თითოეულ ქალაქს თავისი ისტორია აქვს, რომელიც მრავალრიცხოვანი ლიტერატურული და ისტორიული ქრონიკების გარდა, ქვაშიც არის შემონახული. ერევანში არც ისე ბევრი ქუჩა, ხეივანი, თუ სახლი შემორჩა, რომლებიც სიძველის სულს ინახავენ. ასეთების ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც საკმარისია. აბოვიანის, პუშკინის, არამის ქუჩები და კონდის რაიონი. თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ განხორციელებული თანამედროვე ურბანული კონცეფცია, რომელიც მიმართულია ქალაქის გაუმჯობესებისკენ, კიდევ ერთხელ იწვევს მოქალაქეების შფოთვას, იმედგაცრუებასა და აღშფოთებას.

არამის ქუჩა, ისევე როგორც პუშკინის, აბოვიანის ქუჩას კვეთს. ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩებზე XIX საუკუნის სომხური Belle Époque-ის სტილის სახლები იყო, მაგრამ სამწუხაროდ, დღეისთვის ისინი ძალიან ცოტაა, დანარჩენილი კი დანომრილია და განაჩენს ელიან – მათი ბედი გადაწყვეტილია. ქალაქის “განვითარების” მიზნით, მათ ტერიტორია უნდა გაანთავისუფლონ.

1936 წელს აბოვიანისა და არამის ქუჩების გადაკვეთაზე უნივერმაღი „ბავშვთა სამყარო“აშენდა, მის მოპორდაპირე მხარეს კი მე-19-ე საუკუნის 80-იან წლებში აგებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლები დგა. მათ შორის იყო ერთი პატარა სახლი და ის აღნიშნული ეპოქის ერევნის ერთ-ერთი გადარჩენილი მემკვიდრეობა იყო. მართალია, რაიმე განსაკუთრებულიბით არ გამოირჩეოდა, მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს 150 წლის წინ აგებული სახლი, ერევანში იქნება, თბილისში, თუ ჩვენი მშვენიერი რეგიონის სხვა ქვეყანაში, ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილი და მდუმარე მოწმეა.

მიმდინარე წლის იანვარში არამის ქუჩის 30 ნომერში მდებარე სახლი ერთ ღამეში დაშალეს. ცხადია, ამან მოქალაქეების აღშფოთება, ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება და ქალაქის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკა გამოიწვია.

როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში საკითხის განხილვისას ერევნის უხუცესთა საბჭოს წევრმა, მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ლევონ იგიტიანმა განაცხადა, გაოცებულია იმით, რომ ხალხი მსგავს შენობებს ისტორიულ ფასეულობას უწოდებს. “ეს სათავსო სულაც არ არის ფასეული”, – განაცხადა სახელმწიფო მოხელემ.

თავის მხრივ, დეპუტატ ტევან პოღოსიანის შეკითხვის საპასუხოდ ურბანული განვითარების მინისტრმა ნარეკ სარქისიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული შენობა სახელმწიფოს მიერ დაცულ ისტორიულ ძეგლებს არ მიეკუთვნება და არც რაიმე არქტიტექტურული ღირებულება აქვს. მინისტრის თქმით, ერევნის გენერალური გეგმის თანახმად, იმ ტერიორიაზე, სადაც სახლის დემონტაჟი მოხდა, მშენებლობა გათვალისწინებული არ არის. სარქისიანის თქმით, ფართო საზოგადოების მხრიდან ნეგატიური რეაქციის თავიდან ასაცილებლად მინისტრმა უკვე მიმართა პროექტ “ძველი ერევნის” არქიტექტორს ლევონ ვარდანიანს თხოვნით, რომ ეს მშენებლობა პროექტის გეგმაში ჩართოს.


2015 წლის 10 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პროგრამა „ძველი ერევნის“ განსახორციელებლად კომპანია D&H-ისთვის 10 მილიონი აშშ.დოლარის კრედიტის გაცემის საკითხი დამტკიცდა. პროექტი ითვალისწინებს ერევნის ცენტრში, პატარა მონაკვეთზე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის რამდენიმე ათეული არქტიტექტურული შენობა-ნაგებობის აღდგენას, რომლებიც წარმოადგენენ ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას და მიმართულია ერევნის „ძველი“ არქიტექტურული სახის აღდგენისკენ.


ჯერ კიდევ არამის ქუჩის 30 ნომერში არსებული სახლის გარშემო ატეხილი დავა არ იყო დასრულებული, რომ დღის წესრიგში დადგა პუშკინის ქუჩის 10 ნომერში არსებული შენობა, რომელშიც რესტორანი “დოლმამა” ფუნქციონირებს. იქვეა 175 წლიანი ისტორიის მქონე ღვინის სარდაფი, რომელიც 1937 წელს კილიკიანების ოჯახს ეკუთვნოდა.

2008 წელს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორია “საზოგადოებრივი ინტერესის მქონდე ტერიტორიად” გამოცხადდა. აღნიშნული მონაკვეთები გადაეცა სამველ მაირაპეტიანის კომპანია “ლოკალ დიველოპერზს”.

იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთმა ოჯახმა უარი განაცხადა თავიანთი სახლების დატოვებაზე, კომპანიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მესაკუთრეებს თავიანთი ტერიტორიები კომპენსაციის სანაცვლოდ გადასცენ. 3 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ პროტესტანტების მხარის იურისტის ცვლილების გამო გადაწყვეტილების მიღება 16 თებერვლისთვის გადაიდო.

სამველ მაირაპეტიანის იურისტმა ალექსანდრე სირუნიანმა Dalma News-თან საუბრისას განაცხადა: “ვერ ვხდები ამან ამხელა ხმაური რატომ გამოიწვია. № 958-ის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია “ლოკალ დიველოპერზ“-ის დაევალა ამ სამართლებრივი პროცესის დასრულება. სამართლებრივ ენაზე ამას “ათვისება” ჰქვია, ანუ აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და თავდებად მდგომი პირისთვის, ამ შემთხვევაში – სახელმწიფოსთვის დაბრუნება. დანარჩენს კი – აშენდება თუ არა იქ რამე – მხოლოდ სახელმწიფო წყვეტს”.

ალექსანდრე სირუნიანი

რაც შეეხება პუშკინის 8 და 4/5 ნომრებში არსებულ ღვინის სარდაფებს, სირუნიანმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია რა სარდაფებზეა საუბარი. “მესაკუთრეობის მტკიცებულების თანახმად, კილიკიანის ოჯახის მფლობელობაში დიდი საცხოვრებელი ფართობია, რომლის სანაცვლოდაც მათ მაღალი კომპენსაცია გადაეცემათ, იმ დოკუმენტებში არანაირი სარდაფი არ არის მითითებული”.

ძველი შენობების ბედ-იღბალთან დაკავშირებით მედიასა და სოიალურ ქსელში ატეხილი ხმაურის შემდეგ ქალაქ ერევნის მერიამ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია აბოვიანის, პუშკინისა და ნალბანდიანის ქუჩების გადაკვეთაზე შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით. ამ შენობებს შორის რესტორანი “დოლმამაც” მოხვდა. შესაბამისი უწყება მერიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. მასში ნათქვამია:

“საჭიროდ მიგვაჩნია გაუწყოთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში სომხეთის მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული ტერიტორია ათვისებას დაექვემდებარა. კომპანია “ლოკალ დიველოპერზ”-ი, რომელმაც მიწის აღნიშნული მონაკვეთი შეიძინა, დღემდე უძრავ ქონებაზე უფლებების გაფორმების პროცესშია და მშენებლობის არანაირი პროექტი მერიაში არ წარდგენილა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე შენობების ნგრევის, ან დემონტაჟის ნებართვა არ გაცემულა”.

ერევნის მერიაში განაცხადეს, რომ მიწის აღნიშნულ მონაკვეთზე ორთხი ისტორიული შენობაა, “რომლებიც თავიანთ ადგილზე დარჩებიან”.

მერიის განცხადების მიუხედავად, რესტორან “დოლმამას” მეპატრონე ჟირაირ ავანიანი ძალზედ შეშფოთებულია და მიაჩნია, რომ დემონტაჟის გადაწყვეტილება მხოლოდ დროის საკითხია.

Dalma News-სთან საუბარში არქიტექტორმა ანაიტ თარხანიანმა განაცხადა,რომ შექმნილი ვითარება სწორედ იმ დიდი ურბანული შეცდომის შედეგია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ქალაქის მერები უშვებდნენ. “ისინი ერთი და იმავე სტრატეგიულ შეცდომას უშვებდნენ, ყოველ ჯერზე ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას ამტკიცებდნენ, თანაც ბიზნესის განვითარებისთვის ახალ ტერიტორიებს არ გამოყოფენ. წლების წინ, როდესაც სომხეთმა დამოუკიდებლობა მიიღო სივრცე ერევნის საზღვრებთან ახლოს, ან თავად ერევანში უნდა გამოეყოთ, ოღონდ არა ქალაქის ცენტრში. მიწის ეს ნაკვეთები მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ქალაქის შემდგომი სტრატეგიული განვითარებისათვის. რასაც ახლა ვხედავთ, ეს ობიექტური პროცესია, რომელთან ბრძოლაც ძალიან რთულია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია”.

