მიმავალი წელი აღსანიშნავი იყო საერთაშორისო არენაზე სომხური IT-კომპანიების საწრმატებით. IT სპეციალისტების ტოტალური დეფიციტის, ასევე მსოფლიოში რთული ეკონომიკური ვითარების პირობებში, ბევრი უცხოური კომპანია დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ინოვაციური ტექნოლოგიების სომხური ბაზრის განვითარებას. სომხეთი თავის მხრივ ახალ-ახალ ბაზარს ეძებს.

ინფორმაციული ტექნოლოგიები არც ზღვარია და არც დასასრული, – მიაჩნია სომხეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების საწარმოების კავშირის (UITE) დირექტორს კარენ ვარდანიანს.

“ინფორმაციული ტექნოლოგიები მხოლოდ დასაწყისია. ინფორმაციული ტექნოლოგიებიდან კომპლექსური ინჟინერიის სფეროში, სამეცნიერო-კონსტრუქტორულ სამუშაოებზე უნდა გადავიდეთ. როდესაც ამ სფეროშიც ისეთივე წარმატებებს მივაღწევთ, როგორც IT-ში, შემდეგი ნაბიჯი იქნება მაღალი სიზუსტის წარმოება, პარალელურად – ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება. ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად რამოდენიმე ასეული მილიონი ხე უნდა დავრგათ, ამისთვის IT-ც სასარგებლო იქნება”.

– გასული წელი რომ შეაჯამოთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ წარმატებული იყო თქვენი სფეროსთვის?

– ვფიქრობ, კი! გარკვეულწილად მიმავალ წელს შემიძლია განმსაზღვრელი ვუწოდო. პირველ რიგში, წარმატებას მიაღწიეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც 2009 წლის კრიზისის შემდეგ საკუთარი პროდუქტების შექმნა დაიწყეს. მაგალითად, PicsArt-ი, რომელიც ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ინვესტორებს შორის შედარებით მოთხოვნადი კომპანიების ხუთეულში მოხვდა. პროექტი 250 აშშ.დოლარით შეფასდა. ასევე Triada Studio თამაშით Shadowmatic, რომელიც Apple Design Awards-ით დაჯილდოვდა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წლის თამაშად აღიარეს; ეს პროექტი SoloLearn აღიარეს, როგორც სილიკონის ველის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი საწყისი 10 მილიონ დოლარიანი დაფინანსებით.

ჩემი გათვლებით, დღეისთვის სომხეთში დაახლოებით 6-7 კომპანიაა, რომლებმაც წლეულს სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ქვეყანაში ბევრი დასავლური საინჟინრო კომპანიის ფილიალი მუშაობდა და ამ თვალსაზრისით სფეროში ახალი ტენდენციები და პროცესები დაიწყო. ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ კარგი დასაწყისია, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ასე, რომ ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ წელი მართლაც წარმატებული იყო.

– თქვენის აზრით, რამ განაპირობა წარმატება?

– 2009 წლის კრიზისმა ნათელყო, რომ შედარებით მეტი დივერსიფიცირებულობა და დამოუკიდებლობაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია საკუთარი პროდუქტების შექმნით. როდესაც რისკავ, გადიხარ ბაზარზე და სთავაზობ არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ საკუთარ გამოგონებებს, ეს ავტომატურად ზრდის ავტორიტეტსა და ფასს პარტნიორების თვალში, შესაბამისად – მოქმედებების დიდ თავისუფლებას გაძლევს. გარდა ამისა, ეს არის ახალი იმპულსი და ზრდის მოტივაცია. როდესაც გუნდი აუტსორსინგზე მუშაობს, ერთადერთი მოტივაცია ფინანსური სარგებელია. მაგრამ საკუთარი შვილობილის შექმნას სულ სხვა მოტივი უდევს საფუძვლად, გარდა ამისა, გუნდი შედარებით უფრო შეკრულია და ასეთ კოლექტივს არავინ ტოვებს.

