ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შემოქმედებით სეზონის დაწყება „სამოციანელების“ თაობის ორი გამოჩენილი მხატვრის – გაიანე ხაჩატრიანისა და მარტინ პეტროსიანის სურათების გამოფენით აღინიშნა. სომხეთის მოქალაქეებსა და სტუმრებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ მხატვარ-კოლექციონერის ნერსეს მალიქიანის პირადი კოლექციიდან წარმოდგენილ გრაფიკულ ნამუშევრებს.

15
ნერსეს მალიქიან

თავის მოკრძალებულ მისასალმებელ სიტყვაში მელიქიანმა განაცხადა, რომ ეს გამოფენა ერთგვარი მოწოდებაა ყველა კერძო კოლექციონერისთვის, რომ ნამუშევრები ხშირად წარადგინონ საჯარო დათვალიერებისთვის და ნამდვილ ხელოვნებასთან ზიარების შესაძლებლობა, ნაცნობების ვიწრო წრის გარდა, რიგით მოქალაქესაც მიეცეს.

“სურათების შეგროვება 2000 წელს ჰენრიხ იგიტიანის (სომეხი ხელოვნებათმცოდნე, სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – რედ.) მიერ მოწოდებული სურათებით დავიწყე. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ ოდესმე ამხელა კოლექციას შევაგროვებდი და პერსონალურ გამოფენაზე გამოვიტანდი. ამჟამად ჩემს კოლექციაში 1000-ზე მეტი სურათია, მათ შორის გაიანე ხაჩატრიანის, მარტინ პეტროსიანის, მინას ავეტისიანის. ასევე ბევრი თანამედროვე მხატვრის – ჩემი მეგობრების ნამუშევრები. გაიანეს მანამდე ვიცნობდი, სანამ სურათებს პირადად მისგან შევისყიდიდი”.

გაიანე ხაჩატრიანის შემოქმედებით, თავის დროზე, მსოფლიოში ცნობილი რეჟისორები ანდრეი ტარკოვსკი და სერგეი ფარაჯანოვი მოიხიბლნენ. ეს უკანასკნელი მას მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილ მხატვარს უწოდებდა. მწერალი და ხელოვნებათმცოდნე ტელმან ზურაბიანი მის შესახებ წერდა:

ბრწყინვალე! სხვაგვარად ვერ უწოდებ მხატვარს, რომელმაც ეს საოცრება შექმნა – მსოფლიო გამონათება, ბრწყინვალება. სადაც ყველაფერი უჩვეულოა და იმავდროულად -ჩვეულებრივი. მისი ნიჭიერება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე ჩვეულებრივი და ყოველდღიური სანახაობის თეატრად გადაქცევა შეუძლია.

მარტინ პეტროსიანის შესახებაც არანაკლებ მაამაბელი ეპითეტი ისმოდა. სომეხი მწერალი, ფილოსოფოსი, კულტუროლოგი, ეთნოლოგი, კინოსცენარისტი რუბენ ანგალადიანი, მარტინ პეტროსიანის შემოქმედებას შემდეგნაირად ახასიათებს:

მისი შემოქმედება ზუსტად ასახავს მისი რთული ბედისა და მისი შემოქმედების – ამ თაობის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი კვინტესენციის პერიფერიებს. ის მწვავედ და სკრუპულოზურად სწავლობს ადამიანის სამყაროს, მის ფსიქოლოგიასა და მსოფლმხედველურ ძიებას და პოულობს თავის – არგუმენტების ძალზედ რთულ და ღირსეულად სერიოზულ ანალიზსა და პოლემიკას.

გამოფენის სტუმრებს შორის ცნობილი მხატვარი მაის მხითარიანიც იყო, რომელიც პირადად იცნობდა გაიანე ხაჩატრიანს და მეგობრობდა მასთან. Dalma News-სთან საუბარში მან თქვა, რომ მხატვრის შთაგონების წყარო ყოველთვის თბილისი იყო, რომელიც მშობლიურად და სულიერად ახლობლად მიაჩნდა. “გაიანესთან მაშინ ვმეგობრობდი, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი. მახსოვს, როდესაც ჰენრიხ იტიგიანმა ერევანში გადასვლა სთხოვა, სწორედ იმ დროს თბილისში ბინა უნდა მიეღო. გაიანე დიდხანს ორჭოფობდა: შეძლებდა, თუ არა გარემოს შეცვლის შემდეგ უწინდებურად გაეგრძელებინა თავისი საქმე?

10
მაის მხითარიან

ეჩვენებოდა, რომ ერევანში გადასვლის შემდეგ მისი ფერწერა აბსოლუტურად შეიცვლებოდა. ამიტომ დარჩა. ახლა, როგორც მხატვარმა, პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ყველაფერი იცვლება. უბრალოდ, უნდა გესმოდეს, რომ არსებობენ მხატვრები, რომლებიც ადგილზე არ არიან დამოკიდებულები: მათთვის სულ ერთია სად იცხოვრებენ , ისინი ისედაც საკუთარ სამყაროში არიან. თუმცა, არსებობენ მხატვრები, რომლებისთვისაც ადგილი – სადაც გაიზარდნენ და შემოქმედებით გზაზე სიარული დაიწყეს, ძალზედ მნიშვნელოვანი და საბედისწეროა. გაიანე სწორედ ასეთი მხატვარი იყო. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დარჩა. ის ხომ „მოსიარულე“ თბილისი იყო. ეს მისი სამყარო იყო და ამით ცხოვრობდა, თბილისური ცხოვრებით, ჰაერით, ენერგეტიკით, მტკვრითა და ურთიერთობით იკვებებოდა”.

გაიანე ხაჩატრიანი 1942 წელს დაიბადა და მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა. მან დაახლოებით 700 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი შექმნა. მისი ნახატები სომხეთის ეროვნული გალერეის, სომხეთის თანამედროვე მუზეუმის, ასევე მთელს მსოფლიოში ბევრი კერძო კოლექციის ექსპოზიციის მუდმივი ნაწილია. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გაიანე კოლექციონერ ვალერი ხანუკაევს დასთანხმდა მისი სახელობის საერთაშორისო ფონდის შექმნას. ფონდის ძირითადი საქმიანობა – გამოფენების მოწყობა, მხატვრული ნაწარმოებების შეგროვება, არქივის შექმნა, ხელოვნებისა და მხატვრული მემკვიდრეობის შესწავლაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიანე ხაჩატრიანის გამოფენა არაერთხელ მოეწყო, თუმცა ერევანში სულ ოთხჯერ. პირველი არაოფიციალური გამოფენა 1967 წელს სერგეი ფარაჯანოვისა და ჰენრიხ იგიტიანის მხარდაჭერით გაიმართა, ხოლო 2010 წელს, უკვე გაიანეს გარდაცვალების შემდეგ, სომხეთის ეროვნულ გალერეაში მისი უკანასკნელი გამოფენა გაიანე ხაჩატრიანის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მოეწყო.

მარტინ პეტროსიანი – ამ თაობის სომეხი მხატვრების ერთადერთი ცოცხალი მხატვარია. დაიბადა 1933 წელს, ცახკადენში (სომხეთი), ხოლო 1936 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, სადაც ბავშვობა გაატარა. 1953 წელს დაბრუნდა სომხეთში და პ.ტერლემეზიანის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა. მისი პერსონალური გამოფენები ეწყობოდა ერევანში, მოსკოვში, პარიზში, ლოს-ანჯელესში. 1976 წელს მარტინ პეტროსიანმა სომხეთის დამსახურებული მხატვრის წოდება მიიღო.

დღეს მისი ნამუშევრები წარმოდგენილია სომხეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სომხეთის კულტურის სამინისტროსა და მხატვართა კავშირის ფონდში, ასევე მრავალრიცხოვან კერძო კოლექციებში,როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბოლო რამდენიმე წელია მარტინ პეტროსიანი კანადაში ცხოვრობს.

ტრადიციული ფოტოკოლაჟი გამოფენიდან:

გამოფენა 26 თებერვლამდე გაგრძელდება

მოამზადა არმინე აგარონიანმა

Lina Levine-ის ფოტოები