ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველო კვლავ უკმაყოფილომ დატოვა. მისი რეკომენდაციები ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის თანაბრად მისაღები და “ადვილად შესასრულებელი”, არც მმართველი და არც ყოფილი მთავარი პარტიებისთვის არ აღმოჩნდა. მიშელმა ამჯერად დიპლომატიურ წიაღსვლებსა და შეფარვით კრიტიკაზე უარი თქვა და ღიად გამოხატა უკმაყოფილება, როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე ე.წ მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ. რაც მთავარია, შარლ მიშელის გზავნილებმა ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ ორ ნაწილად გაყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 19 ივლისს, სულ სხვა ღონისძიების და განსხვავებული ფორმატით ჩამოვიდა, მაგრამ კვლავ მედიატორის როლში ყოფნა მოუხდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას – “საქართველოს ევროპული გზა” დაესწრო, პარალელურად კი, დახურული შეხვედრები გამართა, როგორც “ქართული ოცნების” პრემიერთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან. 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის ავტორს, ზუსტად 3 თვის თავზე, იმავეს გამეორება უწევს – ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის არჩევის გამო აკრიტიკებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტებს შორის მოხვდნენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ესენია: “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და ლეიბორისტები.

მიშელის ბოლო გზავნილებს ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მკვეთრად ნეგატიური რეაქციებიც მოჰყვა. მართალია “ნაციონალური მოძრაობამ” ბოიკოტი შეწყვიტა და ახალი მოწვევის პარლამენტში შევიდა, მაგრამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და არც დესტრუქციაზე ამბობს უარს. უფრო მეტიც, ისინი 5-6 ივლისის მოვლენების გამო, საქართველოს მიმართ დასავლეთის სანქციებს გულმოდგინედ ელოდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის წინა დღე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მხრიდან დესტრუქციის პიკი საზოგადოებამ პარლამენტში და მთავრობის კანცელარიასთან იხილა. დეპუტატებმა, რომლებიც 5-6 ივლისს, თბილისის მთავარ გამზირზე გეი-პრაიდის ჩაშლისა და რადიკალურად განწყობილი ადამიანების მიერ ჟურნალისტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრს ანგარიშისთვის იბარებდნენ, ვახტანგ გომელაურს არა თუ არ მოუსმინეს, სხდომაც კი ჩაშალეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში პერფორმანსი მოაწყვეს. სხდომათა დარბაზში “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სურათის გამოსახულებიანი პლაკატები გაშალეს. უფრო მეტიც, გომელაურს მოხსენებით გამოსვლის პირველივე წინადადებისას ოპოზიციამ სიტყვა შეაწყვეტინა. დეპუტატები იმ ტრიბუნასთან, სადაც გომელაური იდგა, ლექსო ლაშქარავას ფოტოებიანი პლაკატებით მივიდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ნონა მამულაშვილი კი, პლაკატით ხელში სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა. თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა რა მიზნით, უცნობია. მას განზრახვაში ხელი “ოცნების” დეპუტატებმა შეუშალეს.

“ენმ”-ში განმარტავენ, რომ ეს ყოველივე პროტესტის ფორმაა, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია გარდაცვლილით ვაჭრობს. პარლამენტის პარალელურად პერფომანსი გაიმართა მთავრობის კანცელარიასთანაც, სადაც მდებარე შარდევანში მოძრაობა “დროასა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა წითელი საღებავი ჩაასხეს. უფრო ადრე კი, “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა და “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.

აღსანიშნავია, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დედამ, 11 ივლისს ნახა. 5 ივლისს, მას „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქებისას, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში სცემეს. იმავე დღეს ჩაუტარდა ოპერაცია და სამი დღის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს, ხოლო მის მიმართ ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად გამოძიება ნარკოტიკების ზედოზირებას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი ერთ-ერთია, ვისაც 5 ივლისს გეი-პრაიდის დროს სცემეს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, გამოძიება სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებას ასახელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს ხდება პარლამენტში და ზოგადად ქვეყანაში, გარკვეულ წილად არის კოჰაბიტაციის შედეგი. მისივე თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობაზე” არსებული უამრავი კომპრომატი, ინფორმაცია და საგამოძიებო საქმე, კომპეტენტურად მომზადებული სამართლებრივი შეფასებით რომ მიეწოდებინა, ჯერ ქართული საზოგადოებისთვის, შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ეთქვათ, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა დამთავრდა ქვეყანაში, “ენმ”-ს ვერავინ დაუდგებოდა ადვოკატად.

“მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს იმძლავრეს სხვა განწყობებმა, სხვა მექანიზმებმა და დღეს ვხედავთ იმ მდგომარეობას, რაც მოხდა 18 ივლისს პარლამენტში”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

გამორიცხული არ არის, რომ შს მინისტრის პარლამენტში დაბარებით, რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამ დესტრუქციული სცენარის განხორციელებას გეგმავდა. ასევე, ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს ხდება შარლ მიშელის საქართველოში მორიგი ვიზიტის წინ, ერთი დღით ადრე.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ეს ხალხი ორიენტირებულია იმაზე, რომ ყველაფერი ძალით და რეპრესიული მეთოდებით გაიტანონ. მათ არ აწყობდათ გომელაურისგან მოესმინათ ის პასუხები, რა პასუხებიც შეიძლება ჰქონოდა შსს-ს ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

“შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია ამოწეულიყო, რომლის საჯაროდ გახმაურება მათ არ აწყობდათ, ამიტომ გადაწყვიტეს ასეთი ობსტრუქცია მოეწყოთ. არ მგონია, საღად მოაზროვნე ადამიანს მოსწონებოდა ის, რასაც აკეთებდა თინა ბოკუჩავა და მისი თანაპარტიელი ქალბატონი. რამდენმა ადამიანმა გაიფიქრა, ალბათ, ესენი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში რას იზამენო”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

მისი აზრით, ამ ყველაფრით ხელისუფლებამაც იხეირა, რადგან საზოგადოებას ძალიან კარგად დაანახა “ნაციონალური მოძრაობის” სახე.

ვაჟა ბერიძე

როგორც ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე აცხადებს, არც მიშელი და ევროკავშირის არც სხვა ლიდერები, მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხედავენ, არ მიესალმებიან, ეს დასავლეთს ხელს არ აძლევს და თავიანთი განცხადებებით, რამდენადაც ეტიკეტი აძლევთ ამის საშუალებას, კატეგორიულად ემიჯნებიან. ევროპისთვის აბსოლუტურად გაუგებარია ქართული ყინჩობა და ამპარტავნება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ეკონომიკა და მსოფლიო პანდემიის პირობებში უმძიმესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

“რეგიონში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, საქართველოს მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალები ერთმანეთს მტრობენ, რაც კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია დასავლეთისთვის. სწორედ ამაზე მიუთითა შარლ მიშელმა, რომ ვერც მმართველი პარტია, ვერც ოპოზიცია – “ენმ” და მისი მოკავშირეები, მოწოდების სიმაღლეზე ვერ არიან”, – განუცხადა Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ.

მისივე შეფასებით, უკვე ნათელი ხდება, რომ ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე მთავარი პოლიტიკური აქტიორები უნდა შეიცვალონ. ამის გაცნობიერება და ამასთან შეგუება კი, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მიშა სააკაშვილს და არც ბევრ გავლენიან ოლიქარგს უნდა, რომლებიც ჩაბღაუჭებულნი არიან ხელისუფლებას.

მეორე საკითხია, საიდან უნდა მოვიდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა? ერთი რამ აშკარაა, ბოლო თვეების პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის და საქართველოს მოსახლების უმრავლესობის განწყობები თითქმის თანხვედრაშია, ორივე მხარეს პოლიტიკურად სტაბილური და მშვიდი სახელმწიფო სჭირდება რეგიონში.

“შარლ მიშელის ფრთიანი გამოთქმა, – ერთი თაობა გაკლიათ ევროპამდეო, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად 20-25 წელი სჭირდება. თუმცა, მერე მისი ნათქვამი ჩასწორდა და სხვაგვარად იქნა განმარტებული, – ამ ერთმა თაობამ ბევრი გააკეთა ევროკავშირთან დასაახლოებლადო. მიშელი, როგორც ამბობენ, არის კომპრომისის ვირტუოზი, რაც ქართველ პოლიტიკოსებს ნამდვილად აკლიათ”, – ამბობს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, შარლ მიშელმა ძალიან კარგად იცის, რომ ქართველი ხალხის დეპოპულაციამ ფაქტობრივად დააცარიელა ქვეყანა და ამ მხრივ პერსპექტივა აღარ არსებობს, ეკონომიკა არ არის, პოლიტიკოსებს კი, არ სცალიათ სახელმწიფოსთვის.

. ქარჩავა