რეგიონში დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვის კონტურები იკვეთება, თუმცა, ამაზე ოფიციალური განცხადებები ჯერ არ კეთდება. უკრაინის ომმა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, საშინაო პოლიტიკაზე და საგარეო პრიორიტეტებზე. როგორ შეიცვალა საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო პერიოდში, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე Dalma News-ს აკადემიკოსი ლადო პაპავა ესაუბრა.

– როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, უნდა ამოვიდეთ საერთო გლობალური კონტექსტიდან. პანდემიის პერიოდში ეკონომიკის ბევრი სექტორი, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დაიკეტა. 2022 წლის დასაწყისიდან კი, რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, დასავლეთის ქვეყნები იძულებულნი გახდნენ დაეწესებინათ ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის. ეს არის საერთო გლობალური კონტექსტი და ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სანქციები შორს არის სრულყოფილებისგან. როდესაც დასავლეთში ამბობენ, რომ იღებენ სანქციების მე-7, მე-8, თუ მე-11 პაკეტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა წინამდებარე პაკეტს ხარვეზები აქვს, რომლებსაც ავსებენ შემდეგი პაკეტით. თავის მხრივ, ეს ეკონომიკური სანქციები, იმ კონტექსტშიც კი, რომელშიც არის მიღებული, არ წარმოადგენენ ისეთ სანქციებს, რომლებიც გამორიცხავენ ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. ამ ომის განმავლობაში დასავლეთი, მხედველობაში მაქვს ევროპა, მოიხმარს რუსულ გაზს და რუსულ ნავთობს. უფრო მეტიც, მილსადენი გადის უკრაინის ტერიტორიაზე. გამოდის, რომ უკრაინა ომშია რუსეთთან და იმავე დროს, თავის ტერიტორიაზე ახორციელებს რუსული გაზის ტრანზიტს, რადგანაც ამაში ეკონომიკურად არის დაინტერესებული. როგორც ხედავთ, აქ აშკარად „ხვრელია“ სანქციებში.

გარდა ამისა, არის ფაქტები, როდესაც ქვეყნები სრულყოფილად არ იცავენ ამ სანქციებს და ცდილობენ გვერდი აუარონ მათ. მაგალითად, ლატვიური ნავთობპროდუქტების ბრენდი იყენებს რუსულ ნედლეულს და თავის პროდუქციას აწვდის დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. ამასთანავე, ლატვია ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა. თავად ამერიკელებმა გამოაქვეყნეს ძალიან საინტერესო მასალა იმაზე, თუ როგორ ხვდება რუსული ნავთობი ამერიკულ ბაზარზე? ამ შემთხვევაში შუამავლად იყენებენ ინდოეთს.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ მუშაობს ეს სქემა?

– მაგალითად, ინდოეთი დიდი მოცულობით ყიდულობს რუსულ ნედლ ნავთობს საკმაოდ დაბალ ფასში, შემდეგ გადაამუშავებს და ამზადებს სხვადასხვა ნავთობპროდუქტს, რომელთაც ყიდის მათ აშშ-ში, როგორც ინდურ ნავთობპროდუქტებს. რადგან აშშ ჩინეთთან კონფლიქტშია, ისინი დაინტერესებულნი არიან მხარი დაუჭირონ ინდოეთს და ნავთობპროდუქტების მისგან შეიძინონ. ამ ნავთობპროდუქტების საფუძველს კი, წარმოადგენს რუსული ნედლი ნავთობი. შემიძლია კიდევ ასეთი მაგალითი მოვიყვანო, აშშ-მ თავდაპირველად დააწესა სანქციები და აკრძალა რუსული სასუქის გამოყენება, მაგრამ შემდეგ, ეს სანქციები გააუქმეს. როგორც აღმოჩნდა აშშ-ს და ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა რუსული სასუქები. უფრო მეტიც, საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ “როსსელ ბანკს“ (აგრარული ბანკია) დროებით მოუხსნეს სანქციები და საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა სვიფტზე ერთჯერად ოპერაციაზე დაუშვეს, რის შედეგადაც, ცნობილმა ამერიკულმა ბანკმა – „ჯეი პი მორგანმა“ განახორციელა ოპერაცია, ამერიკელების მიერ რუსული ხორბლის, მზესუმზირის ზეთისა და სასუქების შეძენაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთს, როცა რაღაც უნდა, ისინი თავად არღვევენ რუსეთის წინააღმდეგ მათ მიერვე დაწესებულ სანქციებს. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ შეერთებოდნენ სანქციებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

– როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?

– ერთი მხრივ, ეს არის პატიოსანი საქციელი, ისინი არავის ატყუებენ, სხვებისგან განსხვავებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთი იყენებს ირანული წარმოების დრონებს. როდესაც ეს დრონები უკრაინაში ჩამოაგდეს, ითქვა, რომ ამ დრონების შიგთავსის 82% არის ამერიკული წარმოების. ცნობილია, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები დიდი ხანია მოქმედებს. როგორ აღმოჩნდა ამერიკული ტექნოლოგიები ირანული წარმოების დრონებში? შეერთებულ შტატებში ამასთან დაკავშირებით სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს. ამ ნაწილში საქართველო პატიოსან „თამაშს“ აწარმოებს – არავის ატყუებს. საქართველოს ინტერესებში არ არის რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა. მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტების ჯგუფმა, ვახტანგ ჭარაიას ხელმძღვანელობით, სპეციალური გამოკვლევა ჩაატარა და აჩვენა, რომ თუ კი საქართველო რუსეთს სანქციებს დაუწესებდა, დაზარალდებოდა თავად საქართველოს ეკონომიკა და გვექნებოდა ეკონომიკის 10%-იანი ვარდნა, ანუ საქართველოს მთავრობა საკუთარ ქვეყანას დასჯიდა. რუსულ ეკონომიკას ეს სანქციები საქართველოდან სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებდა.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველო იცავს დასავლეთის სანქციების პირობებს. ჩვენ ქვეყანაში დაიხურა ის რუსული „ვითიბი“ ბანკი, რომლებზეც გავრცელდა სანქციები. არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც ბრიუსელმა და ვაშინგტონმა მიიღო, არ არსებობს საქართველოს მხრიდან, რომელიმე სანქციის დარღვევის პრეცედენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა, საქართველოს მისამართით გვესმის საყვედურები, როგორც ქართული ოპოზიციის, ისე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან…

– დიახ, ეს გასაოცარია. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ევროპარლამენტი გაეხვა არა ერთ კორუფციულ სკანდალში. ევროპარლამენტის დეპუტატების ჯგუფი დააპატიმრებულია ამის გამო. ამასთან ერთად, ზოგიერთი ევროდეპუტატი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც არაკორექტულად მიმაჩნია.

რა გავლენა იქონია დასავლურმა სანქციებმა საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე?

– მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში არის ცვლილებები. უწინარეს ყოვლისა, 2022 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი რუსეთში 3%-ით შემცირდა. ასევე, 1,7 ჯერ შემცირდა რუსული ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში და შეადგენს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ჯამური მოცულობის მხოლო 3,5%-ს (შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი, პირიქით, 29%- დან 43%-მდე გაიზარდა). ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ბევრმა მოქალაქემ საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ 2022 წელს გადმოკვეთა, ზოგი გადმოვიდა აქ დროებით საცხოვრებლად, ზოგი საქართველოს გავლით მესამე ქვეყანაში გადავიდა. ამ ადამიანებმა თავიანთი ბიზნესები საქართველოში გადმოიტანეს. ასეთებს შორის არიან, არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ უკრაინისა და ბელორუსისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ერთმანეთის გვერდიგვერდ ბიზნესი აქვს უკრაინელსაც და რუსსაც, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი არ არის. ამის მაგალითები საქართველოში გვაქვს ჯერ კიდევ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტიდან მოყოლებული. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეთნიკურ სომხებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ შორის, ხშირად, საერთო ბიზნესიც არსებობს. საქმე გვაქვს ასეთივე ფენომენთან რუსებისა და უკრაინელების შემთხვევაშიც. საქართველომ ყველა საერთაშორისო დონეზე გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები, სანაცვლოდ კიევიდან მიიღო უსაფუძვლო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ საომარი თვალსაზრისით, რატომ არ ვეხმარებით უკრაინას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზები მდებარეობს. საქართველოს ინტერესებში არ არის მეორე ფრონტის გახსნა. მე მხარს ვუჭერ მთავრობის გაწონასწორებულ პოლიტიკას. უნფა გვახსოვდე, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არც ნატოს და არც ევროკავშირის ქოლგა იცავს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, ეს რას შეცვლის საქართველოს ეკონომიკისთვის?

– როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ შემოიღო ცალმხრივი სავიზო რეჟიმი, მაშინ, მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოს, ჩეჩნური შეიარაღებული ბანდები საქართველოდან რუსეთში გადადიოდნენ. ეს არ იყო მართალი. ისინი საზღვარს კვეთდნენ მთაში, რომელიც სუსტად კონტროლირებადია, და არა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში. ჩვენ ასევე ვიცით, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ ეფექტი, როდესაც საქართველოში მოხდა უსიამოვნო ინციდენტი და რუსეთის პრეზიდენტმა დააწესა აკრძალვა ავიამიმოსვლაზე. ამის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო კავშირი არ შეწყვეტილა. მოქალაქეები სომხეთის გავლით მგზავრობდნენ. პირდაპირი ფრენების აღდგენით კი, რუსეთის მოქალაქეებისთვის ცოტათი გამარტივდა მგზავრობა.

რა შეიცვალა ამით საქართველოს მოქალაქეებისთვის?

– ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში დიდია ქართული დიასპორა. საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ნათესავები ჰყავთ რუსეთში, მათ ცოტათი შეუმსუბუქდათ მგზავრობის პირობები. თუმცა, საეჭვოა, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები იქ ახლა სამუშაოდ მიდიოდნენ. ამ მხრივ უვიზო რეჟიმი ჩვენთვის პრაქტიკულად დიდ არაფერს ცვლის. ქართულმა ოპოზიციამ შანსი არ გაუშვა ხელიდან და დაიწყეს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები. დაიწყო დესტაბილიზაციის ახალი ტალღა, როგორც კი, გაუქმდა რუსეთთან სავიზო რეჟიმი და არდგა ფრენები. ამ ფონზე თავად გავრილოვმაც გააკეთა განცხადება, რომ ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და მოინახულებს თავისი წინაპრების საფლავებს. მაინც და მაინც ახლა რატომ გაახსენდა თავისი წინაპრები? მან ხომ იცის, რომ მის ნებისმიერ სიტყვას ქართული ოპოზიცია უარყოფით კონტექსტში გამოიყენებს? რას ემსახურება გავრილოვის ეს განცხადება იმის გარდა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი?

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყოდა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე?

– ეს ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მორიგი საბაბი შეიძლება გამხდარიყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში მიდის „სასურსათო ომი“. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებამდე, ეს ორი ქვეყანა ერთად ხორბლის მსოფლიო ექსპორტის 25%-ს ახორციელებდა. აღმოჩნდა, რომ ომის გამო, ხორბლით დატვირთულმა უკრაინულმა გემებმა ვერ დატოვეს თავიანთი პორტები. ისინი დაბლოკეს რუსულმა სამხედრო გემებმა და მხოლოდ, თურქეთის ხელისუფლების და გაეროს ჩარევით გახდა შესაძლებელი მოსკოვის დათანხმება, რომ უკრაინულ გემებს ხორბალი გაეტანათ მესამე ქვეყნებში. თავად რუსეთმა მთელი რიგი ქვეყნების მიმართულებით აკრძალა ხორბლის ექსპორტი, ხოლო ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიმართულებით ექსპორტი მნიშველოვნად გააძვირა. არ არის გამორიცხული, მაგალითად, რომ თბილისს უარი რომ ეთქვა პირდაპირ ავიარეისებზე, ამას შესაძლოა, მოჰყოლოდა რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეზღუდვა. შედეგად ისევ და ისევ საქართველოს მოსახლეობა დაზარალდებოდა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო ატარებს უკრაინელი ხალხის დახმარების პოლიტიკას. თბილისსა და ბათუმში გახსნილია სკოლები უკრაინელი ბავშვებისთვის, უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. ამავე დროს, ხელისუფლება ცდილობს არ გაართულოს ურთიერთობები რუსეთთან, თანაც იმის ფონზე რომ თბილისი ასევე ცდილობს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს ხომ არ შეუშლის რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა?

– საქართველო არ არღვევს, არც ერთ საერთაშორისო სანქციას, რაზე უნდა მოედავონ? უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ინტერნეტში გადავამოწმე, აქვს თუ არა კიშინიოვს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები? აღმოჩნდა, რომ აქვს. არც უკრაინის მოქალაქეებისთვის დაუწესებია კრემლს სავიზო რეჟიმი, მათ თავისუფლად შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა. უფრო მეტიც, უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ნებართვის გარეშე, ისისვე როგორც რუსეთის მოქალაქეებს დასაქმდნენ რუსეთში. რატომღაც ეს არავის აწუხებს, არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონში. მაგრამ, როცა საქართველო ცდილობს, არ გაართულოს ურთიერთობა რუსეთთან, ეს იწვევს გაღიზიანებას – ბრიუსელსაც უნდა ესმოდეს საქართველოს მნიშვნელობა კავკასიაში!

შორენა პაპაშვილი