საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში გიგანტური ჰესების მშენებლობას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ეწინააღმდეგებოდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (შემდგომში საქართველოს პირველი პრეზიდენტი) ზვიად გამსახურდია აქტიურად ებრძოდა ხუდონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობას. 33 წლის წინ, გამსახურდიამ ერთ მთლიანობაში მოაქცია ხუდონჰესის, ნამახვანჰესისა და დავითგარეჯის პრობლემა და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. შედეგად, კომუნისტურმა მთავრობამ უკან დაიხია, საქართველოში შეჩერდა გიგანტური ჰესების მშენებლობა. 33 წლის შემდეგ, პრობლემა კვლავ აქტუალურია, მეტიც, ამჯერად ის გაცილებით მრავალწახნაგოვანი და კომპლექსურია. რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა თითქმის 5 თვეა იბრძვის ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას, არამედ ყურძნის იმ უნიკალურ ჯიშებს, რომლითაც საქართველოს ეს კუთხეა განთქმული.

5-თვიანი ბრძოლის შემდეგ, მოსახლეობის პროტესტი შთამბეჭდავი მასშტაბით წარსდგა ხელისუფლების და თურქული კომპანია “ენკას” წინაშე. 28 თებერვალს, ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული 15 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და რიონის ხეობაში ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა გააპროტესტა. თავითფეხებამდე პოლიტიკურ კრიზისში გადაშვებულ საქართველოში, ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლა იყო, რომელიც, არც ოპოზიციურ და, არც სახელისუფლებო სატელევიზიო არხებს, პირდაპირ ეთერში არ გადაუციათ. უფრო მეტიც, აქციის მონაწილეებისთვის ანტისახელმწიფოებრივად მოქმედთა იარლიყის მიწებებას შეეცადნენ.

აქცია მთლიანად დისტანცირებული იყო პოლიტიკური პარტიებისგან და რამდენიმე გარემოსდაცვითი ორგანიზაციის თაოსნობით ჩატარდა. მიტინგზე გამომსვლელებს, არც ერთი პოლიტიკური მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. მოსახლეობა საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ ხელშეკრულებას და თურქეთისთვის მიწების სამუდამო მფლობელობაში გადასვლას აპროტესტებს. ხალხი პროექტის შეჩერებას და 3-დან 5 წლამდე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს, რათა ყველა დონეზე განიხილონ ჰესის პროექტი და საკანონმდებლო ბაზაში აისახოს ყველას აზრი. მათი მოსაზრებით, აღნიშნული პროექტი საერთოდ არ შეესაბამება ევროსტანდარტებს და ის ვიწრო ინტერესებზეა მორგებული.

“ევროსტანდარტებს კანონმდებლობაში თუ ჩავდებთ, მორატორიუმის შემდეგ, ხელისუფლებას აღარ ექნება ხალხის პროტესტი. ყველგან შეეძლებათ ენერგოობიექტების მშენებლობა. ევროსტანდარტის დონის კანონმდებლობა არის დახვეწილი და ესენი ვიწრო ინტერესებს ვეღარ გაატარებენ”, – აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.

მოსახლეობამ ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცა გაცემული ნებართვისა და ლიცენზიის გასაუქმებლად. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 14 მარტიდან პერმანენტული აქციების დაწყებას გეგმავენ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა მოსახლეობის მჯდომარე აქცია. რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები უწყვეტად მორიგეობენ, მკაცრი ზამთრის პირობებში ღია ცის ქვეშ ღამეებს ათენებენ და თურქულ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების განახლების საშუალებას არ აძლევენ. ამ ხნის განმავლობაში თანამოქალაქეების პროტესტი პოლიციამ, რამდენჯერმე დაშალა.

როგორც პროტესტის ერთ-ერთი აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, ტერიტორია, სადაც ნამახვანჰესის კასკადი უნდა აშენდეს, ფარავს ლეჩხუმის ტერიტორიის 80 % -ს. ლეჩხუმი, თავისი საცხოვრებელი გარემოთი, სასოფლო სამეურნეო მიწებით, ტყის მასივით წყლის ქვეშ ექცევა. მოსახლეობის ძირითადი პროტესტი მოჰყვა კლიმატურ ზემოქმედებას, რასაც იწვევს 2 გიგანტური – 110 და 55 მეტრიანი კაშხალი.

“ლეჩხუმში გვაქვს მიკრონოზები, სადაც მოდის ტვიშის ცოლიკაური, არის უსახელაურის მიკროზონა. პროექტი, კლიმატური თვალსაზრისით მოქმედებს რაჭაზეც, კერძოდ ხვანჭკარის ზონაზეც. ტვიშის მიკროზონა პირდაპირ ორ კაშხალს შორის ყვება. საკმაოდ ძვირია ჩვენთან ეს ყურძენი, 1კგ 5 ლარი ღირს. კლიმატური თვალსაზრისით ზემოქმედება ძალიან მაღალია, დიდია ტენიანობა. აქედან გამომდინარე, ყურძენს ხარისხი აღარ ექნება. თავიდან ამან მოსახლეობის პროტესტი მნიშვნელოვნად გამოიწვია, მაგრამ, როცა პრობლემის გულში ჩავიხედეთ, უამრავი სხვა პრობლემა დავინახეთ”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

როგორც Dalma News-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ლეჩხუმი სეისმურად აქტიური ზონაა, ძალიან ბევრი მეწყრული უბანია, რომლებიც პერიოდულად აქტიურდებიან. აქ, გზებზე, ხშირად ნახავთ მეწყრის შედეგად მოწყვეტილი კლდის ნაშალს. ადგილობრივები შიშობენ, რომ როცა საგუბარი აშენდება და 160 მლნ კუბი წყალი მეწყრულ-ეროზიულ ქანებს შეუდგება, საფრთხეები კიდევ უფრო გააქტიურდება. კაშხლის დანგრევა არ არის ერთადერთი საფრთხე. უფრო ხშირად, შეგუბებაში ვარდება მოწყვეტილი კლდე და წარმოიქმნება ტალღა, რასაც, შემდგომ ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, რისი მაგალითებიც საკმაოდ ბევრი არსებობს მსოფლიოში.

“ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა ვიცოდეთ, რა მიზნით სხვისდება ჩვენი ქვეყნის მიწები. ხეობის ფარგლებს გავცდით ამ პროტესტში, ეს პრობლემა მინიმუმ დასავლეთს საქართველოს ეხება და მაქსიმუმ მთელს ქვეყანას. ძალიან ბევრი შეუსწავლელი მხარე აქვს ამ პროექტს. არც ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა არ დევს, არც გეოლოგიური, არც სეისმური, ისე არის მშენებლობა დაწყებული”, – აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, საქართველოში, ბოლო 30 წლის განმავლობაში აშენებული ჰესებიდან ზოგი დაინგრა, დიდი უმრავლესობა კი არ მუშაობს იმ სიმძლავრით, რაც თავიდან იყო გათვლილი. მაგალითად, შუახევჰესი, სადაც 6-ადგილას გვირაბი ჩაინგრა, მესტიაჭალაჰესი მეწყერმა დაფარა, დევდორაკის, დარიალის, ბახვის ჰესებში იგივე პრობლემა იყო.

პროტესტის 96 დღეს, გასაიდუმლოებული ხელშეკრულება გამომზეურდა და დღის სინათლეზე გამოვიდა კაბალური ხელშეკრულება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არგუმენტებია: გვჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა და ეს პროექტი არის ამის გარანტი; მეორე – წონადი ინვესტიციაა – 800 მლნ აშშ დოლარი, კოვიდპანდემიის პირობებში ეს ფული გვჭირდება და მესამე – დასაქმება.

პარადოქსული ის არის, რომ ამ ენერგოპოლიტიკის მომხრეა ყველა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობის პროექტები პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას დაიწყო. 2012 წელს, როცა ისინი მრავალპარტიულმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა, მათი ერთ-ერთი დაპირება სწორედ დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა იყო. ეს პუნქტი კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ეწერა, მაგრამ მერე, კოალიცია მარტივ მამრავლებად დაიშალა და ხალხისთვის მიცემული დაპირებების არშესრულებას ახლა ის პარტიები ერთმანეთს საყვედურობენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

როგორც Dalma News-ს უფლებადამცველმა, ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტზე პირველი ხელმოწერა ექსპრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს ეკუთვნის, მას მოსდევენ სხვა პრემიერები გიორგი კვირიკაშვილის ჩათვლით. მიწის თურქული მხარისთვის გადაცემასთან დაკავშირებით განკარგულებას კი, ხელს აწერს ექსპრემიერი გიორგი გახარია. ამ განკარგულების საფუძველზე 605 ჰა მიწიდან, აქედან 381 ჰა პირდაპირი მიყიდვის წესით სამუდამოდ გადადის თურქეთის საკუთრებაში, ყველა სიმდიდრითა და ბუნებრივი წიაღისეულით. ერთი სიტყვით, 800 მლნ აშშ დოლარად თურქეთს მიაქვს საქართველოს წიაღისეული. ამიტომ, აქციის მონაწილეები მოითხოვენ კომპანია “ენკამ” დატოვოს ხეობა. ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ინვესტორ კომპანიას რიონის ხეობაში მხოლოდ ის მიწა გადაეცა, სადაც ჰიდრონაგებობები განთავსდებაო.

როგორც ცნობილია, თურქულ კომპანიას ჯერ მხოლოდ 30 მლნ ლარი აქვს დახარჯული, დანარჩენი 800 მილიონიც არ არის მისი პირადი ბიუჯეტი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უნდა მოიზიდოს. ამას ემატება ის გარანტიები და დაზღვევა, რასაც თურქული მხარე საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს.

ყოფილი დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის რუსული ინტერესით შეფუთვის მცდელობა არის უსაგნო სპეკულაცია. ამ შემთხვევაში, თავად ფაქტია დამაფიქრებელი და მიმანიშნებელი იმაზე, რომ სახეზეა ელიტური კორუფცია. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ, პირადი რისკის ხარჯზე დაზღვეულია, თურქული კომპანიის როგორც ბიზნეს-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური რისკები. გადაცემული ფართის ძალიან დიდი ნაწილი გადაცემული საკუთრების უფლებით, ხოლო დარჩენილი, – აღნაგობის უფლებით ერთი საუკუნით. ამას კანონი ითვალისწინებს და გამოყენებული აქვთ ეს ნორმა, რომლითაც ფაქტობრივად დაუკანონეს “ენკას” რიონის ხეობის უდიდესი მონაკვეთი.

“რაჭის მთიდან ქუთაისამდე მდინარე რიონზე სამი ჰესია განთავსებული – ლაჯანურჰესი და ქუთაისთან ახლოს გუმათი-1, გუმათი-2. სწორედ გუმათსა და ლაჯანურს შორის აშენებენ ამ ჰიდროენერგეტიკულ ​2-საფეხურიან კასკადს, თუმცა თავიდან 3-საფეხურიანი იყო გათვალისწინებული. ეს არის ნამოხვანი და ტვიში. იმის გამო, რომ კომპანიამ თავიდანვე გამოხატა სკეპტიციზმი, რომ შესაძლოა წყლის დებეტი არ ყოფილიყო საკმარისი, მან პასუხისმგებლობა დებეტის საკმარისი, ჰიდროლოგიური პარამეტრების არსებობასთან დაკავშირებით, ამ ხელშეკრულებით სახელმწიფოს აკიდა და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლაჯანურ ჰესის მიერ მოხმარებული წყლის გამო პრობლემები შეექმნება, შენ იღებ ვალდებულებას, რომ მომახმარ წყალს გვერდითი ხეობიდან, მდინარე ცხენის წყლიდან”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ რამდენად რეალისტურია ეს, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მსგავსი რამ თეორიულადაც მარაზმია, არა თუ პრაქტიკაში წარმოსადგენი. გამოდის, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას საინჟინრო დერივაციები იმისთვის, რომ გვერდითი ხეობიდან “ენკას” მიაწოდონ წყალი, რომელსაც კერძო კომპანია ლაჯანური მოიხმარს იქ თავისი მიზნებიდან გამომდინარე.

28 თებერვლის ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დავალებით, მოსახლეობასთან შესახვედრად სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები ჩავიდნენ, თუმცა, ადგილობრივებისგან დაგვიანების გამო საყვედური მიიღეს: ეს შეხვედრა, მანამდე უნდა შემდგარიყო, სანამ ხელშეკრულებები დაიდებოდა! – ასეთია ხალხის განწყობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მოსმენის გამართვა პარლამენტშიც იგეგმება. პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებ, რომ მთავრობა მზად არის საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია იმ კითხვებზე, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

საკითხი, რამაც პოლიტიკური კრიზისის თანაავტორები ერთ პოზიციაზე დააყენა – ნამახვანჰესია. მთელი პოლიტიკური სპექტრი დღეს, ერთ ნაპირზე აღმოჩნდა, მეორეზე კი, ხალხი.

შორენა პაპაშვილი