შარშან შევიმუშავეთ სტრატეგია Why Armeniа (რატომ სომხეთი), რომელიც 2014-2018 წლებში ჩვენი სფეროს განვითარების ქვაკუთხედად უნდა იქცეს. მიზანია მაღალტექნოლოგიური ბრენდის შექმნა და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად ახალი პოზიციის დაკავება. ამ კონცეფციას საფუძვლად უდევს ხარისხის, კრეატივობისა და ადაპტაციის უნარის პრინციპები, როგორც ტექნოლოგიების, ისე კულტურის თვალსაზრისით. ჩვენ სხვადასხვა კულტურებთან ვმუშაობთ: დღეს ინდურ ფირმასთან, ხვალ – ბელგიურთან, ზეგ – ამერიკულთან. განსხვავებული კულტურების წარმომადგენლებთან მუშაობა აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს, რაც გასათვალისწინებელია.

სტრატეგიის შემდგომი ეტაპია კონცეფცია Surprising Engineering, ანუ “სასიამოვნოდ გასაკვირი საინჟინრო გადაწყვეტილებები”. როგორც სახელწოდებიდან გამომდინარეობს, ჩვენი მიდგომა – გასწრებაზე მუშაობაა. უბრალოდ კლიენტის მოლოდინის გამართლება კი არა, არამედ გადაჭარბება. ასე, რომ “რატომ სომხეთი?” – იმიტომ, რომ ეს არის მოულოდნელი საინჟინრო გადაწყვეტილებების ქვეყანა.

ამ საბაზისო პრინციპების, ასევე ჩვენს მდიდარ საინჟინრო ტრადიციებსა და სრულ საგამომგონებლო ისტორიაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ამ ბაზარზე აბსოლუტურად სხვა პოზიციით – ადექვატური თვითშეფასებით გავიდეთ. ჩვენ არ უნდა დავდიოდეთ ხელგაწვდენილები და ვამბობდეთ: ღარიბები ვართ და სამუშაო მოგვეცით, იაფად შევასრულებთო. პირიქით, ბაზარზე სწორი თვითშეფასებით უნდა გავიდეთ, რაც აბსოლუტურად შეცვლის კლიენტების ჩვენდამი დამოკიდებულებას. ბიზნესი ბიზნესია, მოლაპარაკებები მოლაპარაკებები, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია როგორ გხედავენ და როგორ ბიზნეს-პარტნიორად აღგიქვამენ. როდესაც კლიენტი ხედავს შენს თვითშეფასებას, ინტუიციურად ესმის შენი და არ არღვევს შეთანხმებას. შედეგად რეპუტაციაც იზრდება.

– ახალმა სტრატეგიამ, მატერიალურ -პრაქტიკული თვალსაზრისით შედეგი უკვე გამოიღო?

– თავისადმი პატივისცემა, რაც ჩვენს სტრატეგიას უდევს საფუძვლად, გამართლდა და შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო. მაგრამ დღესდღეისობით მისი წარმატებული გამოყენების მინიმუმ ორი თვალნათელი ილუსტრაცია არსებობს. ამგვარად, Why Armenia დაინერგა ერთ-ერთი ჩვენი კომპანიის – Volo-ს ბიზნეს-სქემაში და სერიოზული პერსპექტივები გაჩნდა. კერძოდ, კომპანიამ 8 თვის განმავლობაში თანამშრომლების შტატი 20-დან 65 ადამიანამდე გაზარდა. ამასთანავე, შეიცვალა გუნდის წევრებს შორის ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ჩვენი კომპანიაც გაიზიარებს კოლეგების გამოცდილებას და პრაქტიკაში გამოიყენებს.

მეორე ილუსტრაცია შედარებით გლობალურია: წლეულს მოვიპოვეთ უფლება 2019 წელს სომხეთში ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის ჩასატარებლად. შესაბამისი გადაწყვეტილება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მსოფლიო ალიანსის (WITSA), დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ამ ალიანსის წევრია UITE. ეს ძალზედ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო ღონისძიებაა, რომელიც 1978 წლიდან მოყოლებული ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ერთ-ერთი დიდი ღონისძიებაა IT-ის სფეროში. მასში მონაწილეობს IT-ბიზნესის 2-3 ათასი ლიდერი მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყნიდან. ეს უდიდესი მიღწევაა, მანამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს გაუმართავთ ასეთი დიდი სპეციალიზირებული ღონისძიება. 2019 წელს აქ მსოფლიოში თითქმის ყველა ცნობილი კომპანიების ტოპ-მენეჯერები შეიკრიბებიან.

სერიოზულად გვიყურებენ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ საკუთარი თავის დაფასება. გახსოვთ, როგორც დანელიას ფილმ “მიმინოშია” – „როდესაც მე მესიამოვნება, ისე მიგიყვან, რომ შენც გესიამოვნოს“.

ასე, რომ ჩვენ დავიმსახურეთ კონგრესის ჩატარების უფლება და უკვე დაწყებულია სერიოსული მზადება. მარაგში 3-4 წელი გვაქვს. თუ სწორად გამოვიყენებთ ამ შანსს, ყველა ჩვენი კომპანია შემდგომი ზრდის შესაძლებლობას გამოიყენებს.

– ასეთი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებას სერიოზული ფინანსები და ხარჯები დასჭირდება. გაუმკლავდებით ამას?

– უეჭველად. კონგრესის ჩატარება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საჭიროა საერთაშორისო სპონსორების მოძებნა, ძალიან ძლიერი ივენთ-მენეჯმენტის მომზადება და რაც მთავარია, კონტენტის მომზადება. მსოფლიოს დააინტერესებს სკოლებში საინჟინრო ლაბორატორიების შექმნის ჩვენი გამოცდილება. ვიმედოვნებ 2019 წლისთვის ლაბორატორიები ყველა სომხურ სკოლაში იმუშავებს. ეს გამოცდილება მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო უნდა იყოს. საინჟინრო განათლების საგანმანათლებლო სკოლებში დანერვის აუცილებლობაზე ყველა საუბრობს, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტშიც კი (აშშ-ს მთავარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – რედ.), თუმცა, ამ მიმართულებით სერიოზული გამოცდილება ჯერ არ არსებობს.

გამოცდილება ჯერ-ჯერობით არც ჩვენ გვაქვს, მაგრამ არსებობს მიზანი და ჩვენ უკვე დაახლოებით სამი წელიწადია ამ მიმართულებით ვმოძრაობთ და მეთოდოლოგიის შემუშავებაზე ვმუშაობთ. ჯერ-ჯერობით ფინანსური პრობლმები გვაქვს, თუმცა არც ისე ბევრი – 10 მილიონი აშშ.დოლარია საჭირო. ამ თანხით მთელი ქვეყნის მასშტაბით პროგრამის რეალიზება სავსებით რეალურია. ეს სერიოზული ბიძგი იქნება ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგანაც გავლენას მოახდენს მოსახლეობის მსოფლმხედველობაზე, მის თვითშეფასებაზე და საკუთარი თავის პატივისცემაზე. პროგრამის რეალიზება ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარების ტემპებს გაზრდის, კადრებს ორმაგად მიიზიდავს.

– ხშირად საუბრობთ სომხეთის IT-ის სფეროში კადრების უკმარისობაზე. რა ვითარებაა დღეს?

