აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ეშტონ კარტერს შეხვდა.

როგორც ძალოვანი უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე გაამახვილეს. შეხვედრაზე ამერიკული მხარის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზაზე მარტო არ დარჩება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პენტაგონში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა რეალურ მეგობრობას, საერთო ღირებულებებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ეფუძნება.

“მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქართულ არმიას და, ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების არსებულ გარემოს – იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორმა სახელმწიფომ, წარმატებით და ადეკვატურად უპასუხოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ თავდაცვის მდივნისგან მივიღეთ და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ შედეგებს გამოიღებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.