ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არავითარი საზღვრის გადაწევა-გადმოწევები არ ხდება, რაც რთული დასანახია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს ჟურნალისტებს კონფლიქტის ხაზთან მიმდინარე პროცესების შეფასებისას, ხოლო “რუსთავი 2”-ს მის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე საუბრისთვის დროის გამონახვას დაჰპირდა.

“საზღვარი გადმოიწია ძალიან ბევრი კილომეტრით აგვისტოს ომის დროს. მესმის, რომ “რუსთავი 2″-სთვის ეს რთული დასანახია. ამ დღეების გამო თავს ვიკავებ თქვენზე საუბრისგან და ჩაივლის აგვისტოს დღეები და აუცილებლად გაგცემთ პასუხს რამდენიმე საკითხზე. არავითარი საზღვრის გადმოწევა-გადაწევა არ ხდება, საზღვარი გადმოიწია ბევრი კილომეტრით 2008 წლის აგვისტოში”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.