ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც Dalma News-ს უწყებაში განუცხადეს, პროექტის საერთო ღირებულება 7 მილიონ 52 ათას 133 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.

სოფელ კურდღელაურს, სადაც 1500 ოჯახი ცხოვრობს, წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება. სოფელში წყალი კვირაში ერთხელ, მხოლოდ ერთი საათით მოდის და ისიც სასმელად არ გამოიყენება.

სოფელ კურდღელაურში რეაბილიტაცია უტარდება 70 კმ-ის სიგრძის ამორტიზირებულ ქსელს. შენდება სამი ახალი რეზერვუარი. გაკეთდება 2 ახალი ჭაბურღილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტს შპს “ტრესტ ნეფთგაზ ტიკინტი” ახორციელებს.

წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია თელავის მუნიციპალიტეტშიც. მოსახლეობის ნაწილს წყალი 5-6 საათიანი, ნაწილს კი 8-10 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

სამინისტორში იმედოვნებენ, რომ  პროექტის განხორციელების შედეგად, თელავის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების გრაფიკი და სასმელი წყლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ხოლო სოფელ კურდღელაურის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება.