წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,1 პროცენტი, 2015 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,1 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა.  ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად.

იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან, – აცხადებენ საქსტატში.