ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან” დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე დასახელება – რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა – გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე.

როგორც Dalma News-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების დანერგვა აღნიშნულ ნაწარმზე ფასების მატების მიზეზი ვერ გახდება და დადგენილება მხოლოდ რძისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის რეგულაციის მიხედვით, თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: “კარაქისებრი”, ან “კარაქის მსგავსი”, “არაჟნისებრი”, ან “არაჟნის მსგავსი”. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.

რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა “მსგავს”-თან, ანდა ბოლოსართ “ებრ”-თან ერთად, მაგალითად: “რძისებრი”, ან “რძის მსგავსი”, “არაჟნისებრი”, ან “არაჟნის მსგავსი”, 2016 წლის პირველ აგვისტომდეა დასაშვები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების გამოყენება აიკრძალება.