საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ით გაიზარდა, კერძოდ, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1.501.748 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტი, 1.365.213 მილიონი მგზავრია.

თბილისი – მოსკოვის მიმართულებით რეისებს 4 კომპანია ახორციელებს. ყველაზე მეტი მგზავრი – 52 436 – “ჯორჯიან ეარვეისს” ჰყავს გადაყვანილი, მეორე ადგილზეა “სიბირის” ავიახაზები გადაყვანილი 50 516 მგზავრით, მესამეზე კი “აეროფლოტი” 47 899 მგზავრით. მეოთხე და ყველაზე ნაკლები მგზავრი გადაყვანილი ჰყავს “ტრანსაეროს” – 28 751 მგზავრი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა განაპირობა სამოქალაქო ავიაციის სფეროში ღია ცის პოლიტიკის განხორციელებამ, რაც ნათლად აისახა ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციასა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატებაზე.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თბილისი – მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაში დაფიქსირდა- კერძოდ გვაქვს 84%-იანი ზრდა.

მისივე თქმით, კომპანია “აერზენას” რუსეთის მიმართულებით 32%-ით გაეზარდა მგზავრთა ნაკადი, ხოლო უშუალოდ მოსკოვის მიმართულებით 15%-ით. შედეგად 15% გაიზარდა რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი და 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში შეადგინა 642,934 ვიზიტორი.

“ვიზიტორები რუსეთიდან გამოირჩევიან მაღალი მხარჯველუნარიანობით და 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში მათმა მთლიანმა დანახარჯმა ქვეყნის ეკონომიკაში 756,733,318 ლარი შეადგინა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.