საქართველოში საერთაშორისო კორპორაცია “მიცუბიშის” სამუშაო ჯგუფი ჩამოვა. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კორპორაციის თავმჯდომარე იორიჰიკო კოჯიმამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა “მიცუბიშის” თავმჯდომარეს საქართველოს ბიზნესგარემო გააცნო.

“მიცუბიში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა, რომელიც აერთიანებს და ოპერირებს არაერთ ინდუსტრიას ფინანსების, ენერგეტიკის, ლითონების წარმოების, მანქანათმშენებლობის, ქიმიური წარმოების, გარემოს დაცვის სფეროებში.

კომპანიას ბიზნესი მსოფლიოს 90 ქვეყანაში აქვს და დასაქმებული ჰყავს 68 ათასი ადამიანი. 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა.