საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთის შესახებ კანონის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს. კერძოდ, გაეზრდებათ პენსია და ბიზნესის წარმოება თავისუფალი იქნება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმში სტუმრობისას განაცხადა, მთავრობის მიზანია მთაში შეინარჩუნოს ხალხი. მისივე თქმით, აქამდე არც მთის შესახებ კანონი ყოფილა მიღებული.

“მთა იყო აბსოლუტურად მიგდებული. ჩვენი მთავრობის დაპირება იყო მთის კანონის მიღება. იქ არის გაწერილი მთელი რიგი სოციალური შეღავათები, მათ შორის   მასწავლებლებისთვის, ბიზნესის წარმოება აბსოლუტურად თავისუფალი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა მთაში შევინარჩუნოთ ხალხი. მთა ჩვენი ქვეყნის და ხალხის სიამაყეა. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე და კაპიტალი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი შუამთობის დღესასწაულს დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, ბეშუმში ფოლკლორული კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები და დოღი გაიმართა. ტრადიციისამებრ, შედგა მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალდაქორწინებულ წყვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

“მთელი გულით ვუერთდები თქვენს სიხარულს, სიყვარულს და მინდა, ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე. მინდა, გისურვოთ, ეს დღე იყოს მეტი სიყვარულის, სიკეთისა და ერთიანობის მომტანი, რაც ჩვენ, ქართველებს ასე გვჭირდება. ერთიანობის და სიყვარულის გარეშე ჩვენი წარმატება მიუღწეველია. მინდა, ყველას მოგეფეროთ და აღვნიშნო მაღალმთიანი აჭარლების განსაკუთრებული ქართველობა. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ მეორე წელია, თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღესასწაულს,” – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მომავალი წლიდან მაღალმთიანი აჭარის და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გასაძლიერებლად სხვადასხვა პროგრამა ამოქმედდება.