დღეს, სულ უფრო რთულია აზერბაიჯანულ ენაზე სუფთად და ლამაზად საუბარი. სასაუბრო ენა არა მხოლოდ უცხოური სიტყვებით ივსება, არამედ ინტერნეტში გავრცელებული, თავსმოხვეული გამონათქვამებით და ჟარგონებით. “მოდური” სიტყვები იმდენად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათ ცისფერი ეკრანებიდანაც ძალიან ხშირად მოისმენთ.

Dalma News-სთან ინტერვიუში CirtdanTV-ის, აზერბაიჯანული ენის შენარჩუნების პროექტის – დამფუძნებელმა ილკინ ახვერდიევი საუბრობს იმაზე, თუ როგორ წმენდს სახელმწიფო და ხალხი აზერბაიჯანულ ენას უცხო სიტყვებისგან და 10 წლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ადამიანი რატომ გამოიყენებს ამ ენას.

– 6 წლის განმავლობაში თქვენ აქტიურად მუშაობთ აზერბაიჯანული ენის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე. დეტალურად ხომ არ გვიამბობთ თქვენი პროექტის შესახებ?

2013 წელს, ონლაინ-პროექტი CirtdanTV-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის და ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და უმაღლესი ტექნოლოგიების სამინისტროების მხარდაჭერით შეიქმნა. ამ მომენტისთვის CirtdanTV-ი პირველ ადგილზეა აზერბაიჯანულ ენაზე შექმნილი მულტფილმების და აუდიოწიგნების რაოდენობის მიხედვით. ყოველდღიური ნახვები 3-4 საათს შორის მერყეობს.

ჩვენ მრავალი მიზანი და ამოცანა გვაქვს. მაგალითად, სამომავლოდ ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას საბავშვო ბაღებსა და სკოლებთან. დღეს ჩვენი მთავარი აუდიტორი 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები არიან. ალბათ, იკითხავთ: – რატომ ბავშვები? პირველ რიგში, ჩვენი შვილები არიან მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მომავალი თაობა და ჩვენი კულტურის ბედი მათ ხელშია. მეორე, ენის საუკეთესოდ დაუფლებისთვის უკეთესია მისი შესწავლა ადრეული ასაკიდან, როდესაც იწყებენ საუბარს, წიგნების კითხვას, ზღაპრების და მულტფილმების ყურებას. სხვათა შორის, ჩვენს პროდუქციას ძალიან ხშირად იყენებენ ახალგაზრდა დედებიც, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო კონტენტს ეძებენ. ასევე, ჩვენს მომხმარებლებს შორის ზრდასრული ადამიანებიც არიან, რომლებიც ჩვენს მასალას აზერბაიჯანული ენის შესასწავლად ან გასაუმჯობესებლად იყენებენ. ზოგადად, მომხმარებელთა გეოგრაფია ვრცელია.

– აზერბაიჯანული ენის მდგომარეობა ბოლო წლებში, საზოგადოების და სახელმწიფოს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. უცხო სიტყვების და ჟარგონების შემოღებით მოსახლეობაში არსებული სიტყვათა მარაგი თანდათანობით იკარგება. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება?

– ეს მართლაც აქტუალური პრობლემაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემას მხოლოდ აზერბაიჯანული ენა არ ებრძვის. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენ გლობალიზაციის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ეს აბსოლუტურად ბუნებრივ პროცესად იქცა. ჩვენს ხელშია მივცემთ თუ არა მშობლიურ ენას დაღუპვის უფლებას. ამისთვის საჭიროა საყოველთაოდ მიღებული ნორმების და წესების დაცვა.

– მართალია, რომ სწორედ თურქული და რუსული ენები ანაცვლებენ აზერბაიჯანულ ენას?

– ვერ ვიტყვი, რომ ანაცვლებენ, თუმცა ძალიან აბინძურებენ. ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსულად, თურქულად და ინგლისურად საუბრობს, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაზე ნაკლებად გამოიყენება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანულ ენაზე რუსული და თურქული ენები აქტიურ გავლენას ახდენენ. უცხოური სიტყვები ძირითადად ახალგაზრდებს შემოაქვთ. ბევრმა მათგანმა ელემენტარული სიტყვების თარგმანიც კი არ იცის. მაგალითად nəfəslik (ნიაფიასლიკ) – სარკმელი, ან işıqfor (იშიგფორ) – შუქნიშანი.

მაგრამ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანული ენა დიდწილად თურქული ენის გამო ღარიბდება, რადგანაც აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ თურქულ სიტყვებს და გამონათქვამებს, როგორც საუბარში, ისე მიმოწერაში. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეები თურქულ სიტყვებს მშობლიური ენის უცოდინარობის გამო კი არა, შეგნებულად იყენებენ.

