იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 30 ივლისიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებულ განაცხადებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში” განიხილავენ.

როგორც Dalma News-ს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, ახალი ინსტრუქცია ახლებურად დაარეგულირა მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების წესებსა და პროცედურებს; ასევე დაკონკრეტდა განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები. კერძოდ, სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად 10 დღის ვადაში განიხილავს. შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მომდევნო 5 დღის ვადაში სააგენტოს თავმჯდომარე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
მათივე თქმით, ახალი რეგულაციების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მაქსიმალურად მიზნობრივად და რაციონალურად გამოყენებას და ათვისებას. მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგია და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნები კონკრეტულ ნაკვეთთან დაკავშირებით.

“ინსტრუქციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო მიზნობრივი ფუნქციით შეცვლა განხორციელდება მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დაადასტურებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი ფუნქციის შეცვლის სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ საჭიროებას. აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი დანიშნულება შეეცვლება ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტული კერძო და საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იქნება მიზანშეწონილი,” – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 2013 წლის 6 სექტემბრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საზოგადოებრივ საჭიროებას საქართველოს მთავრობა აფასებდა და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობდა. მანამდე არ არსებობდა არანაირი რეგულაცია და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოქალაქის განაცხადის საფუძველზე პრაქტიკულად ავტომატურად, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ხდებოდა.