სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრაქცია “ელქ”-მა (“გამოსავალი”) საშემოდგომო სესიები, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან სომხეთის გასვლის ინიციატივით დაიწყო. ინიციატივა სომხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა წრეებმა არაერთმნიშვნელოვნად მიიღეს, ხოლო სახელისუფლებო რესპუბლიკური პარტიის წევრებმა და ავტორიტეტულმა ექსპერტებმა გააკრიტიკეს.

თავის ინიციატივას “ელქ”-ი იმით ამართლებს, რომ მისი აზრით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყოფნა არ წყვეტს იმ სოციალურ-ეკონომიკურ და თავდაცვით პრობლემებს, რისთვისაც ქვეყანა თავის დროზე ამ სტრუქტურაში გაერთიანდა. ფრაქციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ზღუდავს სომხეთის მესამე ქვეყნებთან, მათ შორის მეზობელ საქართველოსთან და ირანთან ეკონომიკური კავშირის გაფართოების შესაძლებლობებს, ასევე, არ უზრუნველყოფს კაპიტალის, საქონლის, მომსახურების და მუშა ხელის თავისუფალ გადაადგილებას. შესაძლოა, ინიციატივის ავტორებს დაავიწყდათ, რომ ირანმა არაერთხელ გამოხატა ინტერესი, სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად სწორედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი გამოეყენებინა.

Представители блока "Елк"
“ელქ” ბლოკის წარმომადგენლები

სომხურ-რუსული უალტერნატივო სტრატეგიული ურთიერთობების და გეოპოლიტიკური რეალიების, როგორც უსაფრთხოების, ისე მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისადმი ამგვარი ცალსახა მიდგომა უადგილოა. აღნიშნული ინიციატივის გასამართლებლად “ელქ”-ს მიერ მოყვანილი არგუმენტები არსებულ რეალობას ეწინააღმდეგება.

კოლეგიის წევრი, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მაკროეკონომიკის და ინტეგრაციის საკითხებში, ტატიანა ვალოვაია აცხადებს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან და ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან შეერთებით სომხეთმა სერიოზული ინტეგრაციული ეფექტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს კავშირის შიგნით ურთიერთვაჭრობა 6,7%-ით მცირდებოდა, სომხეთის ვაჭრობა გაიზარდა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებში სომხეთის ექსპორტმა 53% შეადგინა. ამგვარად, მან ეკონომიკური კრიზისის პერიოდი მინიმალური დანაკარგებით გადალახა, ხოლო მისმა ეკონომიკამ ბევრად უფრო რთულ შედეგები აირიდა თავიდან. ვალოვაიას შეფასებით, კრიზისის პიკში სომხეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არჩევანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სასარგებლოდ გააკეთა.

როგორც რუსეთის ელჩმა სომხეთში, ივან ვოლინკინმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სომხეთი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში და თავისი სურვილისამებრ შეუძლია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგას. თუმცა, ელჩი ვარაუდობს, რომ სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იქნება, რადგანაც კავშირში ყოფნით მიღებულ უპირატესობას და სარგებელს ხედავენ.

სომხეთის რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დატოვება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტთა შორის არ მოიაზრება. საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომისიის (რომელმაც აღნიშნული ინიციატივა უნდა განიხილოს) ხელმძღვანელმა არმენ აშოტიანმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა სომხეთის საგარეო პოლიტიკურ და საგარეო ეკონომიკურ ინტერესებს არ შეესაბამება.

თავის მხრივ, სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანმა, სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვმა “ელქ”-ის ინიციატივას უსაფუძვლო, მაგრამ საშიში უწოდა.

“რომ ამბობენ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გავიდეთო? სად წავიდეთ, აბა?! ჩვენთვის 180 მილიონიანი ბაზარი დაიკეტება და ვინღა მოგვაწვდის გაზს 155 აშშ დოლარად? კიდევ ვიმეორებ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ჩვენთვის სერიოზული შესაძლებლობაა. მის გარეშე სომხეთის ეკონომიკას სერიოზული საფრთხე ემუქრება”, – განაცხადა შარმაზანოვმა.

რაც შეეხება 600 მილიონიან ევროპულ ბაზარს, რომელიც შედარებით გადახდისუნარიანია, ედუარდ შარმაზანოვის თქმით, ასეთი რამე, მხოლოდ სურვილით არ ხდება, საჭიროა გაეცნო რიგის დეკლარაციას იმისთვის, რომ გაიგო ევროკავშირს გაფართოება სურს თუ არა. მისივე თქმით, სომხური პროდუქცია, ობიექტურად რომ შევაფასოთ, შედარებით უფრო კონკურენტუნარიანია ევრაზიის ბაზარზე. “სომხური ხილი, ბოსტნეული, კონიაკი სად უფრო კონკურენტუნარიანი? ევროპის ბაზარზე? მაშ, წავიდნენ და სომხური თევზი საბერძნეთში გაყიდონ…”, – დასძინა მან.

შარმაზანოვის აზრით, ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესაძლებლობებით უნდა ისარგებლოს, რადგანაც კავშირის შემადგენლობაში ყოფნა ყველაფერს არ ნიშნავს. მან სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს, პარლამენტარებს და მრეწველთა კავშირს ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობისკენ მოუწოდა.

“ელქ”-ის ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა სომხეთის რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტუნის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი არმენ რუსტამიანი.

“თამაში ხომ არ არის: დღეს გაწევრიანდე, ხვალ გამოხვიდე… სომხეთმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა, ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებით და გარემოთი უზრუნველგვყო…”, – განაცხადა მან.

რუსტამიანის თქმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობის შემდეგ, სომხეთმა შეძლო და თანამშრომლობის შესაძლებლობები არც ევროკავშირთან დაკარგა. გარდა ამისა, კავშირში გაერთიანებით სომხეთმა უსაფრთხოების სფეროში პოზიციები განიმტკიცა: “განა, ცხადი არ არის, რომ ჩვენი უსაფრთხოების პოზიციები განმტკიცდა?! ჩვენ ომი მოვიგეთ, რომელიც ცოტა ხნის წინათ თავს აზერბაიჯანმა მოგვახვია”, – დასძინა მან.

ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის ეროვნულ კრებაში ადგილების დიდ უმრავლესობას მმართველი რესპუბლიკური პარტია ფლობს, ზემოთ აღნიშნული ინიციატივა უგულებელყოფილი იქნება. საინტერესოა, რაში სჭირდება ოპოზიციურ ბლოკ “ელქ”-ს სასიკვდილოდ განწირული პროექტის წამოყენება. შესაძლოა, “ელქ”-ი ამით კონკრეტულ მესიჯს უგზავნის ევროკავშირს და ამერიკას, რითაც მიანიშნებს მოქმედ ხელისუფლებასთან თავის წინააღმდეგობრიობაზე ​და ადასტურებს თავის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს. შესაძლოა, ეს სომხეთში ანტიევრაზიული(ანტირუსული) პოლიტიკის ინიციატივაა, რომელსაც შორს მიმავალი მიზნები აქვს?! მოვლენების შემდგომი განვითარების ანალიზი ბლოკ “ელქ”-ის მოქმედებების შედარებით უფრო ზუსტ შეფასებას მოგვცემს. საინტერესო სწორედ ის არის, რომ ეს ყველაფერი სომხეთსა და ევროკავშირს შორის, შემოდგომისთვის დაგეგმილი ჩარჩო-შეთანხმების გაფორმების წინ ხდება.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებაში შესასვლელად ბლოკმა “ელქ”, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული არჩევნების შედეგად ამომრჩეველთა ხმების 7,8% დააგროვა. “ელკელების” წინასაარჩევნო დაპირება “სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება და მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლება” იყო. თუმცა ეროვნულ კრებაში შესვლის შემდეგ მათ “ანტირუსული” ქვეტექსტების მქონე ინიციატივების წყალობით, სერიოზულად შეარყიეს თავიანთი პოზიციები და დაკარგეს მოქალაქეების ნდობა.

ქუჩებისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა, რომელის პარლამენტში “ელქ”-მა წამოაყენა, საზოგადოებამ უარყოფითად აღიქვა და პოლიტიკურ უსაქმურობაში დაადანაშაულა. მოწონება ვერც სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის ინიციატივამ მიიღო. სოციალურ ქსელში “ელქ”-ის მისამართით ისიც დაიწერა, რომ იგი დასავლეთის “დაკვეთას” ასრულებს და ქვეყანა ქვესკნელისკენ მიჰყავს.

აღსანიშნავია, რომ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში “განათლებული სომხეთი” ეწერა: “განათლებული სომხეთი” მოწოდებულია სომხეთში სახელმწიფოს ევროპული მოდელის ასაშენებლად… პარტიას მიაჩნია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა, მისი ინტერესების საუკეთესო გამოხატულება არ არის. შესაბამისად, რესპუბლიკამ ქვეყანაში ევროპული მოდელის აშენება უნდა განაგრძოს ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებით და შემდგომში ამ კავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივით”.

საინტერესოა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს “ელქ”-ი ცდილობდა თავისი ანტირუსული რიტორიკა დაემალა და აქცენტს მოქმედი ხელისუფლების კრიტიკაზე აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის მოწოდებებით ამომრჩეველს დააფრთხობდა. როგორც ჩანს, პარლამენტში შესვლის ამოცანა შესრულებულია და ჯერი სხვა საკითხების დღის წესრიგში დაყენებაზე მიდგა. თუმცა, საინტერესოა, ამას “ელქ”-ის წევრები აკეთებენ, თუ სხვები.

მოამზადა საზოგადოებრივი კლუბის “Голас народа”-ს ექსპერტმა ცოვინარ კოსტანიანმა.