სომხეთის მოქალაქეებს ბელორუსში ყოფნის კიდევ უფრო თავისუფალ რეჟიმს შესთავაზებენ. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე, 10 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყოფნის თავისუფლების ხარისხი იგივე იქნება, როგორც რუსეთში. სომხეთის მოქალაქეები ბელორუსში 30 დღის განმავლობაში რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ ყოფნას.

სომხეთსა და ბელორუსს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება 2002 წლიდან მოქმედებს.

“მსგავსი შეთანხმება უკვე მოქმედებს რუსეთთან, ხოლო ყაზახეთთან – მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქვეყანაში ყოფნის ამგვარი ხარისხის თავისუფლება ევრაზიის ინტეგრაციის პრინციპიდან გამომდინარეობს”,- დასძინა კოჩარიანმა.