– სამი მიმართულებით გვაქვს დეფიციტი. ერთი – შიდა ბაზარზე მომუშავეების ყოველდღიური დეფიციტი. ყოველწლიურად IT-ის სფეროში 2 000 ახალი ვაკანსია ჩნდება, რომელთაგან 300-400 ვაკანტური რჩება. იკვეთება კადრების მუდმივი უკმარისობა, რაც განპირობებულია ინდუსტრიის ზრდის ტემპებით, რასაც ვერ ეწევა საგანმანათლებლო დაწესებულება. უნივერსიტეტები უბრალოდ ვერ იძლევიან საჭირო რაოდენობით კვალიფიციურ სპეციალისტებს. პრაქტიკულად ყველა წარმატებულ IT-კომპანიას სომხეთში საკუთარი ტრენინგ-ცენტრები აქვს, რომლის ბაზაზეც “ზრდიან” მომავალ თანამშრომლებს. უნივერსიტეტები IT-ის სფეროში წელიწადში 1700 კურსდამთავრებულს უშვებს, მათგან მუშაობას მაშინვე მხოლოდ 300 ადამიანი იწყებს. დანარჩენებს კი შრომის ბაზარზე მოსახვედრად კიდევ ერთწლიანი სწავლება სჭირდება.

დეფიციტის მეორე სახეობაა საერთაშორისო კომპანიების მიერ ჩვენს კადრებზე მოთხოვნა. მსოფლიოში IT-სპეციალისტების საერთო დეფიციტის ფონზე, ბევრი უცხოური კომპანია, რომლებიც იცნობენ ჩვენს წარმატებულ მენეჯერებს, სთავაზობენ სომხეთში თავიანთი კომპანიების ფილიალების გახსნას, სადაც 300-500 ადამიანი დასაქმდება. ჩვენთან სპეციალისტები ადგილობრივ საწარმოებსაც არ ჰყოფნით. ამგვარად ვკარგავთ კიდევ 200 სამუშაო ადგილს.

საუბარია მსოფლიოში IT-სპეციალისტების საერთო დეფიციტზე, ელექტრონიკის, პროგრამირების, კომპლექსური ინჟინერიისა და ა.შ. სფეროს ჩათვლით. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კადრების დეფიციტი დღესდღეისობით მსოფლიოში 2 მილიონი ადამიანია. კადრების უკმარისობა – ინდუსტრიის ტრაგედიაა. განსხვავება მოთხოვნასა და იმას შორის, რასაც ბოლოს უნივერსიტეტები სთავაზობენ, ძალიან დიდია. 2018 წლისთვის დეფიციტი უკვე 3 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო 2020 წლისთვის ეს ციფრი გაორმაგდება.

ჩვენი კონცეფცია მიმართულია მსოფლმხედველობისა და მენტალიტეტის შეცვლაზე. ადამიანების აღქმის უნარი დეფორმირებულია და ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან ბევრი “უშედეგო” პროფესიას იძენს, შემდეგ კი სამსახურს ვერ პოულობენ შრომის ბაზარზე მუშახელის სიჭარბის გამო. დღეს იმდენი იურისტი, ეკონომისტი და ბიზნეს-ადმინისტრატორია, რომ ისინი აღარავის სჭირდება. ამავდროულად რეალური დეფიციტია ჩვენს სფეროში. მთელს მსოფლიოში დაიწყება სერიოზული შეჯიბრი საკადრო ვაკუუმის შესავსებად. ამ შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ტაივანელები, სინგაპურელები და ინდოელები, ასევე თავად ამერიკელები. ჩვენც გვსურს მონაწილეობის მიღება.

ვიმედოვნებ, 2019 წლისთვის ჩვენი ქვეყანა ერთადერთი იქნება მსოფლიოში, სადაც საინჟინრო ლაბორატორიები ყველა საგანმანათლებლო სისტემაში დაინერგება. ეს ჩემი ცხოვრებისეული მიზანია. ასე, რომ 2019 წლის საერთაშორისო კონგრესის ძირითადი ლეიტმოტივი ჩვენი უნიკალური გამოცდილება იქნება, რაც მსოფლიოს დააინტერესებს.

– სკოლებში საინჟინდრო ლაბორატორიების დანერგვის პროგრამების რეალიზებაში სახელმწიფო რაიმე ფორმით მონაწილებს?

