ერთხელ, როდესაც ვთქვი, რომ თბილისში დავიბადე-მეთქი, მკითხეს: ოჯახიდან მერამდენე თაობა ხარ, რომელიც თბილისში ცხოვრობო. ვუპასუხე: – მესამე-მეთქი.

აღმოჩნდა, რომ ძირძველი თბილისელი ის არის, ვინც დედაქალაქში მცხოვრები ოჯახის მეხუთე თაობას მიეკუთვნება. ამგვარად, მე თბილისელი არ ვყოფილვარ. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ჭეშმარიტი თბილისელი ყველასთვის კარგად ცნობილი ხოხობია.

ეროვნება – თბილისელი

ქალაქის ზუსტი ასაკი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. თბილისი მეფე ვახტანგ გორგასლის მმართველობის დროს დაარსდა. ეს ლეგენდა ყველა თბილისელმა ზეპირად იცის.

თბილისი – არაჩვეულებრივი ქალაქია. ჩემის აზრით, იგი უჩვეულო და შესანიშნავია. მაგალითად, ძველი თბილისის ეზოებს, სადაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლია განლაგებული, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იტალიური ეზოები ეწოდებათ.

თუმცა, ეს სახელწოდება იტალიასთან არანაირ კავშირშია. ერთადერთი მსგავსება ის არის, რომ ამ ეზოებში ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს, სადაც ყოველთვის ხმაურია. ამ ლოგიკით, თბილისის ცნობილ აბანოებს თურქული უნდა ერქვას, თუმცა, ეს ასე არ არის! ზოგადად, ეს ქალაქი ლოგიკას და კანონებს არ ემორჩილება და იგი საკუთარი, ირაციონალური ცნებებით ცხოვრობს. თბილისის გაგება შეუძლებელია, იგი უნდა შეიგრძნო.

თბილისი გულს უცებ არ ხსნის. არ იფიქროთ, რომ ის პირქუში ან ჩაკეტილია! ეს ასე არ არის, მის შესახებ ამას ვერავინ იტყვის! პირიქით, ის მხიარული და ძალიან კეთილია! უბრალოდ, გეფლირტავება, თავის საიდუმლოებებს ნელ-ნელა გიზიარებს, შენს რეაქციებს აკვირდება და გარკვეულ რიტმს იცავს. რაც უფრო მეტს სეირნობ მის პატარა და ვიწრო ქუჩებში, რაც უფრო მეტად აკვირდები მის უძველეს ეზოებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს, მით მეტად ივსება ეს ქალაქი მოულოდნელობებით. თავის დაბადების დღეზე ბუნებით კეთილი თბილისი კიდევ უფრო გულწრფელი ხდება. თითქოს ის გიხსნის ერთ, თავის ძალიან მნიშვნელოვან მხარეს.

გაოცებს და გიმასპინძლდება

ლეღვთახევი, რომელიც მეიდანის აბანოებიდან იწყება და ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერთან მთავრდება, მდინარე წავკისითაა გაყოფილი. მდინარის ნაპირები ერთმანეთს ხიდებით უკავშირდებიან. ლეღვთახევი დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული ადგილი იყო. მდინარე მაშინაც ისევე ჩამოედინებოდა, როგორც ახლა და კლდეზე წამოჭიმული აივნიანი სახლები მაშინაც ასე მედიდურად გადმოჰყურებდნენ ქალაქს. მაგრამ არ იყო გზები და ხიდები. ამ ადგილის რეაბილიტაცია და მის ტურისტულ მექად გადაქცევა 2012 წელს დაიწყო. მას შემდეგ ლეღვთახევში ყოველ “თბილისობაზე” ულამაზესი სანახაობები იმართება. მეარღნეები მინი-კონცერტებს მართავენ, მდინარის მარცხენა სანაპიროდან წარსულიდან გადმოსული ადამიანები იცქირებიან. ყველაფერი ისეა, როგორც ძველი ტფილისის დროს. წლეულს ლეღვთახევში ყველაზე შთამბეჭდავი ცოცხალი ძეგლები იყო.

პირველი შემხვდა ქართველი მწერალი შოთა რუსთაველი თავისი კალმითა და პოემით. მას დიდი მრავალფეროვნება მოჰყვებოდა. მათ შორის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები, ნიჭიერი ფოტოგრაფების ექსპოზიციები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. კვლავ, დროში გაყინული ქართველი მმართველები, მეთაურები, ქართლის დედა… ერთი სიტყვით, პანტომიმის თეატრის მსახიობებმა შესანიშნავად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა.

