სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, 2015-2016 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილია 2 520 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 1400-მდე სტუდენტს დააფინანსებენ.

ბაკალავრიატის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტმა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განაცხადი, 2 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს, ან განათლების სამინისტროში, ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, დაფინანსდებიან 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონში მცხოვრები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა შვილები, სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებულთა შთამომავლები, უდედმამო, მრავალშვილიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სოციალურად დაუცველი სტუდენტები.

სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან 2013 – 2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000-ი, ან ნაკლებია.
ასევე, დაფინანსდებიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც არიან ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან უდედმამო სტუდენტები”, – განაცხადა მინისტრმა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – ასევე, ინფორმაციია მიღება შესაძლებელია სამინისტროს “ცხელი ხაზის” (2 200 220) საშუალებით.