– დადუმდი, მწუხარებავ, დადუმდი! ჩვენ უკვე შევხვდით პრემიერ-მინისტრს და დაგვპირდა, რომ პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო ხარჯების ზუსტად ნახევარს სახელმწიფო დაფარავს. ვიმედოვნებთ, დაპირება შესრულდება.

 – დეტალურად მოგვითხრეთ ლაბორატორიების შესახებ, უკვე რამდენი მუშაობს მთელს ქვეყანაში?

– აქამდე სამუშაო ტექნიკის 60 წრე მუშაობდა, წლეულს უკვე გაფართოვებული ფორმატის საინჟინრო ლაბორატორიების დანერგვა დავიწყეთ. ისინი დაკომპლექსებულია კომპიუტერებითა და პერიფერიული მოწყობილობებით, სომხურ ენაზე მოწყობილი პროგრამული გარემოც სომხეთშია შემუშავებული. მეთოდოლოგია, ელექტრონული ლაბორატორია – ყველაფერი სომხეთშია შემუშავებული. ეს გავლენას ახდენს ბავშვის მსოფლმხედველობაზე, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ცხოვრების შეგრძნების შესაძლებლობას აძლევს და ეს აბსოლუტურად ცვლის მის გონებას.

წელს განხორციელდა ძალიან საინტერესო პილოტური პროექტი. ინჟინერიის სფეროში შევარჩიეთ ყველაზე ნიჭიერი ადამიანები და მათ განსაკუთრებული დასვენება მოვუწყეთ. ამგვარად, ანსამბლ “კარინის“ დახმარებით ეროვნული ცეკვა შევასწავლეთ. სომხური არქიტექტურის შემსწავლელი ფონდის მხარდაჭერით ისინი ლაშქრობაზე წავიყვანეთ და არქიტექტურული ძეგლები გავაცანით. “თვითგადარჩენის სკოლამ” საერთო საქმეს ორი ლეპტა შეჰმატა: ბავშვებმა ისწავლეს სროლა, დანის მიზანში ტყორცნა, მიიღეს ალპინიზმის პირველადი ცოდნა, გადადიოდნენ მდინარეზე.

– გარკვეულწილად სახელმწიფოს ფუნქციას ითავსებთ, ერთგვარ პატრიოტულ აღზრდას ეწევით. ამგვარად ხომ არ ცდილობთ ხელი შეუშალოთ ინტელექტუალური კაპიტალის ქვეყნიდან გადინებას და ბავშვობის ასაკიდან ჩანერგოთ პატრიოტული სული?

-დიახ, ეს პირველ რიგში პატრიოტული სულის ჩასანერგად კეთდება, რათა მათ სამშობლოს დატოვების სურვილი არ გაუჩნდეთ. ამგვარი პრაქტიკა ძლიერი გუნდური სულისა და ქვეყნის დაცვის ძლიერი ორიენტაციის შექმნას ეხმარება. ინჟინერიაში საერთოდაც ძალზედ მნიშვნელოვანია კულტურული კომპონენტი. საბჭოთა კავშირის დროს თეატრებს, გამოფენებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს სწორედაც, რომ საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

– ეს პროგრამები რეგიონებშიც ხორციელდება?

– საერთოდ, ჩვენ აქცენტს სწორედ რეგიონებზე ვაკეთებს, ერევანში ძალიან ცოტა რამ კეთდება. ერევანი თავადაც იზრუებს საკუთარ თავზე, ჩვენ კი რეგიონებზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა რეგიონული სკოლების კურსდამთავრებულების ჩვენს სფეროში სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა. დღეისთვის უკვე გვაქვს კურსადმთავრებულების რეგიონალურ IT-კომპანიებში დასაქმების გამოცდილება.

