სომხეთის მოქალაქეობის მიღება სირიასა და ერაყში შესაძლებელი იქნება 2016 წლის ბოლოსთვის. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ 6 აგვისტოს სხდომაზე მიიღო.

როგორც სომხეთის დიასპორის მინისტრმა გრანუშ აკოფიანმა განაცხადა, სირიასა და ერაყში ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე ლიბანში, მსგავსი უფლებამოსილებები 2015 წლის პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ. ამ ვადის გაგრძელება იგეგმება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ეთნიკურმა სომხებმა, რომლებიც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ და სურთ სომხეთში ჩასვლა ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების გამო, ამის გაკეთება გართულების გარეშე შეძლონ.

სომხეთის მთავრობა ამ ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს  პასპორტისთვის სახელმწიფო გადასახადისგან ათავისუფლებს.