საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლის მონაწილეები შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა 29 ივნისს, ზუგდიდში, აქცია სახელწოდებით – დაისაჯონ “სააკაშვილები და ბოკერიები” გამართეს. პატრიოტების საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრას, მალევე უწოდეს თბილისის კონტრაქცია. საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ “პატრიოტთა ალიანსს” აქციის ორგანიზებაში ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა – ზუგდიდში შეკრებილთა რიგები სამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებით გაამდიდრეს და ხალხი თეთრი მიკროავტობუსებით ჩაიყვანეს.

თბილისში, 21 ივნისიდან, მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” შს მინისტრს, 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენების გამო აკრიტიკებენ. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, იმ ღამით, ათეულობით მოქალაქე და პოლიციელი დაშავდა.

“დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები! არა – ოცნებას, არა – ნაცმოძრაობის ორივე ფრთას! არა- პოლიტიკურ სპექტაკლებს და ხელისუფლების გადაბარების მცდელობას!”, – ასეთი იყო ზუგდიდის აქციის მთავარი ლოზუნგი.

პატრიოტები 20-21 ივნისის მოვლენებში ნაციონალებს და ხელისუფლებას თანაბრად ადანაშაულებენ. “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატ ირმა ინაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ლიდერების მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები რომ არ აქვს, ეს არახალია. მან პარლამენტში სააკაშვილი-ბოკერიას დასჯის შესახებ რეზოლუციაც წარადგინა, მაგრამ “ოცნებისგან” მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ირმა ინაშვილი

როგორც ირმა ინაშვილმა Dalma News-ს განუცხადა, ზუგდიდის აქცია ჯერ კიდევ 2 თვის წინ დაიგეგმა. 15 ივნისს, თბილისის თავისუფლების მოედანზე 40 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და მაშინ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მომდევნო შეკრების ადგილი ზუგდიდი იქნებოდა.

“ამის შემდეგ მოხდა ე.წ გავრილოვის პროვოკაცია, რაც “ქართულმა ოცნებამ” და ბოკერიას ჯგუფმა დაგეგმეს. მერე ჩართო სააკაშვილის პარტია და მოაჯდა პროცესს. საერთოდ, “ქართულ ოცნებას” ახასიათებს ერთი თვისება – თავისსავე დაგებულ მახეში ვარდება ხოლმე, ახლაც ეს მოხდა. ჩვენ კი, შესაბამისად, ახალი ლოზუნგით გამივედით: არა – ნაცების ორივე ფრთას, არა – “ქართულ ოცნებას”, არა – პოლიტიკურ სპექტაკლებს, არა – ხელისუფლების გადაბარების მცდელობას. ხალხი დაიღალა ამდენი ტყუილით და სპექტაკლებით. ზუგდიდში 12 000 კაცზე ცოტა მეტი შეკრიბა, ეს იყო ერთ- ერთი მასშტაბური შეკრება”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

“პატრიოტთა ალიანსი” იღებს ხელისუფლების შეთავაზებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 0%-იანი ბარიერით ჩატარდეს და მიაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიისკენ.

“მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამაზე, ჯერ კიდევ, საკონსტიტუციო განხილვებისას ვსაუბრობდი. ბუნებრივი ბარიერიც ჩვენი ინიციატივა იყო, პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისათვის”, – განუცხადა ირმა ინაშვილმა Dalma News-ს.

თბილისის ცენტრში, ნაციონალების მიერ ორგანიზებული, რამდენიმედღიანი აქცია-მსვლელობების პარალელურად, მოსახლეობის ნაწილი თანამოქალაქეებს კონტრაქციის გამართვისკენ მოუწოდებნენ.

“მეც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ. მაქვს ნათელი მომავლისა და მშვიდი აწმყოს უფლება. რატომ უნდა გადაწყვიტოს საზოგადოების მცირე ჯგუფმა, ჩემს ნაცვლად თუ, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებ? იმიტომ, რომ რომელიღაც პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში რევოლუციებითა და ძალადობით დაბრუნდეს? საქართველომ ნახა რევოლუციებც, ხელისუფლებების დამხობაც და სამოქალაქო ომიც. იქნებ საჭიროა პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს დავანახოთ, რომ ჩვენც ვარსებობთ და გავიდეთ კონტრაქციაზე”, – წერდნენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

კონტრაქციის იდეას მხარი არ დაუჭირეს ხელისუფლებაში და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტია “ქართული ოცნების” განცხადებაც გავრცელდა, სადაც მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ კონტრაქციისა და იმგვარი ქმედებებისგან, რამაც ქვეყანაში, შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციის საშუალება მისცეს. “ქართული ოცნება” მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომლებიც რეალურად აფასებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს და აცხადებენ, რომ საქართველოში დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

