იყო პერიოდი, როცა სანთელი ერთმანეთის დანახვის საშუალება იყო და არა დეკორაციის ნაწილი, როცა ოთახში, რაც მეტი ადამიანი იყო, მით მეტად თბილოდა, ხოლო ველოსიპედი გადაადგილების საუკეთესო საშუალება იყო და არა გასართობი.

XX საუკუნის 90-იანი წლების თბილისი მეხსიერებას, შავ-თეთრ ფერებში შემორჩა, მაგრამ იყო მომავლის ფერადი იმედი. სხვაგვარად, ვერც იქნებოდა. თავისუფალ თაობას, ვერ წარმოედგინა, რომ არსებობდა რამე ისეთი – სიცივე, პურის რიგებში დგომა, ომი, რასაც ვერ გადაიტანდნენ. თბილისი ვერ ურიგდებოდა უძრაობას, კულტურის კვდომას. შედეგად გაჩნდა სახლები, რომლებიც ერთგვარ კულტურულ ცენტრებად იქცა. ეწყობოდა გამოფენები, მოდების ჩვენებები, პოეზიის საღამოები და კონცერტებიც კი. ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ შემოქმედი ადამიანები მძიმე ყოფიერებაში არ ჩაძირულიყვნენ. ისინი აქ, აღარავის სჭირდებოდა, მათ არსად ეძახდნენ. თავი ცოცხლად რომ ეგრძნოთ, მუშაობდნენ თავიანთთვის. კომბლესავით (ქართული ზღაპრის პერსონაჟი) “თლიდნენ კომბლებს“ (ნახატებს) და ჭერში აწყობდნენ. ზოგჯერ უცხოელ ლამაზმანებს ჩუქნიდნენ. თბილისში ზამთარი აღარ უყვარდათ. ისიც, თითქოს, უსასრულოდ გრძელდებოდა. ყოველ გაზაფხულზე ადამიანები ერთმანეთს გამოზამთრებას ულოცავდნენ.

“ზამთარი გადატანილია” – ასე ეწოდა ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილის წიგნს, რომელიც სწორედ “პერესტროიკის” შემდგომ თბილისს ასახავს. კრებული 250-მდე შავ-თეთრ ფოტოს აერთიანებს და მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალდაბადებული ქვეყნის მძიმე სოციალურ პრობლემებზე და იმაზე, თუ რთული პროცესების პარალელურად, როგორ იწყებდა აყვავებას ხელოვნება. წიგნში ბევრი ცნობილი ადამიანის ფოტოს შეხვდებით, რომლებმაც მძიმე ეპოქა საკუთარ მხრებზე გადაიტანეს და სამშობლოდან არსად გაქცეულან, უკეთესი ცხოვრებისთვის არ შეუფარებიათ თავი. მათ შორის ნახავთ გურამ დოჩანაშვილის, აკა მორჩილაძის, ირაკლი ჩარკვიანის, ლადო ბურდულის, სერგო ფარაჯანოვის, ირაკლი ფარჯიანის, ოლეგ ტიმჩენკოს და სხვათა ფოტოებს.

სწორედ იმ უძრაობის ხანაში, მხატვარ მამუკა ცეცხლაძეს გასჩენია იდეა მოეწყო გამოფენა – “ზამთარი გადასატანია”. შემოდგომით დავთვალოთ, რამდენი ვიქნებით და მარტში ვნახოთ, რამდენი დავრჩებითო, – უთქვამს მეგობრებისთვის. მაშინ მხატვრები, ძირითადად, ბიტუმის ლაქით ხატავდნენ. ეს გამხსნელში გაზავებული ფისია, რომელსაც დაჟანგვისგან დასაცავად მილებს უსვამდნენ. სხვა საღებავი ქვეყანაში, არ იშოვებოდა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის თბილისელი მხატვრის, ოლეგ ტიმჩენკოს ღვთისმშობლის ხატები განსაკუთრებული.

“ზეთით რომ დაეხატა, მთელი მუხტი დაეკარგებოდა”, – ამბობს გურამ წიბახაშვილი.

მისივე თქმით, საყოფაცხოვრებო საღებავებს და მუყაოს, თავმოყვარე მხატვარი, იქამდე არასდროს გამოიყენებდა. უფულობამ შეცვალა თანამედროვე ნამუშევრების ვიზუალური მხარე. ამ თაობის მხატვრების ხელოვნება დროის ადეკვატური გახდა. გაქრა 70-წლიანი წყვეტა და ქართული ხელოვნება, ფორმითაც და შინაარსითაც დასავლეთს დაეწია. უბრალოდ, საქართველოში ნამუშევრებს აღარავინ ყიდულობდა. ხელოვანებმაც იცოდნენ, ასე დახატავდნენ თუ ისე, მაინც ვერ გაყიდდნენ, ამიტომ მუშაობდნენ, როგორც უნდოდათ, არაფერს ერგებოდნენ, არაფერს ითვალისწინებდნენ და აბსოლუტურად თავისუფალნი იყვნენ.

