ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება, პროექტი, რომელსაც “საქართველოს ინდუტრიული ჯგუფი” “Dongfang Electric”-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ/ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 180-200 მლნ აშშ დოლარია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კორპორაციის გენერალურ დირექტორ სი ზეფუს, დალიანში დღეს შეხვდა.

როგორც Dalma News-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის თბოელექტროსადგურის პროექტის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას და ელექტრონერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. მათივე ინფორმაციით, უდიდესი ჩინური ჰოლდინგი “Dongfang Electric”-ი ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარება. კომპანიას ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორია აქვს და ჩინურ ბაზარზე საერთაშორისო კონტრაქტორის როლში წამყვან პოზიციას იკავებს. მისი პროდუქცია ექსპორტზე მსოლფიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის.

“Dongfang Electric”-ი სპეციალიზდება ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის დანადგარების წარმოებასა და ექსპორტში. მაღალი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოების ხარისხის დონით გამორჩეული კომპანია დიდ როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში. იგი ჩინური თერმული ენერგეტიკის ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკის ბაზრის 2/5-ს წილს ფლობს.