კურსდამთავრებულების რეგიონებიდან ერევანში გადინების შესაზღუდად ვგეგმავთ “ონლაინ უნივერსიტეტის” შექმნას, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები განათლებას ისე მიიღებენ, რომ მშობლიური ადგილის დატოვება არ მოუწევთ. ახალგაზრდა და ნიჭიერმა კადრებმა დრო უაზროდ არ უნდა დაკარგონ. ყველაზე ინოვაციური პროდუქტი იქმნება ახალგაზრდობის წლებში, სანამ ადამიანი არასტანდარტულად აზროვნებს.

– კიდევ რა მიღწევები გაქვთ 2015 წელს?

– წლის ყველაზე წარმატებული ღონისძიება ბიზნეს-ფორუმი DigiTech-ი იყო, რომელიც მართლაც პოპულარულ საერთაშორისო მოედნად გადაიქცევა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ DigiTech-ის ტექნოლოგიურ გამოფენას წელს 50 ათასი ადამიანი ეწვია, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე სომხეთის ყველა გამოფენაზე ერთად. გამოფენის რეალური პოტენციალი – 100 ათასი დამთვალიერებელია, უახლოეს სამ წელიწადში ეს რიცხვი დაახლოებით 120-150 ათსამდე უნდა გავზარდოთ. გულწრფელად გეტყვით, რაღაც მომენტში მეგონა, რომ უკვე ზღვარს მივაღწიეს. შარშან გამოფენაზე 30 ათასი ადამიანი მოვიდა, წელს კი ოდნავ მეტ ხალხს ველოდით. მაგრამ ჩვენთვის გასაოცარი რამ მოხდა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ასე, რომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ვნახოთ რა მოხდება.

ძალზედ წარმატებული იყო ასევე ArmTech-ის მაღალი ტექნოლოგიების კონგრესი, როლმელშიც საკმაოდ სერიოზული ადამიანები მონაწილეობდნენ მთელი მსოფლიოდან, მათ შორის Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტიც.

კვლავაც წარმატებით ფუნქციონირებს გასულ წლებში გენერირებული საერთაშორისო პროექტები: ესენია სომხური ეროვნული საინჟინრო ლაბორატორია, Microsoft Innovation-ის ცენტრი, IBM-ის ცენტრი და სომხურ-ინდური ცენტრი. ყველა ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

– ყველაფერი კარგია, მაგრამ წარუმატებლობაზეც ვისაუბროთ…

– მკითხველის აცრემლება გსურთ? წარუმატებლობა ყოველთვის თან სდევს დიდ საქმეს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. წარუმატებლობის კულტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვაჩნია.

მაგალითად, თავის დროზე პრეზიდენტის პრემიის დაჯილდოვებაზე ჩვენთან Intel-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კრეიგ ბარრეტი ჩამოვიდა და სემინარი ჩაატარა, სადაცხ ორი ძალზედ მნიშვნელოვანი იდეა გამოთქვა.

Intel-ის პრეზიდენტობისას ბარრეტი კადრების შერჩევას მაშინ იწყებდა, როდესაც საუბარი იყო რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე: სხვა ქვეყნებში კომპანიის წარმოამდგენლები, ფილიალების ხელმძღვანელები -ტოპ-მენეჯერები. მასთან მიდიოდნენ ადამიანები მთელი დასტა მიღწევებითა და დიდი ბიოგრაფიით, სადაც ეწერა ჰარვარდი, სტენფორდი, ემაიტი, სერიოზული მიღწევები კოკა-კოლასა და სხვა კომპანიებში. ბარრეტი ამ ადამიანებს ეუბნებოდა: “თქვენი წარმატებების ისტორია შეგიძლიათ საპირფარეშოში ჩამოიკიდოთ, მე თქვენი წარუმატებლობის ისტორია მომიტანეთ. ვმუშაობდი სადღაც და რაღაც წარუმატებლობა ვიგემე, ან მდგომარეობიდან რაღაცნაირად გამოვედი და წარუმატებლობამ რაღაც მასწავლა”.

მართლაც, წარუმატებლობა სასარგებლო ვარჯიშია ნებისმიერი ადამიანისთვის და თუ სომხეთში 10 ადამიანი მაინც შეძლებს ამ გამოცდის ჩაბარებას, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დიდი პლიუსი იქნება. შეცდომების გაანალიზებით, ვფიქრობ, ნეგატიური გამოცდილებიდან შესაძლებელი იქნება ჭკუის სწავლა, რთული გადაწყვეტილებების მიღება და წინსვლა.

ბარეტის მეორე, კიდევ უფრო ძლიერი გზავნილი არის ნაკადის ძალა. მან განმარტა, რომ ამერიკის ტექნოლოგიურ ძალას განსაზღვრავს არა Microsoft, Google, Synopsys, Oracle და Intel, არამედ ათობით ათასი მცირე და საშუალო საწარმო, რომელთაგანაც ზოგიერთს უმართლებს და “მაიკროსოფტი” ხდება. მაგრამ ძირითადი ძალა თავად ნაკადშია და არა ცაკლე აღებული კომპანიის საბაზრო წარმატების ცალკეულ შემთხვევაში.

ბარეტმა აშშ-ს მაგალითი მოიყვანა, მაგრამ ეს აქტუალურია სომხური რეალობისთვისაც. პირველ რიგში საკუთარი კადრების შექმნაზე უნდა ვიმუშაოთ.

– მედიის თითქმის ყველა წარმომადგენელი წელს სტარტაპების ბუმზე საუბრობდა.

– ბუმი, ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ წლის დასაწყისში მიღებულმა კანონმა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, დაახლოებით ახალი 60 საწარმოს შექმნა გამოიღო შედეგად. ეს კიდევ ცოტაა. სომხეთში ყველაფერი შეიცვლება, როდესაც ქვეყანაში 2-3 ათასი ტექნოლოგიური საწარმო იქნება. დღესდღეისობით მხოლოდ 500 მოქმედებს. ვფიქრობ, რეალურია იმაზე ფიქრი, რომ სასურველ შედეგს 5-6 წელიწადში მივაღწევთ, ამას მხოლოდ ერთი ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდება. საჭიროა მთელი ტექნოლოგიური თანამეგობრობის, განათლების სფეროსა და სახელწმიფოს ძალების კონსოლიდირება. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ეს იქნება ქვეყნიდან წასული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნების საფუძველი.

90-იან წლებში გავანადგურეთ ჩვენი ტექნოლოგიური მემკვიდრეობა. დღეს რთული წარმოსადგენია, რომ უწინდებურ დონეს მივაღწევთ იმ დროს, როდესაც სომხეთში IT-ის სფეროში 100 ათასი ადამიანი მუშაობს. თუმცა ამისაკენ სწრაფვა საჭიროა.

– დაახლოებით სამი წლის წინათ, ერთ-ერთ ინტევრიუში განაცხადეთ, რომ გაყიდვების კულტურა, როგორც სომხეთში IT-ის სფეროს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, არ არსებობს. ამ მხრივ არის წინსვლა?

– გარკვეული წინსვლა არის, ის, რომ ბაზარზე საკუთარი პროდუქციით დავიწყეთ გასვლა, გვაიძულებს რაღაცა სახით გაყიდვები ვისწავლოთ. თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ველიც – ახალი ბაზრების ათვისება. წლეულს ორი საკმაოდ წარმატებული მგზავრობა დაფიქსირდა აფრიკაში, კერძოს ეთიოპიაში, სადაც Why Armenia-ის კონცეპციის გამოყენება საჭირო არ არის. ბრენდ “სომხეთის” ცნობადობა ისედაც საჭირო დონეზეა. ჩვენ იქ კარგად გვიცნობენ და პატივს გვცემენ.

