საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სეტყვის შედეგად კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დაზარალდა. რეგიონში ჩასული, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა 1500-დან 2000 ჰექტრამდე ვენახი იყოს დაზიანებული.

სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა რომ ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტის განეიტრალება დღეს-დღეობით არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელია, რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად თავიდან იქნა არიდებული ღრუბლის მასის დამატებითი გაძლიერება, რაც არსებულ ნალექს რამდენჯერმე გაზრდიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ფუნქციონირება სამი თვინ წინ დაიწყო. წლევანდელი სეზონის განმავლობაში კახეთის რეგიონში სისტემამ 35 მასშტაბური სეტყვასშიში პროცესი გაანეიტრალა.