საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.0 პროცენტს შეადგენს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები.

ერთობლივი მოთხოვნა კვლავ შეზღუდულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური მდგომარეობის გამო, – ნათქვამია ფინანსური ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ერთჯერადი ფაქტორების გამო ინფლაცია 5 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის ბოლოს შესაძლოა მცირედით გადააჭარბოს, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატებითა და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდითაა განპირობებული.

ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავდა, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

წინასწარი ინფორმაციით, რეალური მშპ-ს ზრდა მეორე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო.

ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე.

შესუსტებულია ადგილობრივი მოთხოვნაც, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს.