თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ანკარას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იგი ასევე თურქეთის ელჩს საქართველოში ზეკ ლევენტ გუმრუკს ესაუბრა.

ირაკლი კოპლატაძის თქმით, როგორც თურქეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს აუხსნა, თურქეთში ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და აღნიშნული ვიზიტის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი იცოდა. თავად საქართველოს საელჩომაც, ამ ვიზიტის შესახებ რამოდენიმე დღის წინ შეიტყო და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანკარაში შესაბამისი ნოტა გაუგზავნა.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. შემთხვევით ვისარგებლე და ამბასადორიალის ფარგლებში თურქ ელჩს შევხვდი. პოზიცია ასეთია: თურქეთი ფედერალურ და სამთავრობო დონეზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცალსახად აღიარებს. მათ ეს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერით დაადასტურეს. თუმცა, ახლა თურქეთში წინასაარჩევნო პერიოდია და დროებითმა მთავრობამ, როგორც ჩანს, ამით ისარგებლა. შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და საბჭოების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმ რეგიონებში, სადაც ბევრი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, ეს ტური მოაწყვეს”, – განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

როგორც სააგენტო ipn.ge-ი იტყობინება, აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით თურქული დელეგაცია, კოჯაელის პროვინციის გუბერნატორის ხელმძღავენლობით ჩავიდა.