ბოლო ხანებში საქართველოში მატულობს ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა. პარალელურად მცირდება ევროკავშირის რიგებში საქართველოს ხილვის მსურველთა რიცხვი.

საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაერთიანების იდეას მხარს ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი (27%) უჭერს. ამას ადასტურებს “თანამშრომლობის ევრაზიული ფონდის” მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები.

სოციოლოგიური კვლევების ფარგლებში სულ 2 360 ადამიანი გამოკითხეს. შეკითხვაზე, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში დაუჭერთ თუ არა მხარს რუსეთის ფედერაციის მიერ დაფუძვნებულ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას, დადებითად 27%-მა უპასუხა. გამოკითხულთა 38%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, 12%-მა უპასუხა, რომ საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას რეფერენდუმში, ხოლო 21%-მა უარი თქვა ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემაზე. ადვილი შესაძლებელია, რომ ამ 21%-ს ერთმანეთში ერეოდეს ევრაზიული კავშირი და ევროკავშირი. სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით ქართველ მომხმარებლებს, რომლებსაც ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთში ერევათ.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არის საერთაშორისო ინტეგრაციული ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის  ბაზაზე შეიქმნა და ფუნქციონირებს 2015 წლის პირველი იანვრიდან. ამჟამად ევრაზიის ეკონომკური კავშირის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

საქართველოში იმავე თემაზე, მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვა ამ შემოდგომით, რამდენჯერმე ჩაატარეს. აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორმა საქართველოში ლორა ტორნატონმა ოქტომბერში გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი (31%) მხარს უჭერდა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.  ამ იდეას მხარი არ დაუჭირა 46%-მა, 22%-მა საერთოდ არ იცოდა რა პასუხი უნდა გაეცა, ხოლო 1%-მა თავი შეიკავა პასუხისგან.

საქართველოს ევრაზიულ კავშრში გაერთიანების მთავარი მოტივაცია ქვეყნის მოსახლეობის მესამედისთვის არის: საქართველოს ტერიტორიული მთიანობის  აღდგენის შესაძლებლობა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მხოლოდ 9%-ს მიაჩნია, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლა საქართველოს დაეხმარება საგარეო საფრთხეებისგან თავის დაცვაში, ხოლო გამოკითხულთა 34% დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყანას ხელს შეუშლის დასავლეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაში.

გარდა ამისა, ” ევრაზიული თანამშრომლობის ფონდი” აქვეყნებს არანაკლებ მნიშვნელოვან სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი რამდენიმე წელიწადში 20%-ით შემცირდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უწინდებურად გამოკითხულთა უმრავლესობა (61%) უჭერს მხარს. თუმცა წინა წლებში უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო: 2013 წელს – 78%, ხოლო  2011 – წელს 80%. კვლევების თანახმად გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირი საფრთხეს შეუქმნის ქართულ ტრადიციებს. მსგავსი მოსაზრება 2013 წელს მხოლოდ 30%-მა დააფიქსირა.

ევროკავშირში ვიზების გარეშე

სოციოლოგიური გამიკითხვების ასეთი შედეგების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის  შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, მსგავსი სიგნალი ბრიუსელიდან მიიღეს. საქართველოს ხელისუფლების მეთაური დასძენს, რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. იგი ამაყად დასძენს, რომ სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ საკითხში თავისი მოვალეობების შესასრულებლად, სახელმწიფო უწყებებს შესრულებული სამუშაო მიულოცა და ამით გონივრულად მიაწერა ყველაფერი საკუთარ დამსახურებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი

“დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი რაც საქართველოს მთავრობას მოეთხოვებოდა, შესრულდა. ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი  ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო, მანამდე, რატომღაც არავის უფიქრია ამაზე. მოლდოვამ ეს შედარებით უფრო ადრე დაიწყო და მას უკვე აქვს უვიზო რეჟიმი. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენც მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას. შემდეგ კი ევროკავშირის 28 წევრი-ქვეყანა დათანხმდება ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ძალიანაც ნუ იჩქარებთ ევროკავშირში!

საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი (რომელიც ამ დღეებში თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა) საქართველოს ევროპული პერსპექტივების შესახებ საუბრისას ფრთხილად აფიქსირებდა თავის პოზიციას და მიანიშნებდა, რომ ევროკავშირის კარი უწინდებურად დახურულია, თუმცა კუშნერი მაინც ირწმუნება, რომ საქართველო (ოდესღაც) აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი
საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი

საფრანგეთის ყოფილი მინისტრი რა თქმა უნდა, “მიესალმება” საქართველოს ევროკავშირში შესვლას, მაგრამ რატომღაც ურჩევს, არ იჩქაროს: “შეხედეთ, 28 ქვეყანამ ერთად ვერ მოვაგვარეთ საერთო პრობლემა დევნილებთან დაკავშირებით. ჩემი რჩევა ასეთია: თავად მოამზადეთ საკუთარი თავი საქართველოში და შემდეგ გადახედეთ. მთავარია, თქვენ იყოთ ამისთვის მზად. ის 28 ქვეყნისგან შემდგარი დიდი მანქანაა.   ცხადია მივესალმებით თქვენს ევროკავშირში შესვლას, თუმცა თავდაპირველად ჯერ კანდიდატის რანგში მოგიწევთ ყოფნა, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირის წევრი გახდებით”.

რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება?

რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარების ახალი საძირკველის ჩაყრის თარიღი, ალბათ, 2012 წლის ოქტომბერია, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მაშინ “ქართული ოცნების” პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი იყო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარება, რადგანაც ეს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნაა.

მხარეებმა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. შედგა  ქართულ-რუსული დიალოგი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ კარასინისა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის ფარგლებში. ამ ფრომატით შესაძლებელი გახდა მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგი, ეკონომიკური კავშირების აღდგენა, რაც ძალზედ მნიშნელოვანი იყო ქართული ეკონომიკისთვის. განახლდა რეგულარული ავიაკავშირები, გაძლიერდა ტურისტების ნაკადი. ვიღაცას შესაძლოა ეგონოს, რომ ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთიერთობები ნულიდან დაიწყო.

ამ დღეებში პრაღაში შედგა მორიგი შეხვედრა კარასინსა და აბაშიძეს შორის, სადაც  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციაზე იმუშაოს: “რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ მზად არის შემდგომშიც იმუშაოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთს სტუმრობენ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე”,- ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.

რუს დიპლომატს მიაჩნია, რომ რუსეთმა და საქართველომ ერთობლივი ძალისხმევით სამ წელიწადში მიაღწიეს, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის 5-7 წლიანი “საშინელი ჩიხიდან” გამოსავალს. ქართველი კოლეგის ზურაბ აბაშიძის სიტყვებზე დაყრდნობით კარასინმა დასძინა, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 70% რუსეთთან საქმიანი დიალოგის გაგრძელების მომხრეა. თუმცა ქართული ოპოზიცია უწინდებურად ცდილობს ხალხში ანტირუსული განწყობის გაღვივებას.

“ძალზედ მნიშვნელოვანია,რომ რუსები საქართველოს აღარ აღიქვამდნენ  არამეგობარ უცხო ქვეყანად. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და ხალხს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება სურთ და ამ მიმართულებით მუშაობა მოთმინებით კვლავაც გაგრძელდება,”- ამბობს კარასინი.

დღესდღეისობით თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა სირთულეების გარეშე წესრიგდება, თუმცა, გასაგებ პრაგმატულ საფუძველზე. პირველი ნაბიჯები ხანგრძლივ და რთულ გზაზე უკვე გადადგმულია. იმედია, დანარჩენი ნაბიჯები უფრო პტოდუქტიული იქნება.

რას უნდა ველოდოთ და შედეგად რას გამოიღებს 2016 წლის მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა? ამას უკვე დრო გვიჩვენებს…

ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა მთავარ მოქმედ პირს – ერს ეკუთვნის.

გიორგი ასათიანი, სპეციალურად Dalma News-სთვის.