სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს, ელჩ ანჟეია კასპრჟიკს უმასპინძლა. როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ჯარებისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე არსებული ვითარება.

ორივე მხარემ კონფლიქტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გახშირებული ფაქტების გამო შეშფოთება გამოთქვა.

სერჟ სარგსიანმა ისაუბრა ინციდენტების გამოძიების მექანიზმის შექმნის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის  თანათავმჯდომარეებმა შესთავაზეს. პრეზიდენტის თქმთ, ეს ვითარების დეესკალაციას და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.  პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ოფისის მიერ მსგავს ვითარებებში განხორციელებული დაკვირვებების გახშირება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთში მიმდინარე სამეთაურო-საშტაბო სწავლება “ელვა -2015“-ზე.