პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე მღებრიშვილის მოადგილე კახი კახიშვილი დაწინაურდება და უწყებას უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიოგრგი მღებრიშვილი წარმატებულ მინისტრად შეაფასა და განაცხადა, რომ მან საგრძნობლად შეცვალა უკვე ყოფილი უწყება სტრატეგიულად და შინაარსობრივად.

“სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მთლიანად აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა სისასტიკე, ადამიანის ღირსებების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო სააკაშვილის დროს. ჩვენ სრულებით ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ სისტემის რეფორმა ბატონი გოგას და მისი გუნდის დამსახურებით,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მღებრიშვილს ჰქონდა დაწყებული რეფორმის მეორე ეტაპი, მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და პირველად ხარჯავს სახელმწიფო მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობაზე. “ის არის ინოვაციური პროექტის ინიციატორი, კერძოდ, ელექტრონული სამაჯურებით პატიმრების მონიტორინგის, რომ მათ შეეძლოთ შინა პატიმრობაში სახლში იყვნენ. ამ სისტემას უკვე ახალი მინისტრი დანერგავს,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო. უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაურია წარდგენილი, რომელიც ამ დრომდე შს მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. შსს და უსაფრთხოების სააგენტო ცალცალკე უწყებად რეფორმის ფარგლებში გაიყო. შესაბამისი კანონი ძალაში დღეიდან შედის.

გიორგი მღებრიშვილი 1970 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა – სამართალმცოდნეობა. მან კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.

2014 წლიდან დღემდე გიორგი მღებრიშვილი იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. იცის რუსული და ინგლისური ენები. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.