თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ (DEIK) საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უმსხვილესი ბიზნესკომპანიების მონაწილეობით დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიიწვია.

ამის შესახებ პრემიერისა და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ომერ ჯიჰად ვარდანის შეხვედრაზე აღინიშნა. ვარდანის განცხადებით, იზრდება თურქი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისადმი.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას და მიმდინარე რეგიონული პროექტების მნიშვნელობას.

DEIK–ი თურქეთის ბიზნესწრეების ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან გაერთიანებას წარმოადგენს. იგი დაარსდა 1986 წელს. მისი მიზანია თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმოებისადმი ხელშეწყობა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება. DEIK-ს ჰყავს 99 დამფუძნებელი ორგანიზაცია. მასში ასევე შედიან ბიზნეს საბჭოები, რომლებიც 900-მდე კომპანიას აერთიანებენ.

ბიზნესფორუმი ახლო მომავალში სტამბულში გაიმართება და მას თურქეთის წამყვანი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.