ახალი ბაზრების ათვისება აბსოლუტურად სხვა ორგანიზებულ გამოცდილებას მოითხოვს საერთშორისო კოოპერაციის თვალსაზრისით ჩვენ მოწიფულობა გვაკლია. ეს საკითხი მოიცავს, როგორც კულტურულ კომპონენტეს, ისე სუფთად ტექნიკურს. არსებობს კოოპერაციის პრობელემები. ხშირია ვითარება, როდესაც პროდუქტის შესაქმნელად აუცილებელია ბევრი საწარმოს ძალისხმევის გაერთიანება. ანუ საჭიროა ისეთი პირობების შექმნა, რომ კომპანიებმა ეფექტიანი ურთიერთქმედება შეძლონ.

– როგორც სომხეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების საწარმოების კავშირის მეთაური, როგორ შეაფასებდით ორგანიზაციის მიერ განვლილ გზას?

– კავშირში მისი შექმნის დღიდან ვარ და როგორც დირექტორი ბოლო 10 წელი ვმუშაობ. ჩემის აზრით, ჩვენი კავშირი ქვეყანაში კონსოლიდაციის ერთადერთი წარმატებული გამოცდილებაა. დღეისთვის კავშირში დაახლოებით 80 საწარმოა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კონსოლიდაციის აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდები გამოვცადეთ, თუ ადრე მთავადი მოტივი ბიზნეს-ინტერესები იყო, დღეს სურათი მთლიანად შეიცვალა – ხალხს განათლების, ეროვნული უსაფრთხოებისა და სომხეთის მაღალტექნოლოგიურ ქვეყნად გადაქცევის საკითხები აღელვებს.

ვიმედოვნებ ჩვენი მაგალითი სხვა მიმართულების საწარმოებსაც შთააგონებს. ვინც იგივე გზის გავლას მოისურვებს, მას უკვე გაუადვილდება, რადგანაც ეს გზა ჩვენ უკვე გავიარეთ. საერთოდაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ერთადერთი შესაძლო გზაა. კონსოლიდაცია საჭიროა ყველა დონეზე – მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ნორმალურ ქვეყნად ვიქცეთ. სხვა დანარჩენი კი სისულელე და პოლიტიკური სპეკულაციაა.

ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ. იმისთვის, რომ სახელმწიფოზე ეფექტურად ვიმოქმედოთ, საჭიროა ჩვენი საქმე განვაგრძოთ და ხარისხიანი ცვლილებები მოვახდინოთ. ჯერ-ჯერობით კი ჩვენ მოქმედების და არა – ზემოქმედების ეტაპზე ვართ. ჯერ არ მიგვიღწევია სახელმწიფოსთან ადექვატური კოოპერაციისთვის.

– ბატონო კარენ, ნახევრად ხუმრობით: დავეწევით სინგაპურს?

– გავასწრებთ კიდეც. პრობლემა მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციაა. სინგაპურში ამას დამოუკიდებლად, სხვისი გამოცდიელბის გათვალისწინებით მიაღწიეს. ჩვენ ჯერ მათგან უნდა ვისწავლოთ. კონკრეტულად რა გააკეთეს სინგაპურელებმა: მათ ისეთი პირობები შეუქმნეს ჰონკონგელ სტუდენტებს, რომ ისინი სინგაპურში სასწავლებლად ჩადიოდნენ და იქ ბიზნესს იწყებდნენ.

ფორმულა მართლაც ძალიან იოლია. უნდა გამოიმუშაო ტაქტიკა და სტრატეგია ისე, რომ ლოგიკურად მიაგნო ძლიერ ადგილს და მას დაეყრდნო. სტრატეგიული აზროვნება ის არის, რომ მიიღო ის, რაც არ გაქვს, ხოლო ტაქტიკაა – გააძლიერო ის, რაც გაქვს. მაგალითად: ჯანმრთელობა – სტრატეგიული კვანძია. თუ არ არის ჯანმრთელობა, არც სამსახურია, არც ოჯახური ცხოვრება და ა.შ. ანუ ამ თვალსაზრისით მუშაობაა საჭირო, უნდა დაკავდე სპორტით. ტაქტიკის თვალსაზრისით აირჩიო სპორტის ის სახეობა, რომელიც გაგაძლიერებს.

ანაიტ ბალასანიანი