თბილისში, ნელ-ნელა გამოჩნდნენ დასავლეთელი კურატორები. ათვალიერებდნენ და უცხოეთში მიჰქონდათ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები. საერთაშორისო გამოფენებს აწყობდნენ და ეპატიჟებოდნენ აქაურებს. ბევრი ნამუშევარი აქეთ-იქით ტარებაში დაიკარგა კიდეც.

“დაახლოებით 5 წლის წინ, ვიღაცამ, ბუდამპეშტის ლუდვიგის მუზეუმიდან მომწერა, – 2 ნამუშევარი გვაქვს, გვგონია, რომ ქართულია და ავტორის პოვნაში დაგვეხმარეო. გავხსენი ფოტოები და ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები დამხვდა. 90-იანების დასაწყისში, უნგრელი გოგონასთვის უჩუქებია. ძველი სურათებიდან თვითონ მხატვრებსაც ბევრი არაფერი დარჩათ. მათ ახალ სურათებს კი, ახლა მუზეუმში კიდებენ. ეტყობა, ზამთარიც გადატანილია”, – ამბობს ფოტოხელოვანი.

სერაფინას დედის მზითვით ჩაწერილი ალბომი

პროფესიით ქიმიკოსი გურამ წიბახაშვილი, მისი თაობის სხვა ფოტოგრაფების მსგავსად, თვითნასწავლია. მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძნობდა, რომ სულ სხვა სფეროში მოღვაწეობა სურდა. თავისი პროფესიით მუშაობდა, მაგრამ ფოტოხელოვნება იტაცებდა.

“როცა პროფესიონალი ფოტოგრაფი დამარქვეს, თითქოს, რაღაც ვალდებულებაზე მომაწერინეს ხელი”, – განაცხადა გურამ წიბახაშვილმა.

თანამედროვეობის ცნობილი კომპოზიტორი, აწ გარდაცვლილი ირაკლი ჩარკვიანი გურამ წიბახაშვილს ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე გაუცნია. მისი თქმით, ირაკლი ჩარკვიანს კარგად შეეძლო ობიექტივის წინ თამაში. მან ზუსტად იცოდა, ფოტოში კარგად, როგორ გამოსულიყო.

“ირაკლი ჩარკვიანი ფილმის გადაღებაზე გავიცანი. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო. მოვიდა და მითხრა, მეც გადამიღე ფოტოებიო. ისეთ მუხტს ქმნიდა, აუცილებლად მინდოდა რომ ეს დამეფიქსირებინა. ძალიან ხშირად მოგვიწია ერთად მუშაობა და თბილისში გამოფენების გაკეთება. 1993 წელს, თბილისში, შვეიცარიიდან სერაფინა კლაუსი ჩამოვიდა. როცა ნახა, რომ თბილისში კულტურული ცხოვრება თითქმის აღარ იყო, თქვა, – მოდი, გამოფენა მოვაწყოთო. დეკემბერი იყო, გათბობა არ იყო, ქარვასლაში მოვაწყეთ გამოფენა, რომლის პლაკატი ირაკლი ჩარკვიანმა გააკეთა. ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა. მხატვრების გარდა, მწერლებიც მონაწილეობდნენ. ხელით დაწერილი უზარმაზარი ტექსტები იყო გამოფენილი. ამან კარგი შედეგი მოიტანა. სერფინამ ირაკლის სიმღერები მოისმინა და ძალიან უცნაური რამ უთხრა, – მზითევში გამოყოფილი, დედაჩემის დატოვებული დანაზოგი ფული მაქვს. წამოდი, შენი ალბომი ჩავწეროთო. წავიდნენ კიოლნში და ჩამოიტანეს ტირაჟირებული კასეტა. გერმანელი დედის დანაზოგი ფულებით გაკეთდა ირაკლი ჩარკვიანის პირველი ალბომი”, – იხსენებს გურამ წიბახაშვილი.

როდის დამთავრდა ბნელი 90-იანები?

ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი ბედის კმაყოფილია. ამბობს, რომ მძიმე დროების მიუხედავად, ადამიანის მეხსიერებაში მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები რჩება, რაც იმ კარგი ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეხვედრიან.