“პატივს ვცემთ თითოეული ჩვენი მოქალაქის პოზიციას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების ეს უფლება იყო, არის და იქნება დაცული. ასევე, განუხრელად არის და იქნება დაცული ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობისგან.სახელმწიფო იცავს როგორც მოქალაქეებს, მათი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციას და საზოგადოებრივ მართლწესრიგს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამის შემდეგ, ხელისუფლებამ პოლიტიკურ პარტიებს შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის თარიღი დაუთქვა, სადაც მხარეებმა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივაზე უნდა ისაუბრონ.

ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის აზრით, კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი ყოველთვის მოლაპარაკებაში და სამშვიდობო პროცესის დაწყებაში მდგომარეობს. დაძაბულობის მუხტი უნდა მოიხსნას, ამისთვის კი, ყველა პოლიტიკური პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და გააკეთონ ის, რაც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას შეუწყობს ხელ.

ლევან ნიკოლეიშვილი

“რასაც ბოლო დღეებში ვუყურებ, ოპოზიციის მხრიდან არის განწყობა, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, განიხილონ ხელისუფლების შეთავაზება, ეს დემოკრატიული და ნორმალური პროცესია. რა თქმა უნდა, იქნება წინააღმდეგობები, ყველა თავის აზრს გამოხატავს, მაგრამ კონსენსუსი მიღწევადია, ეს არის მთავარი”, – განუცხადა Dalma News-ს ლევან ნიკოლეიშვილმა.

კონტრაქციის იდეას რაც შეეხება, ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება ძალიან გონივრულია, რადგან მსგავსი საპასუხო გამოსვლები ხელს ვერ შეუწყობს სამშვიდობო პროცესს და ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებას. მისივე თქმით, ადამიანებს აქვთ აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს.

“ხელისუფლებამ გარკვეულ პროცესებზე პასუხისმგებლობა აიღო, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია. მეორე მხრივ, ოპოზიციასაც აქვს ვალდებულება იკისრონ პასუხისმგებლობა, რადგან ვითარება უნდა განიმუხტოს. დღეს არ არის ურთიერთბრალდებების წარდგენის დრო, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა შეძლოს, დაწყნარდეს. საარჩევნო პროცესზე გადასვლა დღეს, ნომერ პირველი ამოცანაა. ეს ძალიან კარგი შანსია თვითონ ქვეყნისთვის. უმჯობესია ყველამ მიიღოს მონაწილეობა იმაში, რომ გააკეთოს ქვეყნისთვის უკეთესი საქმე. მარტო პოლიტიკოსების ხომ არ არის ეს ქვეყანა?”, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი მიუღებლად მიიჩნევს “პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის აქცია 20 ივნისის კონტრაქციად მოინათლოს. მისივე თქმით, კონტრაქცია ტერიტორიულად ახლო დისტანციაზე გამართული დაპირისპირებული აქციაა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ დიდი ხანია დაკარგული აქვს რეიტინგი, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაგრამ, მოსახლეობას არც რევანშისტული ძალის დაბრუნება სურს. Dalma News-ის კითხვაზე, ქვეყანაში ბოლო დღეებში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიზრდება თუ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერთა რაოდენობა, ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ნებისმიერი პარტიის შანსებზე საუბარი ცოტა ნაადრევია, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური ველზე ცვლილებები მიდის, დიდი შანსია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო აღმოჩნდეს.

მისივე თქმით, პარტიების შანსების შეფასებისა და რეალური ანალიზის საშუალება მაშინ იქნება, როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება. უფრო ნათლად გამოჩნდება, ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, გამოჩნდებიან მოთამაშეები, რომლებსაც შესაძლოა რეიტინგი აეწიოთ ან მოაკლდეთ.

“მომავალი პარლამენტი ნამდვილად იქნება მრავალპარტიული და მრავალფეროვანი. საზოგადოების ნებისმიერ მცირე ჯგუფს მისცემს საშუალებას, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ინტერესების დამცველები ჰყავდეთ. მაგრამ ამან შემდეგ, შესაძლოა, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანოს, რაც, ასევე ნორმალური პროცესია. კრიზისულ სიტუაციებში მრავალი ძალა იქნება ერთობლივად გაერთიანებული იმისთვის, რომ საერთო კონსესუსით მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასე ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში”, – აცხადებს ექსპერტი.

შორენა პაპაშვილი