ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენი პლანეტის მოსახლეობას Covid-19-ის მეორე ტალღისთვის ამზადებს. მსოფლიო პანდემიის გავრცელების გეოგრაფიის შესაბამისად საქართველომ თითქმის ზედმიწევნით თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა საქართველოს მოსახლეობას პირველივე დღეებიდან განუცხადეს, რომ ამიერიდან Covid-19-თან ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ამას უნდა შევეგუოთ, გამოვიმუშაოთ ახალი ჩვევები და ზოგი რამ ძველი, დავივიწყოთ. შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე – Stopcov.ge, კორონავირუსით ინფიცირებულთა განმსაზღვრელი ყოველდღიური სტატისტიკა, თუ მანამდე ერთნიშნა ციფრში გამოისახებოდა, უკვე 2-ნიშნად იქცა და ყოველდღიურად 25-35 ახალი ინფიცირებულის შესახებ გვატყობინებენ.

შეგახსნებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით 27 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 883 529, ხოლო 18 მილიონზე მეტი განიკურნა. საერთო სურათში საქართველო შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა პატარა ქვეყნისთვის ესეც ბევრია. დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. 1325-ზე მეტი განიკურნა, გარდაცვლილია – 19.

ლევან რატიანი

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, Covid-19 არ უნდა იქცეს დაშინების იარაღად და თანამედროვე მედიცინას მასთან ბრძოლა შეუძლია, მეტ-ნაკლებად შესწავლილია მისი ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მის დასამარცხებლად სამკურნალო-საწამლო საშუალება და ვირუსი ცირკულირებს, ქართველი ექიმები მას სიმპტომური მკურნალობით ებრძვიან.

“თუ დავინფიცირდით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად განვითარდება პოლიორგანული უკმარისობა და გარდავიცვლებით. ყველაზე მძიმე პაციენტები, სწორედ ჩვენმა კლინიკამ გაატარა. სამწუხაროდ გვაქვს ლეტალური შედეგებიც. გასათვალისწინებელია, რომ სხვა დაავადებებიც კლავს ადამიანს. განვეწყოთ ისე, რომ ეს დაავადება არ არის მკვლელი და დადგება დრო, როდესაც ყველაფერი იქნება კარგად”, – ასეთია ლევან რატიანის რეკომენდაცია.

კორონავირუსის მეორე სავარაუდო ტალღის მოლოდინში საქართველოში სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადებიან. იყო საუბარი ონლაინგაკვეთილების დანერგვაზეც, საბოლოოდ გაკვეთილების ჩატარების გარკვეული შემუშავდა, თუმცა, რამდენად ეფექტიანი იქნება ის, დრო გვიჩვენებს. 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, კორონავირუსმა სასწავლო პროცესი მთლიანად ჩაშალა და სკოლის მოსწავლეების საბოლოო შეფასებები წინა სემესტრის შედეგებს დაეყრდნო.

სკოლები მოსწავლეებს ახალ წესებსა და ვალდებულებებს აცნობენ: დაიცვან ჰიგიენის წესები; ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ, იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;​ დახველებისა და დაცემინების დროს აიფარონ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი; მოერიდონ ხელების თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას; სწავლების პერიოდში მოსწავლეს თმა მჭიდროდ უნდა ჰქონდეს შეკრული; იკრძალება სხვისი ნივთების გამოყენება, კალმის, რვეულის თხოვნა და სხვა; ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.

ასევე, მშობელმა ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში, ბავშვი არ უნდა გაუშვას სკოლაში. დროულად გაიყვანონ მოსწავლე სკოლიდან და მიმართონ ოჯახის ექიმს, ან ცხელების ცენტრს. სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი, კლასის დამრიგებელს აცნობონ;

12 გვერდიანი რეკომენდაცია მიიღეს სკოლებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომლის თანახმად, სკოლის დირექცვიას ევალება: დაწესებულების შესასვლელთან განთავსდეს დეზობარიერი;
შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით; სკოლებში საიზოლაციო მიზნებისთვის ცალკე ოთახი უნდა გამოყოს, რომელიც შესაბამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ხელის დეზინფექციისათვის 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები უნდა განთავსდეს: საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი.  სკოლებში უნდა არსებობდეს პირბადეების რეზერვი.

მანანა ნიკოლეიშვილი

ექსპერტი განათლების საკითხებში, მანანა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი კითხვა, რომელიც დღეს უნდა დაისვას არის, ის, არიან კი სკოლები მზად სასწავლო პროცესის დასაწყებად, მაშინ, როდესაც ბევრ სკოლაში არ არის მოწესრიგებული წყალგაყვანილობა, სველი წერტილები, ბუფეტები. მარტი დისტანციის დაცვისა და პირბადეების მოთხოვნა საკმარისი არ არის. გარდა ამისა, იმ პირობებში, როცა სააკაშვილის ხელისუფლების დროს უამრავი სკოლის შენობა გაიყიდა და დღეს, ერთ საკლასო ოთახში 30-40 მოსწავლე ზის, როგორ უნდა მოხერხდეს ამ ბავშვების საგაკვეთილო საათებზე გადანაწილება, მანანა ნიკოლეიშვილისთვის გაუგებარია. მისი აზრით, მთელი დატვირთვა მოვა მასწავლებლებზე, რომლებსაც ერთი და იმავე კლასში, გაკვეთილის რამდენჯერმე ჩატარება მოუწევთ, ეს შრომა კი ხელფასით არ ანაზღაურდება.

“სკოლების 50-60 % არ არის მზად ახალი წესისთვის. სკოლებში 2-3-ცვლიანი სასწავლო რეჟიმიც რომ შემოვიღოთ, ბავშვები კლასებში მაინც ვერ დაეტევიან. მასწავლებლებს მოუხდებათ ერთი და იგივე კლასში გაკვეთილების 2-3-ჯერ ჩატარება, მაგრამ ხელფასების მომატებაზე არავინ საუბრობს. ახალ მასწავლებელს ვერ მოიყვანს დირექტორი, იმიტომ, რომ მას ხელფასი უნდა გადაუხადოს. მართლია მთელი დატვირთვა მასწავლებლებზე მოდის, მაგრამ სწავლის შედეგი იქნება – ნული. ადამიანის ორგანიზმი ვერ გაუძლებს კვირაში 40 საათი გაკვეთილის ჩატარებას”, – განუცხადა Dalma News-ს მანანა ნიკოლეიშვილმა.

იგი აკრიტიკებს გაკვეთილების ხანგრძლივობის 30-35 წუთამდე შემცირების გადაწყვეტილებასაც და არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს.

“მასწვალებლის და ბავშვის სიცოცხლე ჰკიდია ბეწვზე. რა თქმა უნდა, კოვიდვირუსი სკოლებში გავრცელდება, სკოლები ყველაზე ხალხმრავალი ადგილია. ყოველდღიურად მატულობს ინფიცირების შემთხვევები, რამდენიმე დღის წინ 38 შემთხვევა იყო. საერთოდ რას აკეთებდა მთავრობა 6 თვის განმავლობაში, როცა სკოლები დაკეტილი იყო? ფული, რატომ არ გამოყვეს და რატომ არ მოაგვარეს ყველა ეს საკითხი? ვერ გადმოსხდებიან მთავრობის მანქანებიდან და ვერ მიხედავენ სკოლებს? საკუთარ კაბინეტებს რომ იწყობენ, ბავშვებს ვერ გაუკეთებენ სკოლებს? ამ ინფექციამ სკოლებში რომ იფეთქოს, რას ვაპირებთ?!”, – აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.

მისი შეფასებით ონლაინ სწავლება არ არის შედეგის მომტანი.

“ნუ აგვერევა ერთმანეთში სტუდენტებისთვის ჩატარებული ონლაინლექცია და სკოლის გაკვეთილები, როცა ბავშვები პირველად ეცნობიან ამა თუ იმ მეცნიერებას. მთელს მსოფლიოში ფსიქოლოგიური კვლევებია ჩატარებული და დადგენილია, რომ სკოლის ბავშვების მიერ მიწოდებული სწავლების მხოლოდ 20-10 %-ია აღქმადი, განათლების 80- 90% კი იკარგება”.

მანანა ნიკოლეიშვილი მშობლებს ურჩევს სკოლაში არ გაუშვან ისეთი ბავშვი, რომელსაც აქვს გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემისა და სასუნთქი გზების დაავადება, ან ასთმური მოვლენები. ასეთი ბავშვებისთვის, მთავრობას უნდა შემოეღო საოჯახო სკოლები. მსგავსი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა ეპოქაში არსებობდა.