ილკინ ახვერდიევი

– რას გულისხმობთ?

– საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის გარკვეული პროცენტი, საბედნიეროდ, დიდი არა, შეგნებულად იყენებს თურქულ სიტყვებს, რათა მოსაუბრეს თავისი ცოდნა უჩვენოს. ძირითადად, ეს არის თურქულ სერიალებზე გაზრდილი თაობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ამ საკითხს დინებას მივუშვებთ, აზერბაიჯანული ენა ძალიან დაბინძურდება.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანმა უცხოური საპნის ოპერების ჩვენება აკრძალა. თუმცა, ამით თურქული მედიაპროდუქტისადმი ინტერესი არ შემცირებულა, პირიქით, მოთხოვნა უფრო გაიზარდა. მიზეზი ის არის, რომ სამამულო ტელეარხები ხარისხიან პროდუქციას ვერ აწარმოებენ, ამიტომაც ხალხი იძულებულია ინტერნეტის საშუალებით უცხოურ ფილმებს და სერიალებს უყურონ. სანამ აზერბაიჯანული ტელევიზია, ან ქსელი არ შექმნის ხარისხიან კონტენტს, აზერბაიჯანული კულტურა განადგურების საფრთხის წინაშე იქნება.

– ენის საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და თითოეულ სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით მოძრაობის საკუთარი ვექტორი გააჩნია. როგორი ვექტორი აქვს აზერბაიჯანს?

– ამ მომენტისთვის სახელმწიფო ორი მიმართულებით მიდის. ეს არის აზერბაიჯანული ენის ნაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია. ერთი მხრივ, სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ ეროვნული ენის ცოდნა შენარჩუნებული იყოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. საუბარია თანამემამულეებზე, რომლებიც დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობენ, სამშობლოსთან კავშირი აღარ აქვთ და მშობლიური ენაც ავიწყდებათ.

მეორე მხრივ, სახელმწიფო სიახლეების წინააღმდეგი არ არის. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ აზერბაიჯანულ ენაში ბევრია, როგორც თურქული წარმოშობის, ისე სხვა ენებიდან გადმოღებული სიტყვები. დღეს ყველასთვის აშკარაა, რომ უცხოური ლექსიკის ათვისება გარკვეულწილად ამდიდრებს ენის მარაგს, შესაბამისად, აზერბაიჯანულ ენაში, უცხოური სიტყვების გამოყენება არ არის ისეთი საშინელი, როგორც ინტერნეტიდან გადმოღებული ჟარგონების შემოღება.

ხელისუფლება ხვდება, რომ საკითხი ძალზე მგრძნობიარეა, რადგან საუბარია ენის, როგორც ეროვნული ფასეულობის შენარჩუნებაზე. ამიტომ სახელმწიფო ცდილობს ენა ზედმეტი ნასესხები სიტყვებისგან დაიცვას, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელს ხდის მის გამდიდრებას.

– როგორ ხედავთ აზერბაიჯანული ენის მომავალს, ვთქვათ 10 წლის შემდეგ?

– აზერბაიჯანული ენის ფორმირების ისტორია ძალიან გრძელი და რთულია. ბოლო 100 წლის განმავლობაში, ჩვენი ანბანი ხუთჯერ შეიცვალა. წინ მძიმე განსაცდელი გველის. ინტერნეტსფერო დიდ ზემოქმედებას მოახდენს ჩვენს ენაზე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მაღალკვალიფიციური ენობრივი გარემოს შექმნა ძალიან რთულია, აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

პირველ რიგში, დემოგრაფიის ხარჯზე.

წელს აზერბაიჯანის მოსახლეობამ 10 მილიონს მიაღწია. ამასთან, 50 მილიონზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი რესპუბლიკის გარეთ ცხოვრობს. სახელმწიფოსა და ხალხის მხრიდან ჩვენი ენისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ კეთდება.

– რამდენად დიდია დანაკარგი იმისა, რომ ჩვენს თანამემამულეებს მშობლიური ენა ავიწყდებათ?

– არსებითად დიდია. თუმცა დიდ ნაწილს, შესაძლოა სუფთად გრამატიკულად არა, მაგრამ ესმის და საუბრობს აზერბაიჯანულ ენაზე. შეუძლებელია, ეს არ გვიხაროდეს, რადგანაც დაუშვებელია, რომ მათთვის აზერბაიჯანული ენა გახდეს არა მშობლიური, არამედ უცხოური. სხვათა შორის, ეთნიკური აზერბაიჯანელების გარდა, სხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ცხოვრობენ, ჩვენს ენაზე შესანიშნავად საუბრობენ. მათ საუბარში ხშირად გვესმის ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის დამახასიათებელი გამონათქვამები, “სიტყვა-პარაზიტები”, ან აქცენტები.

ლეილა ალიზადე

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი