სომხეთი სახელმწიფო შემოწმებების სისტემის რეფორმირებას აპირებს. ამის შესახებ საინსპექციო რეფორმების კოორდინაციის საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა გუშინ განაცხადა.

როგორც მთავრობის პრეს-სამსახურში აცხადებენ, საბჭომ სომხეთის რესპუბლიკის ბაზრის კონტროლის ინსპექციური ორგანოს, მისი დადგენილებისა და სტრუქტურის  შექმნის საკითხი განიხილა და დაამტკიცა. ახალ ორგანოში მართვის ახალი სისტემა და საზოგადოების ინფორმირების ახალი მიდგომები დაინერგება.

საინსპექციო სფეროს რეფორმების მნიშვნელობაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთში პირველი ღონისძიება ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 2009 წელს გატარდა. 2014 წლის დეკემბერში მიიღეს “ინსპექციური ორგანოების შესახებ” კანონი,  რაც ინსპექციური სისტემების ოპტიმალიზაციისაკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად იქცა.

“სომხეთის მთავრობამ აუცილებელი სამართლებრივი აქტები მიიღო და ახლა ინსპექციის ორგანოების ფორმირების პროცესზე გადავდივართ”, – დასძინა ოვიკ აბრამიანმა.

ფორმირების პროცესში მყოფი სომხეთის ბაზრის კონტროლის ახალი ორგანო გახდება წამყვანი და დანარჩენი სტრუქტურის უმოკლეს დროში შექმნას შეუწყობს ხელს.

“აუცილებლად უნდა ითქვას, რომ “ინსპექციური ორგანოების შესახებ” კანონის თანახმად, 2018 წლის 9 იანვრამდე ახალი საინსპექციო ორგანოები უნდა შეიქმნას. შესაბამისად, რეფორმები უწყვეტად უნდა წარიმართოს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, შემდგომ ნაბიჯებად განიხილება მოქმედი სტრუქტურების საფუძველზე  სომხეთის ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებში ინსპექციის ორგანოების შექმნა.