Covid-19 თითქმის მთლიანად შეცვალა მსოფლიო. როგორი გავლენა იქონია მან ჩვენს ცხოვრებაზე და პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინი დამთრგუნველად რომ არ იმოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე? ამ კითხვის Dalma News-მა ცნობილ ქართველ ფსიქოლოგს, ნანა ჩაჩუას მიმართა. მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებაში თავდაპირველად, ყოველთვის უნდობლობა ჩნდება. თითქოს არ სჯერათ პანდემიის. შემდეგ ეტაპზე, უკვე, გადადის საფრთხის შეგრძნებაზე. ადამიანების დიდ უმრავლესობას უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ცხოვრების წესის გარკვეულწილად შეცვლა. იწყება საუბრები, რომ ვირუსი მოგონილია, შექმნილი გარკვეული მიზნისთვის და ა.შ.

ფსიქოლოგის თქმით, ამ ეტაპმა, განსაკუთრებით დედაქალაქში, ძალიან სწრაფად გაიარა.  კარგად იმუშავეს ექიმებმაც და ხელისუფლებამაც. მოდიოდა უწყვეტი ინფორმაცია და მათი წყარო ყოველთვის იყო მითითებული, ჯანმო იძლეოდა რეკომენდაციებს. შუქდებოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა. ამდენად მოსახლეობამ დაიჯერა, რომ “კოვიდ-19” არ იყო ადგილობრივი მიზნებისთვის შექმნილი ფსევდო პრობლემა, ადამიანებს ხელისუფლებისა და ექიმების მხრიდან დაცულობის განცდა გაუჩნდათ.

ნანა ჩაჩუა

რაც შეეხება ადამიანების შინაგან სამყაროს, ნანა ჩაჩუას თქმით, ყველაფერ ცუდს თავისი დადებითი აქვს. ოჯახებში ბავშვებმა მშობლები დაიბრუნეს. ამ პანდემიის დროს, ოჯახის წევრებმა ერთმანეთს შეხედეს. ადამიანებმა აღმოაჩინეს ერთმანეთის უნარ-ჩვევები და საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნეს, რასაც თავადვე არ იცნობდნენ საკუთარ თავში.

“საგანგებო რეჟიმის შემოღებისას ხშირად ამბობდნენ, რომ გახშირდებოდა ოჯახური კონფლიქტები, იქნებოდა განქორწინებები და ა.შ. მე არ ველოდი, რომ ოჯახებში რაიმე გამწვავდებოდა. ადამიანები იმდენად არ იცნობდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს, რომ გაცნობის საშუალება მიეცათ. ურთიერთდაახლოებისა და კონფლიქტის მოხსნისთვის არსებობს ცდისა და შეცდომის გზა. ამ მხრივ კორონავირუსმა ოჯახებისთვის ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა. აქამდე არსებული საოცრად არაქართული, არაკულტურული, არაესთეტიკური ხალხმრავალი სუფრები, ღამის ცხოვრება, გადაჭერილი კაფეები და რესტორნები დროებით აიკრძალა. რაზე საუბრობენ იქ ადამიანები? იქ, ხომ არ არის სალონური, ინტელექტუალური, განსამუხტი სიტუაცია, მასის მომცველი. იყო ზედაპირული, აბსოლუტურად უსაგნო ურთიერთობები”, – ამბობს ნანა ჩაჩუა.

როგორც ფსიქოლოგმა გვითხრა, არ არსებობს ცუდი მომენტები, არსებობს ნებისმიერი მომენტიდან გამოცდილების გამოტანის შესაძლებლობა, რაც მოხდა კიდევ Covid-19-ის შემთხვევაში. ასეთი მომენტები პოზიტიურის გამომხატველი უფროა, ვიდრე ნეგატიურის, იმიტომ რომ საქმე ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს.

“ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ხელისუფლებას აქვს სერიოზული ფუნქცია, თუ ის ღირსეულია და ამას კარგად გააკეთებს. ეს იგივე ომია”, – ამბობს ნანა ჩაჩუა.

Dalma News-ის მთავარ კითხვაზე პასუხად კი ფსიქოლოგი ამბობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა დამთრგუნველად არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ადამიანები ახლა უფრო მომზადებულები შეხვდებიან covid-19-ს, მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ ერთმანეთის მიმართ, საამისო გამოცდილება უკვე არსებობს.

შორენა პაპაშვილი