ქართულ-რუსული  ურთიერთობა, რომელიც ერთმორწმუნეობას ემყარება, რამდენიმე საუკუნიან ისტორიას ითვლის. დღესდღეობით კი, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ღრმა კრიზისშია, ხოლო მათ ხალხებს შორის ურთიერთობები სხვადასხვა შეზღუდვებით არის გართულებული. იმის შესახებ, თუ რუსეთში ქართული დიასპორა დღეს, როგორ ცხოვრობს, რა პრობლემები აქვთ, ან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების რა პერსპექტივები არსებობს, Dalma News-ს “ქართულ-რუსული ურთიერთობების აღორძინების და განვითარების ფონდის” პრეზიდენტი, დავით ცეცხლაძე ესაუბრა.

– მოგვიყევით რუსეთში ქართული დიასპორის შესახებ: რა ორგანიზაციები არსებობს, თანამშრომლობენ, თუ არა ისინი ერთმანეთთან და რა პრობლემებს აწყდებიან?

ქართული დიასპორა ერთ-ერთი უძველესი დიასპორაა რუსეთის ტერიტორიაზე და ეს ქვეყანა მათთვის მშობლიური სახლია. მათ ინტეგრირების აუცილებლობა არ აქვთ, რადგან დიდი ხანია მრავალნაციონალური რუსული საზოგადოების ნაწილნი არიან. რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ქართველები, ისევე ცხოვრობენ, როგორც ჩვენი მრავალნაციონალური ქვეყნის სხვა ხალხები. ისინი მუშაობენ, როგორც საზოგადოებრივ სექტორში, ისე სახელმწიფო სამსახურში, კულტურის, სპორტის, ბიზნესის და ბევრ სხვა სფეროში. რაც შეეხება მათ, ვინც შედარებით უფრო ახალი ჩამოსულია რუსეთში, ინტეგრაცია არც მათთვის წარმოადგენს სირთულეს.

დავით ცეცხლაძე

სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცით დაახლოებით, ჩვენი რამდენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში. აღწერის მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება, ხოლო სხვადასხვა დიასპორული ორგანიზაციების არაკოორდინირებული მუშაობის გამო, დეტალური და რეალური სტატისტის მიღება ძალიან რთულია.

რაც შეეხება სირთულეებს, დიასპორის შიგნით არსებული ძირითადი პრობლემები უკავშირდება მრავალი დიასპორული სტრუქტურის აქტიური მუშაობის და რეგიონალურ ორგანიზაციებთან კავშირების არ არსებობას. გარე პრობლემები უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების პერიოდულ შეფერხებას, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მთავარი პრობლემა, კვლავ სავიზო რეჟიმის არსებობა და ქვეყანაში ყოფნის გართულებული პირობებია.

– გვიამბეთ თქვენი ფონდის საქმიანობაზე, როგორია მისი მთავარი მიმართულება?

“რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინების და განვითარების ფონდი”  2015 წლის 1 ივნისიდან  არსებობს. დღეისთვის მის წიაღში სამი დეპარტამენტი არსებობს. ესენია: სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალურ-ჰუმანიტარული და ახალი დეპარტამენტი დიასპორის საქმეებში. ეს არის უნიკალური სტრუქტურა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს  ასრულებს. დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ თანამემამულეების გაერთიანებაზე, ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე, ერთმანეთის დასახმარებლად და ასევე ბევრ სხვა საკითხზე.

– როგორ შეაფასებთ თანამედროვე ქართულ-რუსულ ურთიერთობას და არსებული ვითარებიდან გამოსავალს ხედავთ, თუ არა?

ჩვენ, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია და ფონდი, პრინციპულად არ განვიხილავთ პოლიტიკას ან არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს. მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ უნდა იყოს პოლიტიზებული და  ორიენტირებული უნდა იყოს  სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების შექმნასა და განხორციელებაზე. ხოლო პოლიტიკით პოლიტიკური პარტიები და მათი  წევრები დაკავდნენ. თუ ყველა თავისი საქმით იქნება დაკავებული, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მოკლედ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან რთულ პოლიტიკურ პროცესში ვართ, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე 30 წელია უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

რაც შეეხება გამოსავალს, უნდა მოვძებნოთ ძალები საკუთარ თავში და ვაღიაროთ ის შეცდომები, რაც ჩვენ (როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა) წარსულში დავუშვით. კარგი ურთიერთობები როგორც ქართველი, ისე  რუსი ხალხის ინტერესებშია.

– ინარჩუნებთ კავშირს ისტორიულ სამშობლოსთან?

ყველა ჩვენი კონტაქტი ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირად კონტაქტებს ემყარება. საქართველოს ოფიციალურ უწყებებში გაგზავნილ წერილებზე  პასუხები  პრაქტიკულად არ მიგვიღია.  ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან სრულფასოვანი თანამშრომლობა დავამყაროთ, რაც დაგვეხმარებოდა  დიასპორის მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში  და ხელს შეგვიწყობდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. რუსეთში მსგავსი კომუნიკაციების  სირთულეები არ გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სრულფასოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ორივე სახელმწიფოს ოფიციალურ უწყებებთან კავშირების დამყარება გვჭირდება.

– რას უსურვებთ ჩვენს მკითხველებს?

პირველ რიგში, მშვიდობას ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენი მოვალეობაა, შთამომავლობას აყვავებული სახელმწიფო და კეთილმეზობლური ურთიერთობები დავუტოვოთ.

ესაუბრა ანდრო ივანოვი (მოსკოვი)

ფოტოზე: დავით ცეცხლაძე