რამდენად შესაძლებელია რესტორანმა გახსნისთანავე წარმატება მოიპოვოს? აბსოლუტურად შესაძლებელია, თუ საქმე რესტორნის მფლობელს, ერევანში რესტორან Accent by Gayane Breiova-ს “ბრენდ-შეფს”, მოსკოვში რესტორან Gayane’s მფლობელს, წიგნის ავტორს, ტელეწამყვანს, ბლოგერს და უბრალოდ ლამაზ ქალბატონს გაიანე ბრეიოვას ეხება. იგი დარწმუნებულია, რომ რესტორნის ბიზნესს საფუძვლად ნამდვილი სიყვარული თუ უდევს, ის აუცილებლად წარმატებული იქნება.

Dalma News-ის კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრეიოვა თავის რესტორანზე, სომხეთისადმი სიყვარულზე და ერევანში ახლად გახსნილი რესტორნის სამომავლო პროექტებზე საუბრობს.

– ქალბატონო, გაიანე, შარშან თქვენ ერევანში რესტორანი Accent-ი გახსენით, სადაც მომხმარებელს კარგად ნაცნობ და უცნობ კერძებს ახლებური ხედვით სთავაზობთ. როგორც გეგმავდით, ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას?

– 2018 წლის ბოლოს რესტორან Accent-ის ტექნიკური გახსნა მოეწყო, 2019 წლის თებერვალში იგი ოფიციალურად გაიხსნება. მოხარული ვარ, რომ რესტორნის ოფიციალურ გახსნამდე ცოტა ხნით ვიმუშავეთ და მოვემსახურეთ ხალხს, რადგანაც უკეთ დავინახეთ რესტორნის რეალურად მუშაობის პროცესი. 2 თებერვალს დაგეგმილია ფურშეტი, სადაც პატარა ულუფებად ძირითადი მენიუს ყველა კერძს წარვადგენთ. ჩემთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, წარვადგენ ძალზედ საინტერესო და მოულოდნელ ცხელ კერძს, რომელიც chief-table-ის მენიუში შევა. ამავე მენიუში იქნება კიდევ ერთი ცხელი კერძი – ბულგური თევზით და ორიგინალური სალათით, რომელსაც სტუმრებს ვახშმად შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, საღამო ვერ იქნება სრულფასოვანი Gayane’s ტორტის და სხვა გემრიელი და საინტერესო დესერტის გარეშე.

– ამა თუ იმ კერძში აქცენტებს თავად აკეთებთ, თუ თქვენს შეფმზარეულებს ენდობით?

– საერთოდ არ მომწონს, როდესაც ჩემს კერძს ვიღაც რაღაცას ამატებს, ან აკლებს. თუმცა Accent-ი განსაკუთრებული პროექტია და ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კერძი გაწონასწორებული იყოს. მე ხომ საკმაოდ დემოკრატიული ადამიანი ვარ, ამიტომ ჩემთან ერთად სამზარეულოში მუშაობის და შემოქმედების საშუალებას ვიძლევი. ეს პროცესი მეც ძალიან მაინტერესებს და ვენდობი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან მუშაობენ. პროცესის გასაკონტროლებლად აქ ორ თვეში ერთხელ ჩამოვდივარ. ამჯერად, ერევანში შვიდი დღე ვიქნები და Accent-ში chief-table-ის 12 კერძს წარვადგენ. 5 თებერვალს დაგეგმილია ბიზნეს-ვახშამი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს ველი. ვისაუბროთ ბიზნესის და ცხოვრების აქცენტებზე.

– არსებობს მოსაზრება, რომ რომელ რესტორანშიც არ უნდა შევიდეს სომეხი ადამიანი, ყველგან ტრადიციულ მწვადს ითხოვს. ცხადია, ახალი რესტორნების რაოდენობა მოწმობს იმას, რომ ყველაფერი არც ისე პროზაულია. თქვენის აზრით, როგორ შეიცვალა სომხების გემოვნება და რას ეძებენ ტურისტები ჩვენს ქვეყანაში?