– არა, მართლაც, როგორ აკეთებენ ამას, თვალსაც კი არ ახამხამებს! – წამოიძახა ტურისტმა და ერთ-ერთი ქართველი მეფის ფიგურას დააკვირდა. ქალბატონი ახლოს მივიდა და ფოტოების გადაღება დაიწყო. მსახიობი შესანიშნავად ასრულებდა თავის როლს. ტურისტი ახლა შორიახლოს დადგა და ისე უღებდა ფოტოს, როცა მოულოდნელად ქანდაკება გატოკდა. იაპონელ ქალს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და თითქმის ევროპული თვალის ჭრილი მიიღო.

მთელი ამ დღის ყველაზე საინტერესო აკორდი ქართული ტკბილეული – ჩურჩხელა იყო. თავად შეგეძლო, ყურძნის დაწურვა, რისთვისაც შესაფერისი ფეხსაცმელი წინასწარ იყო მომზადებული, შემდეგ ჩურჩხელა თათარაში თავად ამოგევლო და მიგერთმია. ერთი სიტყვით, თბილისს შეუძლია მეფურად გაგაოცოს და მეფურადაც გიმასპინძლოს.

სასიამოვნო გასეირნება

მოქმედებების ერთ-ერთი ტრადიციული ადგილია მეტეხის ხიდი, რომელსაც 2014 წელს სახელი შეუცვალეს და 100 ათასი წმინდა მოწამის ხიდი დაარქვეს. თუმცა ხალხი კვლავაც მეტეხის ხიდად მოიხსენიებს. ზუსტად ვერ გეტყვით ხიდი როდის აშენდა, თუმცა ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ მეცამეტე საუკუნეში ის უკვე არსებობდა.

მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველო მტრების თავდასხმებს გამუდმებით იგერიებდა. ხორეზმელი სულთანი ჯალალ-ედ-დინი საქართველოში 1227 წელს შემოიჭრა. დამპყრობლებმა თავიანთი ტრიუმფალური ლაშქრობა ქალაქის ძირითადი ქრისტიანული სიწმინდის შეურაცხყოფით დაიწყეს. სულთანმა ბრძანა, სიონის ტაძრიდან ყველა ხატი გამოეტანათ, გუმბათი მოეხსნათ და მის ნაცვლად მისი ტახტი დაედგათ. ბრძანება შესრულდა. ხატები ხიდის შუაგულში გამოიტანეს და ქალაქის მცხოვრებლებს მათზე ფეხით გადავლა უბრძანეს. ასი ათასმა ქართველმა ხატების ფეხით გათელვაზე უარი თქვა. მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.

მეტეხის ხიდი რამდენჯერმე გადაკეთდა. 1870 წლამდე ის ხის იყო. ხიდი ბოლოს 1951 წელს განახლდა. მეტეხის ხიდზე “თბილისობის” დროს ავტომობილების გამოფენის ტრადიციას საფუძველი ცოტა ხნის წინ ჩაეყარა. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი Opel -ის მარკის ავტომობილები, სამხედრო მანქანები, რომელთა უმრავლესობას ფილმებიდან ვცნობთ და წარსულში სამთავრობო ავტომობილები Чайка. დღესასწაულზე გამოფენილი ავტომობილებით გასეირნების უფლება არავის აქვს, თუმცა მათ ფონზე ფოტოების გადაღება ნებადართულია.

ქალაქის ჰიმნი

საქართველოში თითქმის ყველაფერზე და ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში მღერიან. ასეთია არსებობის ალგორითმი. არის ყოველდღიური და სადღესასწაულო სიმღერები. მაგალითად, ახალ წელს “მრავალჟამიერი” სრულდება, თბილისობაზე – “თბილისო”. ამიტომ ამ სიმღერის ავტორის, რევაზ ლაღიძის ძეგლის გახსნა, სწორედ თბილისობის დღესასწაულს დაამთხვიეს. კომპოზიტორის ძეგლი ბარათაშვილის ქუჩაზე დადგეს. XIX საუკუნეში ამ ქუჩას “მუხრანსკი” ერქვა, ამავე სახელწოდების იყო ხიდიც და კარიბჭეც. “მუხრანსკის კარიბჭედან” იწყებოდა მცხეთის და მუხრანსკის ხეობის გზა. ძეგლის გახსნას ქალაქის მერი კახა კალაძეც დაესწრო. ძეგლთან ფოტოც გადაიღო და “ქართულ ხმებთან” ერთად “თბილისოს” შესასრულებლად სცენაზეც ავიდა. ცოტა მოგვიანებით, ქალაქის ჰიმნად ქცეული სიმღერა უკვე სხვა ადგილიდან – რიყედან გაისმა. მტკვარზე მშვიდად დაცურავდნენ სასეირნო კატერები, რომლის ვერანდებიდან მწვადის სურნელი იფრქვეოდა. ქალაქი კი მორიდებულად იღიმოდა და თავის მორიგ დღესასწაულს აცილებდა.

ეკატერინე მინასიანი (თბილისი)