ანაიტ თარხანიანი

არქიტექტორს მიაჩნია, რომ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით საჭირო იყო, ძალების ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებში გადანაწილება. ხოლო შექმნილ ვითარებაში ერევნის ცენტრში ახალი სახლების დამპროექტებელი არქიტექტორები ფსიქოლოგიურად დამოკიდებულები არიან იმ სივრცისადმი, რომელიც თავის დროზე ა.ტამანიანმა (ერევნის გენერალური გეგმის ავტორი – რედ.) დააპროექტა. “სწორედ ამიტომ შენდება ახალი სახლები და გარკვეულწილად ცდილობენ ტამანიანს მიბაძონ. საბოლოოდ, სახეზეა სტილი, რომელსაც პირადად მე “უწესრიგობის არქიტექტურას” ვუწოდებ. ახლადაშენებულ შენობებს არც თანამედროვე და არც “ტამანიანისეული” სტილი აქვთ. ისინი “არანაირია” – უბრალოდ პატარა მონსტრები, რომლებიც ქალაქის ცენტრში გავფანტეთ.

თავის დროზე ერევნისა და აბოვიანსკის (ერევნის გარეუბნის) მიმართულებით სამომავლო განვითარების ურბანული კვლევები ტარდებოდა. ყველა მაჩვენებლით, ეს გადაწყვეტილება ყველაზე საუკეთესო იყო: როგორც სეისმოლოგიურად, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. სუფთა ჰაერი, საშუალოწლიური ტემპერატურა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ერევანში. ამ მიმართულების განვითარება ახალი თანამედროვე ცენტრების შესაქმნელად შეიძლებოდა. მაგრამ 25 წლის განმავლობაში არავის მიუღია პრინციპული გადაწყვეტილება ამ მიმართულებით თანამედროვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. ასე, რომ ახლა ცდილობენ მონახონ ხარვეზი, რათა ერევნის ცენტრში არსებული ძველი შენობა-ნაგებობი დაანგრიონ”, – მიაჩნია მოქალაქე თარხანიანს.

12 თებერვალს საერთაშორისო პრეს-ცენტრ Sputnik-ში ჟურნალისტებს შეხვდნენ სომხეთის შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომელთა შორისაც იყვნენ გუნდის სომხეთის პატარა მომღერლები” სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ტიგრან ეკეკიანი, რეჟისორი გრანტ ვარდანიანი, მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი, მომღერალი მიკაელ პოღოსიანი, ჟურანლისტი მარკ გრიგორიანი, მსახიობი გრანტ ტოხატიანი, გალერეა “სარგის მურადიანი”-ს დამფუძნებელი ზარუი მურადიანი, სერგეი ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმის დირექტორი ზავენ სარგსიანი, მომღერლები არამო და არტურ ისპირიანები, მომღერალი, კომპოზიტორი, არქიტექტორი ლილით პოპოიანი, კულტურულ-საქველმოქმედო ფონდის “გრანტ მატევოსიანი”-ს დირექტორი დავით მატევოსიანი.

კულტურის მოღვაწეებმა შეშფოთება გამოთქვეს ხელისულების მოქმედებების მიმართ თან დაკავშირებით და მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ერევნის ცენტრში არსებული ისტორიული კვარტალის უნიკალური არქიტექტურული სახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების განცხადებაში ძირითადად ნათქვამია: “ჩვენი მკაფიო მოთხოვა – შეწყდეს სომხური არქიტექტურის კულტურულ-ისტორიული ძეგლების თანმიმდევრული განადგურება და შემუშავდეს მათი აღდგენა-შენარჩუნების თანმიმდევრული სახელმწიო გეგმა”.

1940221სტატიის წერისას გაირკვა, რომ ერევნის ცენტრში, პავსტოს ბიუზანდას N38-ში მდებარე კიდევ ისტორიული ერთი სახლი სამწუხარო სიას შეემატება. პირადული არაფერია, უბრალოდ ბიზნესი!

მოამზადა არმინე აგარონიანმა