– მე მგონი, ეს მცდარი შეხედულებაა. ცხადია, კონსერვატიული სამზარეულო, რომელიც სომეხი ადამიანისთვის ძალზედ ჩვეულებრივია, ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა, ახლა ადამიანები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, უპირატესობას ანიჭებენ თავიანთ ჯანმრთელობას და უარს არც ახალ გემოზე ამბობენ. დააკვირდით, კონცეპტუალური რესტორნების სიმრავლეს, იქ ყოველთვის ბევრი ხალხია. მიმაჩნია, რომ ისეთი რესტორანი, სადაც შესაძლებელი იქნება ტრადიციული კერძების ახლებური აქცენტებით, ან არატრადიციული ინტერპრეტაციით და განსხვავებული არომატით დაგემოვნება, ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. ჩემს კერძებში ასევე Healthy food-ის აქცენტებს ვსვამ. საყურადღებოა ისიც, რომ სომხები ძალიან ხშირად იკვებებიან რესტორნებში. ამ მხრივ, ჩემი რესტორანი ორ მიზანს ემსახურება: პირველი – ტურისტებისთვის ტრადიციული სომხური პროდუქტების გაცნობა და მეორე – ამ პროდუქტების და კერძების ახლებური ინტერპრეტაციითა და ხარისხით წარდგენა. ჩემის აზრით, ტურისტი, რომელიც პირველად სტუმრობს სომხეთს, პირველ რიგში, ესტუმრება ტავერნას, სადაც ყველაზე კონსერვატიულ და ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებს.

– რესტორან Gayane’s შესახებ თითქმის ყველა სომეხმა იცის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ ერევანშიც. რისი შედეგია ასეთი წარმატება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მარად ცვალებად სამყაროს?

– ძალზედ სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა, რადგანაც ეს არა მხოლოდ ჩემი რესტორანი, არამედ ჩემი შვილობილიც არის, რომელშიც ძალიან დიდი სიყვარული და ენერგია მაქვს ჩადებული. ეს რესტორანი ჩემს არსებას ასახავს – ჩემი კერძების, მუსიკის, ურთიერთობების მეშვეობით სტუმრებს ჩემს სიყვარულს და პატივისცემას გადავცემ. მიმაჩნია, რომ თუ რესტორნის ბიზნესს საფუძვლად სიყვარული უდევს, ის აუცილებლად მოიტანს წარმატებას. მიმაჩნია, რომ რესტორან Gayane’s წარმატებაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

– ჰოლივუდის ფილმებიდან ვიცით, რომ შეფმზარეულებს და რესტორნების მფლობელებს მომხმარებლებზე მეტად კრიტიკოსების ეშინიათ. ამ მხრივ, როგორი ვითარებაა რუსეთში, კრიტიკოსის აზრს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს თუ ხალხისას, რომელიც რესტორანს ისევ და ისევ სტუმრობს?

– კრიტიკოსებიც ადამიანები არიან. თუმცა არსებობენ ისეთი კრიტიკოსებიც, რომლებიც რესტორანში უკვე ცუდი განწყობით და ყველაფრის გასაკრიტიკებლად შედიან. რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში კრიტიკოსები შესანიშნავი ადამიანები არიან, ძალიან გახსნილები, განათლებულები და გამოცდილები. ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ბიზნესის შესახებ წერენ, ძალიან დიდ პატივს ვცემ. მათი აზრის მოსმენა ყოველთვის სასარგებლოა და ჩემი დიდი სურვილია, რომ რესტორნის გახსნამდე სწორედ ასეთ პროფესიონალ ადამიანებთან და შეფმზარეულებთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორც კერძებზე, ისე რესტორნის ბიზნესის კონცეფციაზე. რაღაც ეტაპზე, კრიტიკოსების და სტუმრების მოწვევა და მათთვის უფასოდ გამასპინძლება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ამ ადამიანებისგან მიღებული სარგებელი ჩემთვის ძალზედ ფასეულია.

– თქვენს ინტერვიუებში ხშირად ამბობთ, რომ სომეხი ხალხი და სომხეთი თქვენი შთაგონების წყაროა. ცნობილია, რომ შარშან, “ხავერდოვანი რევოლუციის” დროს თქვენ სომხეთში იმყოფებოდით და ტურისტებით სავსე ავტობუსით მოვლენების ეპიცენტრშიც მოხვდით. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ქვეყანაში და შეიცვალა თუ არა თქვენი შთაგონების აქცენტებიც?

– უკვე 25 წელია სომხეთში არ ვცხოვრობ და თანამემამულეებთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს, შედეგად, ძალიან მიძნელდება ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ცვლილებებზე საუბარი. ეს ძალზედ მგრძნობიარე თემაა: როდესაც ქვეყანაში, რამდენიმე დღით ჩადიხარ, რაც არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, იცნობდე მის თითოეულ კუთხეს და ტკივილამდე გრძნობდე მას, მსგავს მოვლენებში სიღრმისეულად ვერ ეშვები. დიახ, აპრილ-მაისში მართლაც ვიყავი ერევანში ტურისტებთან ერთად. განწყობა სხვადასხვაგვარი იყო. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ჩემი განწყობა მაშინაც და ახლაც პოზიტიურია. გულწრფელად მიმაჩნია, რომ მშვიდობა თითოეული ჩვენგანიდან გამოდის და თუ სილამაზეს ვხედავთ, ეს სილამაზე ჩვენს გულებშია. თუ მხოლოდ ცუდს ვხედავთ, მაშინ მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და გავარკვიოთ რა ხდება. სომეხი კაცი ყოველთვის მოქნილი იყო, რომელსაც შეეძლო ყველაფრისგან საუკეთესო და ყველაზე ლამაზი მიეღო. – შეიცვალა თუ არა ჩემი შთაგონების აქცენტები? – ალბათ, არა, რადგან მე ყოველთვის აბსოლუტურად დადებითად ვარ განწყობილი (იცინის).