გურამ წიბახაშვილი

“კარგი ბედი მაქვს. მთელი ცხოვრება, კარგ ადამიანებს ვხვდები, რომლებიც რაღაცას გასწავლიან. სხვა დროში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, სხვა კარგი ადამიანები შემხვდებოდნენ. ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან დიდი ბედნიერებაა და ამ შემთხვევაში, დროს არ აქვს მნიშვნელობა”, – ამბობს იგი.

გურამ წიბახაშვილი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, კუკიაზე ცხოვრობდა, სამსახურში კი, საბურთალოს ბოლოში უწევდა სიარული. მძიმე 90-იანებში თბილისში ტრანსპორტი არ მოძრაობდა. დილით ფეხით მიდიოდა სამსახურში და, თუ აღმოჩნდებოდა რომ დენი არ იყო, უკანაც ფეხით უწევდა დაბრუნება. ერთხელ შვილმა ველოსიპედის ყიდვა სთხოვა, მაშინ მიხვდა, რომ ეს იდეალური სატრანსპორტო საშუალება იყო მისთვის. ასე დაიწყო თბილისში ველოსიპედით მოძრაობა. ამბობს, რომ ახლა ველოსიპედი მოდურია. თუ ველოსიპედით მოძრაობ, ე.ი კარგი კაცი ხარ, გარემოს არ აბინძურებ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევ, მაშინ კი ის ერთადერთი გამოსავალი იყო სამსახურში მისასვლელად.

1994 წელს, მისი ერთი ფოტო უცხოელმა 20 აშშ დოლარად შეიძინა. ამბობს, რომ იმ ფულით, მაშინ, 8 სულიანმა ოჯახმა, ერთი თვის განმავლობაში გაიტანა თავი. გურამ წიბახაშვილისთვის ბნელი 90-იანები, მაშინ დასრულდა, როცა შუქი მოვიდა.

“იმ ხანებში შვეიცარიაში მომიხდა წასვლა. როგორც წესი, ღამის ფოტოების გადაღებისას ფოტოაპარატზე სინათლეს ვზომავ. შვეიცარიაში, გადასაღებად, რომ გავედი, ფოტოაპარატი იმხელა შუქს მიჩვენებდა, ვიფიქრე, გაფუჭდა-მეთქი. იმდენად განსხვავებული იყო ჩვენი და იქაური ცხოვრება. ფოტოგრაფისთვის სინათლე მნიშვნელოვანი რამ არის, ამიტომ ვამბობ, – სინათლე როცა მოვიდა, ჩემთვის ზამთარიც დასრულდა”, – განუცხადა Dalma News-ს ფოტოხელოვანმა.

მისი აზრით, ყველა ფოტოგრაფის ნამუშევრებმა საბოლოოდ წიგნში უნდა მოიყაროს თავი. პირველ წიგნად აკინძული შავ-თეთრი თბილისი – უფრო გამოსავალი იყო, ვიდრე სურვილი. იმ დროს ფერადი ფირი ძალიან ცოტა იშოვებოდა, ისიც ცუდი ხარისხის. ამიტომ გამოვიდა 90-იანების თბილისის ფოტოკოლაჟი შავ-თეთრი.

25 წლის შემდეგაც, მისი ობიექტივი ქალაქის ყოფას ასახავს. არ უყვარს ომის გადაღება. თბილისის ომის დროს 30 წლის იყო, მის თვალწინ ინგრეოდა ქალაქი, მაგრამ არ გასჩენია სურვილი იმ მოვლენების ნაწილი გამხდარიყო, თუნდაც, როგორც ფოტორეპორტიორი. ამბობს, რომ დღევანდელი ყოფა განსხვავდება მაშინდელისგან, ის უფრო ფერადია და მეტ შესალებლობებს იძლევა. შავ-თეთრი ფოტოგრაფია კი უკვე ფოტოშოპის ნაწილია. მას მაშინ ვიყენებთ, როცა გინდა, რაღაც გამოვყოთ რეალობისგან. დღეს რეალისტურია ფერადი ფოტოგრაფია.

გურამ წიბახაშვილი თანამედროვე ფოტოგრაფებს ურჩევს ბევრი იკითხონ და იფიქრონ იმაზე, რასაც იღებენ, რატომ იღებენ და რისი თქმა უნდათ ამით. თანამედროვე ტექნიკა გაცილებით მარტივია და ფართო შესაძლებლობებს იძლევა. ხოლო ის, თუ როგორი ზამთარი ან მარტი გვექნება, მხოლოდ ადამიანებზეა დამოკიდებული. 90-იანი წლები, ბევრჯერ ხელახლა უნდა გავიაზროთ, რომ კიდევ არ მოვიდეს შავ-თეთრი ზამთარი.

შორენა პაპაშვილი