“დიასპორების გლობალური კვირეულის” ფარგლებში, რომელიც 11-დან 17 ოქტომბრამდე გაიმართება, 13 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება დიასპორების რეგიონული ეკონომიკური ფორუმი, სადაც განიხილავენ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის რესურსების მობილიზაციის საკითხებს.

როგორც Dalma News-ს  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, ფორუმის მიზანია დიასპორების აქტიური მონაწილეობა სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, ადამიანების საერთი მიზნებისა და საჭიროების გარშემო გაერთიანება, საქართველოს რეგიონებში დიასპორული საინვესტიციო პროექტების განვითარება და სხვა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართული დიასპორების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ფორუმში მონაწილეობის მიღება სურთ, შესაბამისი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

“დიასპორის გლობალური კვირეულის” ერთ-ერთი ღონისძიება იქნება ელექტრონული კონკურსი “დიასპორების ახალგაზრდა ლიდერების განვითარება “, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, 19-დან 29 წლამდე ასაკის ქართული დიასპორების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და კულტურის სფეროდან. კონკურსის მიზანია – ახალგაზრდების ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, სამშობლოსთან ურთიერთობების გაღრმავება და გამყარება, ასევე კულრუტული და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება.

“კონკურსი მსოფლმხედველობისა და სწავლისა და მუშაობის არეალის გაფართოვებას მოემსახურება,”- აცხადებენ უწყებაში.