– ადრე მსახიობები ჰამლეტის როლის შესრულებაზე ოცნებობდნენ. თქვენ გაქვთ საოცნებო კერძი?

– ჩვენი შესაძლებლობები შეუზღუდავია. შეზღუდვებს ჩვენი გონება გვიწესებს. მე არც ადრე, არც ახლა და არც არასოდეს პროდუქტების და გემოს ურთიერთშეხამების სურვილში თავს არ ვიზღუდავ. მაგრამ თუ გაინტერესებთ, რა არის ჩემთვის მთავარი, გეტყვით რომ ეს არის ჩვენი პური – ლავაში, რომელიც ჩემთვის ყველაფრის საფუძველია.

– თქვენ ხართ ქალბატონი, რომელმაც წარმატებას საკუთარი ძალისხმევით მიაღწია. როგორ გრძნობთ თავს მამაკაცების ბიზნესში და რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ვფიქრობ, ეს საკითხი უკვე აქტუალური აღარ არის. დღეს საკმაოდ ბევრია დამოუკიდებელი Selfmade ქალბატონი, რომლებსაც შევხვედრივარ, მათ შორის სომხეთშიც. მალე, ალბათ, მამაკაცებისთვის მოგიწევთ ანალოგიური კითხვის დასმა, თუ როგორ გრძნობენ თავს ასეთი ლამაზი და დამოუკიდებელი ქალბატონების ბიზნესში (იცინის).

ერევანში ზუსტად ათი წლის წინ ჩავედი და ჩემი პირველი პროექტი – “ერევნის საუკეთესო რესტორანი” დავიწყე. დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთში მუშაობის სპეციფიკა, მით უფრო მამაკაცების ბიზნესში, იყო, არის და იქნება განსაკუთრებული. ათი წლის წინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგონა ვიყავი და როდესაც შევდიოდი, ძალიან სერიოზული ხმით, სრული დამაჯერებლობით ვსაუბრობდი იმაზე, თუ რას და როგორ უნდა ემუშავა. ხალხი ცოტა გაოცებული იყო. თუმცა, ეს გაოცება მხოლოდ ხუთ წუთს გრძელდება და შემდეგ ისინი პროფესიონალურ, ჩემთვის გასაგებ ენაზე მესაუბრებოდნენ.

– რომელიმე ისტორიული პიროვნებისთვის კერძის მომზადების შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის აირჩევდით და რით გააოცებდით?

– ისტორიული პიროვნებების არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიყვარს მერილ სტრიპი. ამიტომ, მას ვირჩევ და მისთვის მოვამზადებდი “მიკადოს”. დარწმუნებული ვარ მას ეს ტორტი ძალიან მოეწონებოდა, აღფრთოვანდებოდა და შეუყვარდებოდა სომხეთი და ჩვენი გემოვნება.

– რით გაგვახარებს გაიანე ბრეიოვა 2019 წელს? იქნებ, ახალი რესტორნით, ახალი სატელევიზიო პროექტით, ან ახალი წიგნით? ვიცი, რომ სიტყვა “ახალი” თქვენი ერთ-ერთი საყვარელი სიტყვაა.

– ახალი პროექტით, რომელსაც Veganutye ჰქვია. ეს არის ვეგეტარიანული საკვების პილოტური წერტილი, რომელიც, თუ ღმერთმა ინება, წარმატებული იქნება და მომავალში გავაფართოვებთ კიდეც. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ერთ პროექტზე, რომლის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი. რაც შეეხება წიგნს – ეს ისეთი შთაგონებაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოვიდეს, ასე რომ, რატომაც არა?! სავსებით შესაძლებელია გამიჩნდეს რაღაც იდეა და მეოთხე წიგნიც დავწერო.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არ შეჩერდე, გაიხარო ყველაფრით, რასაც ცხოვრება გაძლევს და ყველაფრისთვის იყო გახსნილი. ასეთ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ახალი და ყველაფერი საუკეთესო შემოვა.

ესაუბრა ლია ხოჯოიანი

ფოტოები აღებულია გაიანე ბრეიოვას ოფიციალური Facebook-გვერდიდან