სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 8 სექტემბერს ბელარუსის ქალაქ გროდნოში გაიმართა. სომხური დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პრემიერ-მინისტრი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე სურენ კარაიანი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შავარშ კოჩარიანი.

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა.

მთავრობის მეთაურებმა ინტეგრაციის ფართო საკითხები განიხილეს, კერძოდ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში სამრეწველო თანამშრომლობის მიმართულების მთავარი საკითხები, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, მომსახურეობების საერთო ბაზრის ფორმირება, უცხო ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება.

როგორც სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა, სომხური მხარე დღის წესრიგის გათვალისწინებით, თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს დოკუმენტების მიღებას უჭერს მხარს. პრემიერის თქმით, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევრაზიული კავშირის ფარგლებში სამრეწველო თანამშრომლობის გაღრმავებას და მზად არის ევრაზიული საინჟინრო ცენტრის შექმნისთვის განხილვების მოედნად იქცეს. აბრამიანმა ასევე ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიკროეკონომიკური და ფინანსურ-საკრედიტო პოლიტიკის რეალიზებაში გამოცდილებების გაცვლა.

ევრაზიული კავშირის ევროპულთან თანამშრომლობის აქტუალობის შესახებ საუბრისას აბრამიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო -ეკონომიკურ საკითხებში მოლაპარაკებების გამოცდილების გათვალისწინებით სომხეთი ემზადება მხარი დაუჭიროს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს ევროკავშირთან დიალოგის ფორმირებაში, რაც ურთიერთმომგებიან ინტეგრაციულ პროცესებს დაეხმარება.

ოვიკ აბრამიანის იდეის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა სომხეთში გაიმართება.

შეხვედრის ბოლოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრებმა ინტელექტუალური საკუთრების, ზოგიერთი საქონლის მარკირების სისტემის დანერგვის, მომსახურეობების საერთო ბაზრის ფორმირებისა და სხვა საკითხებში ათზე მეტ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.