თბილისის ქუჩებში ე.წ. საცობები უკვე ბუნებრივ მოვლენად იქცა. დედაქალაქის მოსახლეობას ავტომობილების გრძელი რიგების პრობლემის მოგვარებას თბილისის მერი დავით ნარმანია ოქტომბრის ბოლოსთვის ჰპირდება, როდესაც ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება.

თბილისში საცობები უკვე არა მხოლდო პიკის საათებშია, არამედ დღის სხვა შუალედებშიც. მოსახლეობა მერიას საყვედურობს, რომ ბევრი სამშენებლო სამუშაო სწორედ სექტემბერში დაიწყეს, რამაც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ავტომობილების ისედაც გადატვირთული მოძრაობა კიდევ უფრო შეაფერხა. დღის საათებში აგებენ ასფალტს და კეტავენ მოძრაობას.

თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო მოძრაობა რამდენიმე ქუჩაზეა შეზღუდული და სხვა მიმართულებითაა გადართული.

“მათ შორის არის ორი ხიდი, რომლებიც შემოწმების შედეგად აღმოჩნდა მკვეთრად ავარიული და ჩვენ სასწრაფო წესით დავიწყეთ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია. არის ასევე ქუჩები, სადაც იცვლება წყლის სისტემა და სადაც იგება გზის საფარი. ყველა ძირითადი სამუშაო ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება”, – აცხადებს ნარმანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინიციატივის” დამფუძნებელ ვასილ ურუშაძეს მიაჩნია, რომ თბილისში დარღვეულია ბალანსი ავტომობილების რაოდენობასა და საგზაო ინფრასტრუქტურას შორის. ბოლო ხანებში კი ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. საგზაო ინფრასტრუქტურა წყობიდან გამოვიდა.

მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 13 -14 ივნისის სტიქიის შედეგად, როდესაც მდინარე ვერეს ადიდების გამო დაინგრა ვაკე-საბურთალოს ახალი გზატკეცილი. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გმირთა მოედანზე არსებული ეტაკადას ბედიც. ვაკე-საბურთალოს გზა ამდროისთვის ნაწილობრივი დატვრითვით მუშაობს.

“გზების გადატვირთვა ხელს უშლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების გადაადგილებას და შესაბამისად რისკის ქვეშ დგება ადამიანის ჯანმრთელობაც,” – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 2005 წლიდან იზრდება, მაგრამ შესაბამისად, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, შენდებოდა ახალი ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, ჩქაროსნული მაგისტრალები, მიწისზედა გადასასვლელები, ხდებოდა საგზაო ნიშნების მოდერნიზება და პარკირების სისტემის მეტნაკლებად მოწესრიგება, რაც ბოლო წლების განმავლობაში შეჩერდა.

“ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვაფრთხილებდით დედაქალქის მერიას, რომ შემოდგომაზე სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუალი იქნებოდა. რადგან მოქმედმა ხელისუფლებამ უარი თქვა ესტაკადებისა და შემოვლითი გზების მშენებლობაზე ავტომობილების ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, დღეს უკვე საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებულია. 2012 წლის შეემდეგ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტს დედაქალქში, რომელიც დამატებით განხორციელდა,” – მიაჩნია ექსპერტს.

როგორც Dalma News-ს თბილისის მერიაში განუმარტეს, დედაქალაქში ყოველდღიურად 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკსაც ზრდის. ამასთან დაკავშირებით მერია აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს, როგორც ქვეითების, ასევე მძღოლების ცნობიერების ასამაღლებელ საგანმანათლებლო პროექტებში, რათა სამომავლოდ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები – მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების მოუწესრიგებლობა და ლიბერალური კანონი.

“ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს, რომ ჰყავდეთ ავტომობილები, მაგრამ მათი უსაფრთხო მგზავრობისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ,” – აცხადებს ვასილ ურუშაძე.