Вано Мерабишвили

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ექსპრემიერი, ორი გვამის განკარგულების ავტორი, შს ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, 2020 წლის 20 თებერვალს, ციხიდან პოლიტიკური მიზნებითა და ხელისუფლების დამხობის მუქარით გამოვიდა, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას შეუერთდება. როგორც ცნობილია, ის საკუთარ პარტიაშიც აღარ ირიცხება.

“ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება”, – ეს ის პირველი გარანტიაა, რომელიც ექსპრემიერმა ციხის კართან ჩასაფრებულ ჟურნალისტებს მისცა.

უფრო მოგვიანებით, კი ტელეკომპანია “მთავარის” საღამოს ეთერში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მისი სკანდალური ფრაზის – “ორი გვამი მინდას” ისტორია განმარტა. როგორც ამბობს, ფრაზა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და საუბარი იყო რუსეთის გენშტაბის ორი წარმომადგენლის გვამზე.

“გვქონდა ინფორმაცია 2 რუსი, გენშტაბის წარმომადგენელი მოიშორეს მეამბოხეებმა და ამ გვამებს ვითხოვდი”, – განმარტა მერაბიშვილმა.

გამოდგება თუ არა, ნაციონალების პრემიერის ეს განმარტება გვამების მოთხოვნის არგუმენტად სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ სინანულზე მეტად მერაბიშვილი თავისი მინისტრობის პერიოდით აღტაცებულია და თავი მაღალ სტანდარტად მიაჩნია.

ვანო მერაბიშვილი

“მე ვრჩები სიმბოლოდ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბალ თანამდებობრივ საფეხურზე დაბრუნების ვარიანტს გამორიცხავს და ამბობს, რომ მინისტრის თანამდებობა მისთვის შეუფერებელია.

სანამ ჯალათად წოდებული მერაბიშვილი საკუთარ სურვილებში გაერკვევა, მას ერთმანეთის მიყოლებით იცილებენ თავიდან პარტია “ქართული ოცნების” წინააღდეგ გაერთიანებული ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერები. ხოლო ადამიანები, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ოჯახის წევრები დაკარგეს, მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას პროტესტით შეხვდნენ. თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე მდებარე რესტორანში, მერაბიშვილის თავისუფლების აღსანიშნავი საღამოს გატარება ყოფილ მაღალჩინოსნებს, სამოქალაქო პროტესტის ფონზე მოუხდათ. მოქალაქეები სოციალური ქსელში გადასცემდნენ ქიქოძის ქუჩაზე მერაბიშვილის თანამოაზრეებთან სიტყვიერი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. მის მიმართ, რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. მათ შორის, აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – 2 წელი და 3 თვე; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – 4 წელი და 6 თვე; კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე – 5 წელი; დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო ზომად ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამჟამად, სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეების განხილვა, რაზეც უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წარდგენილი.

ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ჩადენილი დანაშაულებისთვის სათანადოდ ჯერ კიდევ არ დასჯილან, რაც არსებული ხელისუფლების ყველაზე მთავარი დანაშაულია. ინაშვილის თქმით, ახალგაზრდა თაობა ხედავს, რომ კაცმა, შეიძლება მილიარდები მოიპაროს, ასობით ათასი ადამიანი გაასამართლოს, ასობით ადამიანი აწამოს, უშუალოდ მიუძღოდეს წვლილი ადამიანთა მკვლელობაში და იმავდროულად, ან საერთოდ არ დაისაჯოს, როგორც ეს სააკაშვილის მაგალითზე იხილა საზოგადოებამ, ან 7 წლის თავზე ციხე დატოვოს და ხელისუფლებას დამხობით დაემუქროს.

“სანამ ვინმე და მათ შორის, მერაბიშვილი, დამხობაზე დაიწყებს ლაპარაკს, შევახსენებ, რომ ეს ქვეყანა მარტო არაა, არც თქვენს მიერ ნაწამები ხალხია მარტო. საქართველოს ყველაფერი კარგად ახსოვს და ეს საქართველო გაგცემთ პასუხს”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ექსპატიმარი მერაბიშვილი ოპოზიციას გააძლიერებს. მაგრამ ჯერ დაშვებული შეცდომები უნდა გაიაზროს და მიხვდეს საზოგადოების დაკვეთის არსს. რომ დღეს სულ სხვა ტიპის მმართველობაზეა დაკვეთა. აკი, თქვა კიდეც ჩერგოლეიშვილმა და პარტია “ევროპული საქართველო” პირველივე წუთებიდან გამიჯნა მერაბიშვილისგან და ის “ენმ”-ს მიაკუთვნა. ჩერგოლეიშვილის თქმით, მერაბიშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი. “ევროპული საქართველო” კი, საერთოდ სხვა პარტიაა.

“ნაციონალური მოძრაობა“ მართლა ვანომ ააწყო თავისი ხელებით. “ევროპული საქართველო“ სხვანაირად შეიქმნა და ალბათ, ჯერ უნდა გაირკვეს ვანოს რა უნდა”, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად აღარ სურს ნაციონალების 9 წლიანი მმართველობის დარუნება. მერაბიშვილი კი ყოველთვის იქნება ასოცირებული სისხლიან ანგარიშსწორებასთან. მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” ვანო მერაბიშვილს ხან “კალენდრიდან ამოხეულ ფურცელს”, ხან “ცხელ კარტოფილს” უწოდებენ.

“ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი, თუ ამას რომელიმე პარტია კედელზე სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმეა. ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში დაბრუნება გამორიცხულია”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი, მისი ყოფილი პოლიტიკური ძალისთვის პოლიტიკურ ცხელ კარტოფილად იქცა, რომელიც არავის უნდა, ამიტომ ნაიცონალები და “ევროპული საქართველო” დაიწყებენ პინგ-პონგის თამაშს. გარდა ამისა, მერაბიშვილს რეალობის დეფორმირებული განცდა აქვს. მას მოუწევს შეაფასოს, რა დატოვა და რა დახვდა. რომ “ნაციონალური მოძრაობა” დღეს, დაქსაქსული პოლიტიკური ძალაა.

გია აბაშიძის

ანალიტიკოსს გია აბაშიძის მოსაზრებით, ვანო მერაბიშვილი მძიმე ლოდია ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით კი, “ნაცმოძრაობისა” და მისი განშტოებებისთვის. მისი რეპუტაციის გამოსწორება შეუძლებელია. ქართველ ხალხს ახსოვს, მის დროს ჩადენილი დანაშაულები. მერაბიშვილი იმ რეციდივისტ ნათესავს ჰგავს, რომელიც უნდა შეიფარო, მაგრამ არ გინდა ოჯახში გყავდეს, რადგან ოჯახის რეპუტაციას დააზიანებს.

“მან კარგად გაიმეორა “ნაცმოძრაობის” ზუსტად ის ხაზი, რასაც ამბობდა სააკაშვილი და სხვა ლიდერები, ხელისუფლების დამხობა, დაუმორჩილებლობა. ციხეში ყოფნისას ის ეცნობოდა საინფორმაციო საშუალებებს, მასთან სტუმრობდნენ მისი თანამოაზრეები და ციხიდან, სინანულის ნაცვლად დესტრუქციული ნარატივით გამოვიდა”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

მისივე თქმით, მერაბიშვილს ჯერ კიდევ ჰყავს თავისი ხალხი შსს-ში, რომლებიც მას უდიდეს პატივს სცემენ, იქიდან გამომდინარე, რომ ის კარგად ეპყრობოდა და წახალისებებით იყო დაკავებული.

“პარტია “ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად მიაღწია იმას, რომ ამჟამინდელი პოლიცია დეპოლიტიზირებულია და არ აქვს მწამებლის იმიჯი. მათ არ აიძულებენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას. მერაბიშვილი კი, წარსულია. დიდი ალბათობით მას მოუწევს ციხეში შებრუნება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმეა კიდევ განსახილველი, რომლებიც დამამძიმებელ კრიმინალურ ფაქტებს შეიცავს”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ვახტანგ მაისაია

ექსპერტი ვახტანგ მაისაია, ერთ-ერთია, ვისაც “ენმ”-ს ხელისუფლების რეპრესიები შეეხო. ის 2004-2008 წლებში, ნატო-ში, სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის საკითხებში საქართველოს დიპლომატიური მისიის მრჩეველი იყო და კარგად ახსოვს, თუ რა გამოძახილი ჰქონდა 2007 წლის მოვლენებს დასავლეთში. მისივე თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში, მშვიდობიანი პროტესტის სასტიკად დარბევისა და ადამიანების დასახიჩრების გამო, ნატო-მ ყოველგვარი ურთიერთობები გაწყვიტა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან. საქართველოს მისიის წევრებს, ბოიკოტის ნიშნად, 3 დღის განმავლობაში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

“მერაბიშვილი ერთგვარი შავი ცხენია. მასთან არის დაკავშირებული კონკრეტული სისხლიანი დანაშაულები. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის აღშფოთება დღემდე არ განელებულა. ნატო-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, სხეფერმა პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო სისხლიანი დანაშაულებრივი ქმედება და სააკაშვილი იძულებული გახდა მაშინ, გადამდგარიყო პრეზიდენტის თანამდებობიდან”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, მერაბიშვილი ოპოზიციას დაშლის, რადგან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ერთხმად თქვეს უარი, შს ექსმინისტრთან ერთ მაგიდასთან დასხდომაზე. ფაქტობრივად მერაბიშვილი გარიყეს, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენებენ.

“თვით სააკაშვილმაც ჭიბლაღი ამოარტყა მერაბიშვილს და ყველა დანაშაული მას გადააბრალა, ფაქტობრივად ხელები შეიწმინდა. განტევების ვაცად გამოიყვანა. არც “ევროპულმა საქართველომ გამოხატა მისი მიღების სურვილი. ის შეიძლება გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის განვითარების შემთხვევაში, ისიც იმიტომ, რომ შსს-ს შენობაში ფარული მეხუთე კოლონის მომხრეების მობილიზაცია მოხდეს. სამწუხაროდ, შსს-ში დღემდე არიან მერაბიშვილის ფანები. დღემდე არ ჩატარებულა სისტემური წმენდა, ლუსტრაცია. მეხუთე კოლონა რომ არსებობს, ეს უკვე შემდგარი ფაქტია”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.

ვახტანგ მაისაია დადებითად არ ხვდება მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას და ამბობს, რომ არა შთანთქმის პრინციპი, მას სულ მცირე, 21 წლით პატიმრობა ელოდა.

“ვისურვებდი, რომ მერაბიშვილი უვადო პატიმრობაში ყოფილიყო. ის არის ჯალათი. „ქართული ოცნების“ მიმართ დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული. არავითარი სამართლიანობის აღმდგენი ესენი არ არიან”, – მიაჩნია ექსპერტს.

P.S. საინტერესოა, რომელი პოლიტიკური ძალა, როგორ გამოიყენებს მერაბიშვილის ფაქტორს. მისი ციხის გარეთ ყოფნა თუ ვინმეს აძლევს ხელს დღეს, პირველ რიგში ხელისუფლებას. ის კიდევ ერთი ბუაა ოპოზიციის ბანაკში.

შორენა პაპაშვილი