საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთიანია. ამიტომ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთის და მთის ხალხის მიმართ.

“მთის მოსახლეობა საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს მათი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებენ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მთის განვითარების სტრატეგიის” წარდგენისას.

მისი თქმით, მთის სტაბილური და შეუქცევადად განვითარებისთვის გრძელვადიანი სტრატეგია შემუშავდა. თუმცა, სასურველია მსგავსი სტრატეგია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჰქონოდა და მთაში არსებული ბევრი პრობლემა გაცილებით ადრე გადაელახა.

მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება, ადვილი ნამდვილად არ არის. პატრიოტული გრძნობების გარდა, ამას სულიერი განწყობა და ფიზიკური გამძლეობაც სჭირდება. მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ამ სიმდიდრის დაცვა და მთაში მოსახლეობის შენარჩუნება უნდა იყოს.

მთის განვითარება, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ პრიორიტეტთა ნუსხაშია. მიღებულია “მთის შესახებ კანონი”, რაც მთაში მცხოვრები ოჯახებისთვის ძირითადად ფულად დახმარებებს მოიცავს. 2018 წელს, მთაში ახალდაბადებულ ბავშვებზე დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაიცა, საპენსიო და სოციალურ პაკეტებზე 69 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის სახით 9 მილიონი ლარი, ხოლო მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე – 20 მლნ ლარი გამოიყო. “მთის შესახებ კანონი” მოიცავს მთის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. დაახლოებით 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათით. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდმა 66 მილიონი ლარი გამოყო მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP-ის დახმარებით შემუშავდა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოში დღეს, 1,730 დასახლებას აქვს მინიჭებული. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა.

სტრატეგიის ფარგლებში გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად გზების რეაბილიტაცია. იგეგმება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისების განვითარება; გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. მთა იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ორგანული პროდუქციის წარმოებისთვის გადასახადებისგან სრულად გათავისუფლება.

მთის სოფლებში გაიზრდება ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო ტრანსპორტი, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები, გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ნარჩენების გატანის სერვისების მიწოდებისათვის. იქ, სადაც ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება სადენებით, გამოიძებნება ალტერნატიული წყარო.

“2019 წელს ყველა უშუქო სოფელი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროთი, ხოლო 2020 წლისთვის კი ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით. უკვე იწყება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია. 2019 წელს დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და გუდაურში”, – აცხადებს პრემიერი მამუკა ბახტაძე.

სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მთაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამ მხრივ, 2019 წელს, 15 მლნ ლარი დაიხარჯება. მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაგრძელდება სტუდენტების დაფინანსება; ახალგაზრდების ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით სპეციალური პროგრამები შემუშავდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება მთის ფაკულტეტი, რომლის სასწავლო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით არსებული მსგავსი სასწავლო პროგრამების ადეკვატური იქნება.

თიანეთის მკვიდრი ვაჟა ბერიკიშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებში სათანადოდ არ მიმდინარეობს მთაში ცხოვრების პროპაგანდა, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, თუ რა მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა აქვს მთის განვითარებას. ამ თვალსაზრისით საჭიროა არსებობდეს ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც უმაღლესდამთავრებულ ახალგაზრდებს მშობლიურ კუთხეში დასაქმებაში დაეხმარებიან.

როგორც ვაჟა ბერიკიშვილმა Dalma News-ს განუცხადა, სოფლის სკოლები მასწავლებლების სიმცირეს განიცდიან. ამის გამო, ერთი და იგივე მასწავლებელი რამდენიმე საგანს ასწავლის. სკოლებში არ ჰყავთ სპორტის მასწავლებლები. არ არსებობს სპორტული სკოლები, მაშინ, როდესაც სოფლის ახალგაზრდებში არსებობს სურვილი სპორტით დაკავდნენ. რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას, ვაჟა ბერიკიშვილის თქმით, გზები და ინფრასტრუქტურა თიანეთში გამართულია, არსებობს ოჯახური ტიპის სასტუმროებიც, მაგრამ უცხოელი ტურისტები რეგიონს იშვიათად სტუმრობენ. მისი აზრით, ამის მიზეზი არასაკმარისი პოპულარიზაციაა. თიანეთს ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლები ოჯახებით, ისიც ზაფხულობით, სტუმრობენ. ზამთრის სეზონზე კი მოთხოვნადი არ არის.

უცხოელი ტურისტები იშვიათად ჩამოდიან. თბილისელები კი, ზამთრის სეზონზე თოვლიან კურორტებზე დასვენებას ამჯობინებენ. ჩვენთან დიდი თოვლი არ იცის. გზის და ტრანსპორტის პრობლემა კი ნამდვილად არ გვაქვს. მთავარი პრობლემა რეგიონის პოპულარიზაციაა. მცირე ბიზნესის დაფინანსებაზე სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არის. მოსახლეობა სოციალურ დახმარებებს ღებულობს. ელექტროენერგია თითქმის ყველა სოფელს აქვს. ჩვენი რაიონის შემოსავლის წყაროა მეცხოველეობა, მოგვყავს კარტოფილი და ლობიო. არის ოჯახები, რომლებსაც 5-6 სული ძროხა ჰყავთ, ყიდიან რძის პროდუქტებს, ხორცს, გლეხის შრომა ფასდება. დაავადებებთან დაკავშირებით ინტენსიურად კონტროლდება საქონელი. თბილისიდან ხშირად ჩამოდიან სპეციალისტები“, – გვითხრა ვაჟა ბერიკიშვილმა.

ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი მიხეილ ვარძელაშვილი, Dalma News-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა. ყველაზე მთავარი კი საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობაა. ასევე, რესტორნებისა და კაფეების ნაკლებობა და სიძვირე. ახალგაზრდებმა მეტ- ნაკლებად უკვე იციან ინგლისური ენა, ტურისტებთან ურთიერთობის გამოცდილებაც აქვთ. ზოგს პარაპლანის ბიზნესი აქვს, ზოგი კაფეში მუშაობს. პრაქტიკულად ყველა მუშაობს.

მიხეილ ვარძელაშვილის აზრით, საქართველოში სრულად არ არის ათვისებული სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი. ამ თვალსაზრისით ქვეყნის ტერიტორიის 10-20% ჯერ კიდევ ასათვისებელია.

“ჩვენ ხომ მხოლოდ ბაკურიანი, გუდაური და ყაზბეგი არა გვაქვს? სვანეთი და აჭარა ჯერ კიდევ არ აგვითვისებია. რაჭაშიც არის მთები და თუშეთშიც, სადაც შესაძლებელია სათხილამურო კურორტები გაკეთდეს. ამას წინათ ტურისტებმა მითხრეს, – შვეიცარია ლამაზია, მაგრამ იქ იმდენი სასრიალო ადგილი არ არის, როგორც გუდაურში. თქვენთან ტერიტორია უფრო დიდია, შვეიცარიასი არ არის ამდენი ტრასაო. გამიკვირდა, მეგონა შვეიცარიაში ყველა მთა არის ათვისებული. თუშეთში ცუდი გზაა და ამის გამო ბევრი ტურისტი ვერ ჩავა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. რაც შეეხება სვანეთს, ქუთაისი – სვანეთის გზა რომ აშენდება (როგორც ამბობენ), მერე იქაც მოიმატებს ტურისტების რაოდენობა და ქუთაისსაც დაეტყობა. ქუთაისში აეროპორტი, რომ ააშენეს, ძალიან დაეტყო ხალხმრავლობა. ქუთაისიდან რაჭასა და სვანეთში გზის გაყვანა, ქუთაისს ძალიან განავითარებს და სვანეთსა და რაჭასაც დაეხმარება”, – აცხადებს მიხეილ ვარძელაშვილი.

მისივე თქმით, ყაზბეგში გაცილებით მეტი უცხოელი ტურისტი ჩადის, ვიდრე ქართველი დამსვენებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეგიონი ტურიზმით ცხოვრობს. ამის მიუხედავად, მომსახურება ბევრად დაბალ დონეზეა. თუმცა, ქართული სამზარეულო მოსწონთ.

“მაგალითად თიანეთში ხინკალი რომ მიირთვეს, აღფრთოვანდნენ ტურისტები, ასეთი ასორტიმენტი შვეიცარიაში არ არის. იქ სენდვიჩებით გვიმასპინძლდებიანო”, – ამბობს მიხეილ ვარძელაშვილი.

მისივე თქმით, სერვისებთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები არც ტურისტებს აქვთ. ამ საკითხში კიდევ უფრო უპრეტენზიო რუსი ტურისტები არიან. არ აქვს სუპერ თანამედროვე მოთხოვნები. უფრო მომზადებულები არიან მთის კლიმატისთვის და განწყობაც შესაბამისი აქვთ.

Dalma News-ი რაჭის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობასაც გაესაუბრა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო წლებში ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, თუმცა, რეგიონში უმუშევრობის პრობლემა კვლავ აქტუალურია. არ არის სამუშაო ადგილები, არ ცხადდება ვაკანსიები.

“ტურიზმის თვალსაზრისით, რაჭა საკმაოდ მოთხოვნადია, ბევრი კარგი ადგილი და ისტორიული ძეგლებია, მაგრამ არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა. არსებობს ღვინის და საცხენოსნო ტურების მოწყობის პოტენციალი. სხვა მხრივ, სოფლებში წყლის და ელექტროენერგიის პრობლემა გადაიჭრა. გაზიფიცირება მიმდინარეობს. იგეგმება სოფლის გზების კეთილმოწყობა”, – გვითხრა სოფელ ჭრებალოს მკვიდრმა, ივანე კენჭაძემ.

მთის 2019-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობა. ესენია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის გზა; რაჭის 54 კმ-იანი საავტომობილო გზა; სნო-ჯუთა-როშკა-შატილის და კიდევ რამდენიმე ხეობის დამაკავშირებელი დაახლოებით 200 კმ-იანი საავტომობილო გზები. 2019 წლიდან დაიწყება მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენა.

P.S. მთა და მთის კურორტების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება, საერთაშორისო სპორტული ტურნირების გამართვის მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს. 2023 წელს, ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აშენდება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსები, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება კურორტის ცნობადობა.

შორენა პაპაშვილი