აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, შეერთებული შტატების ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია, სადაც მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – “უსაფრთხოების ცვალებადი პარადიგმა ევროპაში – ქართული პერსპექტივა”. მინისტრმა აქცენტი გააკეთა საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისთვის საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსაც სჭირდება საქართველო. ლექციის შემდეგ აკადემიის მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ.

როგორც Dalma News-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს აშშ-ს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, გენერალ-მაიორმა ფრედერიკ მ. პადილამ უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კონტრტერორისტული კურსის სტუდენტ გიორგი შენგელიასაც შეხვდნენ.

აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტი, 1976 წელს კონგრესის დადგენილებით შეიქმნა. 1981 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სტრქუტურული ერთეული, გაერთიანებული საშტაბო კოლეჯი ჩამოყალიბდა. 1982 წელს კი ინფორმაციული რესურსების მართვის კოლეჯი დაარსდა. საგანმანათლებლო დაწესებულებას ორ წელიწადში ნაციონალური სტრატეგიების კვლევების ინსტიტუტიც დაემატა. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, შეიარაღებული ძალების და შერჩეული ოფიცრების და ლიდერებისთვის სამოქალაქო სექტორიდან შესაბამისი განათლების და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებას სპეციალიზირებული ფორმით.