გრილი ზაფხულის შემდეგ თბილისს, პოლიტიკურად დატვირთული შემოდგომა ელის. ბუნების მრავალფეროვნებას წელს, თვითმმართველობისა და მერის არჩევნების ციებ-ცხელება შეემატება. მართალია წინასაარჩევნო კამპანია ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა, მაგრამ დედაქალაქის მთავარი სავარძლის დაკავების მსურველები უკვე გამოიკვეთნენ. სექსუალური კახი კალაძისა და მომხიბვლელი ზაალ უდუმაშვილის გვერდით, მერის თანამდებობისთვის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც იბრძოლებს.

მესამე სექტორიდან პოლიტიკაში მოსულმა ელენე ხოშტარიამ კი, ქვეყნის დედაქალაქის მერობაზე პრეტენზია ყველაზე ადრე გამოთქვა. ის მერობის კანდიდატად “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ” დაასახელა. ელენე ხოშტარია იმ ლიდერთა სიაშია, რომლებიც ეტაპობრივად ტოვებენ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებს.

სამაგიეროდ სააკაშვილი არ ტოვებს საკუთარი თვალსაწიერის მიღმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას და ქვეყანაში ჩატარებული ყოველი მორიგ არჩევნებზე, ახალი რევანშისტული გამარჯვებისთვის ემზადება.

24566777-1ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” “განაწყენებული თბილისელების” ხმების რომანტიული პერსონაჟის, პოპულარული ჟურნალისტის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენმდივნის მოადგილე ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა შესთავაზა. დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობა იყო უდუმაშვილის ტელემაყურებელთან გამომშვიდობება, შესაძლოა თვალცრემლიანი ჟურნალისტი გრძნობდა კიდეც, რომ წაგებულ ომში გაიწვიეს.

“მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი. მინდა თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი. როგორც ამ ქალაქის შვილს, მაქვს მოტივაცია თბილისელების ცხოვრება გავხადო ისეთი, როგორსაც იმსახურებენ”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ექსპერტ გია ნოდიას აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში შესვლამდე, სოციოლოგიური გამოკითხვების გარეშე ძნელია იმაზე საუბარი, მერობის რომელ კანდიდატს რა შანსი აქვს, თუმცა, მიაჩნია, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ თბილისის მოსახლეობას გარკვეული პრეტენზიები დაუგროვდა, ეს მაინც არ გაზრდის ზაალ უდუმაშვილის გამარჯვების შანსს.

nodiaექსპერტის აზრით, მოსახლეობა არ არის მზად იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ამჯობინოს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს. თუმცა, ამ ლოგიკით ადვილი შესაძლებელია, “გაბრაზებული თბილისელების” ხმები, ალექსანდრე ელისაშვილის კალათში აღმოჩნდეს. არა იმიტომ, რომ ის მერობის ძლიერი კანდიდატია, უბრალოდ შეუძლია იმ ადამიანების ხმები მიიღოს, ვისაც არც მთავრობა მოსწონს და არც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა სურთ.

“საკმაოდ მაღალია მეორე ტურის ალბათობა. დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ვის მისცემს ხმას. სამთავრობო კანდიდატი კალაძე, ავტომატურად მიიჩნევა ფავორიტად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნები მოიგო, წინა მუნიციპალურ არჩევნებში ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა, ახლაც კალაძის გამარჯვების მეტი მოლოდინი არსებობს, თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ეს გამარჯვება გარანტირებულია”, – აცხადებს გია ნოდია.

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერის თანამდებობაზე მოქმედ მერ დავით ნარმანიას მეორე ვადით კენჭის ყრის საშუალება არ მისცა და მისი კახი კალაძით ჩანაცვლება გადაწყვიტა. გია ნოდიას აზრით, ნარმანია არ იყო წარმატებული მერი და ირიბად ეს მისმა პარტიამაც დაადასტურა. ის არ ცდილობდა ყოფილიყო პოლიტიკური ფიგურა და “ქართული ოცნების” ერთგული დარჩა. ამდენად ვერ გამოიკვეთა დამოუკიდებელ სახედ.

kalaze6-1-e1450872541310აღსანიშნავია, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი კახი კალაძე, პოლიტიკაში სწორედ მიხეილ სააკაშვილის წყალობით მოვიდა. მოგვიანებით კალაძის ნიჭითა და უნარით აღფრთოვანებულმა ბიზნესმენმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა და ქვეყნის ენერგეტიკული სფეროს ხელმძღვანელობა ჩააბარა. დღეს კი კალაძე, დედაქალაქის ცხოვრებაში აპირებს აქტიურ მონაწილეობას.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ქართველ ამომრჩეველს სრულფასოვანი არჩევანის შესაძლებლობა, არც ამ არჩევნებზე ექნება, რადგან კვლავ ორი პოლიტიკური პოლუსი არსებობს. ერთი მხრივ სახელისუფლებო კანდიდატი და მეორე მხრივ “ნაციონალური მოძრაობის” ნამსხვრევები, თუმცა დანარჩენი პოლიტიკური ელიტაც არ არის მაინცა და მაინც კარგ მდგომარეობაში.

image1როგორც Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა გია ხუხაშვილმა, სახელისუფლებო კანდიდატს აქვს გარკვეული უპირატესობა, არა ხელისუფლების ავტორიტეტის გამო, არამედ ცუდსა და უარესს შორის არჩევანით. გარკვეულ როლს თამაშობს სახელისუფლებო რესურსიც, როგორ მატერიალური, ისე ადმინისტრაციული და ორგანიზაციული.

მერის არჩევნებზე ხელისუფლებისთვის მომგებიანია არაპარტიული პროექტი გზავნილით – “გავწმინდოთ მერია პარტიული და კლანური ინტერესებისგან”. სწორედ ამას უკავშირებს ხუხაშვილი, ბოლო დღეებში ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელ ოთარ აბესაძის დაკავებას.

“ეს დაპატიმრება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისელი ამომრჩევლის მთავარ მოთხოვნას. მას არ მოსწონს, რომ სხვადასხვა კლანები და პარტიული აქტივისტების ბოგინი მერიაში და ეს არა მხოლოდ ამ ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი, არამედ წინა ხელისუფლებასთანაც იგივე პრეტენზია აქვთ”, – მიანია გია ხუხაშვილს.

მისი აზრით, სწორედ ამ მთავარ გზავნილს მეტ-ნაკლებად პასუხობს მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, მაგრამ მას აქვს ერთი პრობლემა, ამომრჩეველი მისგან სწორ გზავნილს იღებს, მაგრამ ჩნდება კითხვა, აქვს კი მას ამის უნარი?

32a6694a2413294240a6db65ce9b3774თავის მხრივ ალეკო ელისაშვილი მის ყველაზე სერიოზული კონკურენტად კალაძეს განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ჯიბეში აქვს ბიძინა ივანიშვილის ფული, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული რესურსი, უშიშროება, კრიმინალებთან კონტაქტები.

“მათთან ჭიდაობა მარტივი არ იქნება, მაგრამ ქალაქი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შიშები”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იგი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია და მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებით მოსახლეობის მეტ ნდობას მოიპოვებს.

ექსპერტების აზრით, ადვილი შესაძლებელია ელისაშვილს თავისი სიმპატია და მხარდაჭერა გამოუცხადონ რესპუბლიკელებმა და “თავისუფალმა დემოკრატებმა”, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან თვითონ ამ პარტიებსაც არ აქვთ მოსახლეობის მაინცა და მაინც დიდი მხარდაჭერა.

“საქართველოში დღეს არაპარტიულობა იყიდება, გარკვეული ადამიანებისთვის პოზიტივია, როცა მერობის თუ დეპუტატობის კანდიდატი პარტიასთან არ არის დაკავშირებული. მე არ მიმაჩნია, რომ ეს სწორია”, – აცხადებს გია ნოდია.

თბილისელი ამომრჩევლის თვალში პარტიული პოლიტიკა დისკრედიტებული რომ არის, ამ მოსაზრებას ექსპერტი გია ხუხაშვილიც იზიარებს. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ქალაქს მიხედავს და არ იფიქრებს პარტიული აქტივისტების დასაქმებაზე, თბილისელი ამომრჩევლისთვის მისაღებია, თუმცა არსებობს მეორე მაგრამ, რომელი გუნდის დახმარებით აპირებს ელისაშვილი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებას და შესრულებას?

“მაგრამ, თუ ელისაშვილი ტანდემში მოძებნოს კარგი მენეჯერს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის სახით, მაშინ შესაძლებელია მან სერიოზული პრობლემები შეუქმნას სახელისუფლებო კანდიდატს და პირველივე ტურში კახი კალაძის გამარჯვების პერსპექტივა შემცირდეს”, – მიაჩნია ხუხაშვილს.

მისი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტ ტექნოლოგიაზე, რა გზას აირჩევს ალექსანდრე ელისაშვილი, რადგან მისი მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მისი კანდიდატურის გარშემო მობილიზება, რაც ზაალ უდუმაშვილის შემთხვევაში ძალიან რთული იქნება.

P.S. ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ხშირად გამოითქმის პრეტენზია, რომ თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს, რომ იზრუნოს მშობლიური ქალაქის განვითარებაზე და მისი მაცხოვრებლების პრობლემები გულთან მიიტანოს. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ეს არ არის თბილისელების სნობიზმით გამოწვეული. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მილიონიან ქალაქს თავისი მოსახლე სურდეს მერად, ისევე, როგორც თელავში უნდათ თელაველი, ზუგდიდში – ზუგდიდელი. “ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის იდეიდან გამომდინარე განწყობა და სხვა არაფერი”, – აცხადებს იგი.

თბილისს უამრავ პრობლემას შორის დღეს, ქაოტური მშენებლობები და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა აწუხებს, ასე რომ, მას მზრუნველი ხელი სჭირდება და არა ლამაზი ლოზუნგები.

ავტორი: გიორგი ქართველი