დამატებით ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში. ყველა დიდი პროექტი მოიცავს მკვებავი დარგების განვითარებას.  ხშირად ისმის არასწორი შეფასება, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ენერგეტიკულ პროექტებში და ეს უნდა იყოს კერძო ინვესტიცია. ჩვენ ვნახეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განვითარდა, იმის გამო, რომ ყველა ინვესტორი ითხოვდა სახელმწიფო გარანტიებს, რომ სახელმწიფოს დაეზღვია კომერციული რისკები. ვერ მოიზიდა კონსორციუმმა ინვესტორები. როცა სახელმწიფო ასეთ პროექტებში შედის თანადამფინანსებლად, ფაქტობრივად ის აზღვევს ამ ტიპის რისკებს. მათ შორის ტვირთბრუნვის რისკებს. სახელმწიფო შეიძლება იყოს ყველა დიდი პროექტის თანამონაწილე, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აზღვევს ამ კომერციულ რისკებს. ამიტომ არის ძალიან დიდი შანსი, რომ ანაკლია გახდეს მომავალი წლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

ესაუბრა შ. ქარჩავა