შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპანია “სი-თი პარკის” სამი თანამშრომელი მას შემდეგ დააკავეს, რაც საპატრულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან “სი-თი პარკის” საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი, რომელშიც მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომობილის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს-ს ეძინა.

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, კომპანია “სი-თი პარკის” სამი თანამშრომელი დააკავეს, არასრულწლოვანი ლუკა კი მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.

გამოძიება ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით).

მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს კომპანია “სი-თი პარკში”, თუმცა აცხადებენ, რომ არანაირი გარემოება არ მიანიშნებდა იმაზე, რომ “სი-თი პარკის” თანამშრომლებს ბავშვის გატაცება სურდათ.

კომპანიაში ბავშვის მშობლის პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ: “ბავშვს ავტომობილში უკანა სავარძელზე ეძინა, შუშები დაბურული იყო. ჩვენ ავტომობილის კარის გაღების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ კერძო საკუთრებაა. ხოლო ბავშვს არანაირი სიგნალი არ მიუცია ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომ ის ავტომობილში იმყოფებოდა,” – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტაბიძე.

კომპანია “სი-თი პარკის” მიმართ უამრავი პრეტენზია და კითხვები დიდი ხანია არსებობს. პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველოს” ლიდერებმა თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს ამ კომპანიის გაუქმების მოთხოვნით, შემდეგ კი საკუთარი ძალებით დაიწყეს ბრძოლა და დედაქალაქის რამდენიმე უბანში, პროტესტის ნიშნად “სი-თი პარკის” კუთვნილი ბოძები მოჭრეს.

როგორც Dalma News-ს “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბეჟან გუნავამ განუცხადა, “სი-თი პარკის” მიმართ დედაქალაქის მოსახლეობას უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, თავად კი კომპანიას მძარცველს უწოდებს.

“მძარვცელი “სი-თი პარკი” კვლავ ფუნქციონირებს და ჩვენ საცხოვრებელ ეზოებშიც გვივარდება. საკუთარი სახლის წინ გაჩერებული ავტომონილის გამო ღამის 12 საათზეც დამაჯარიმეს. თან ორჯერ,” – აცხადებს ბეჟან გუნავა.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად ავტომობილის გადაყვანა კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ის აფერხებს მოძრაობას, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე დგას.

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ “სი-თი პარკის” წინააღმდეგ სექტემბრიდან სერიოზული კამპანია დაიწყოს. თავისუფალი დეპუტატი თბილისის მერიის დაკვეთით კერძო აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებულ.

აუდიტორულ დასკვნას ეხმაურება და მიაჩნია, რომ თბილისის მერიასა და “სითი პარკს” შორის დადებულ ხელშეკრულებაში, პირობები “სი-თი პარკის”  სასარგებლოდ არის.

მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ “სი-თი პარკი” ქალაქში კიდევ ათი წლით უნდა  დარჩეს და არაფერში უნდა აიღოს დაახლოებით 300 მლნ ლარი. ” სექტემბრიდან წერტილი უნდა დაესვას თბილისის მერიის მიერ ხალხის მოტყუებას, რომ ვითომ  “სი-თი პარკს” რაღაცას შეაცვლევინებენ. სექტემბრიდან დაიწყება ძალიან სერიოზული კამპანია”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

Dalma News მანამდე წერდა, რომ “სი-თი პარკის” მიმართ პრეტენზიები აქვს დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასაც. იგი კომპანიისგან დედაქალაქის ბიუჯეტში იმ თანხმების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც ბიუჯეტს “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის დროს განხორციელებული ცვლილებების შედეგად დააკლდა.
“დედაქალაქის ბიუჯეტს ეკუთვნის თანხა, რაც დღემდე არ მიგვიღია “სი-თი პარკისგან”, ამიტომ ამ თანხის ანაზღაურება ჩვენთვის პრინციპულია,” – აცხადებს თბილისის მერი. იგი ასევე საჭიროდ მიიჩნევს შეიცვალოს ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის წესი და მხოლოდ ადგილზე დაჯარიმებით შემოიფარგლნონ. თუ კომანია მერიის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს არ დათანხმდება, მერი რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამოვრიცხავს.

კომპანია “სი-თი პარკის ” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტაბიძე აცხადებს, რომ მძღოლებს შეექმნათ არასწორი წარმოდგენა, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სითი პარკს აღარ აქვს ავტომობილების გადაყვანის უფლება და აცხადებს, რომ “სი-თი პარკი” კვლავ ოპერირებს ქალაქში.

კომპანიებმა შპს “სი-თი პარკი” 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირების საკითხში.

როგორც Dalma News -ს არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) განუცხადეს, 2009-2013 წლებში კოპმანია “სი-თი პარკის” ჯარიმებით გადახდილმა თანხამ თბილისის მთავრობის ანგარიშზე სულ მცირე 11,6 მილიონი ლარი შეადგინა. ანუ კომპანია, ყოველწლიურად ჯარიმების სახით 2,3 მლნ ლარს იღებს, ერთ თვეში კი დააახლოებით 200 ათას ლარს.

სტატისტიკის თანახმად, “სი-თი პარკმა” 3 წლის განმავლობაში თითქმის 1,2 მილიონი ჯარიმა გამოწერა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 10 ლარს შეადგენს, მაშინ 2009-2013 წლებში ჯარიმების გადახდით თბილისის მთავრობის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ოდენობამ მინიმუმ 11 608 740 ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს საჯარიმო შემოსავლებისთვის”, – აცხადებენ IDFI-ში.

სპეციალურად Dalma News -სთვის შორენა პაპაშვილი.